საბერძნეთში, კრეტაზე დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რას ამბობენ სეისმოლოგები? (ვიდეო)

კუნძულ კრეტაზე დღეს, 22 მაისს, დილით 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კრეტის სანაპიროსთან, ზღვის ზონაში იყო, ლასიტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნეაპოლისიდან 56 კილომეტრის დაშორებით.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:19 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრის სიღრმე – 60,3 კმ.
კერის დიდი სიღრმის გამო მიწისძვრა განსაკუთრებით იგრძნობოდა კრეტის უმეტეს ნაწილში, კასოსსა და კარპატოსზე და ეგეოსის ზღვის არქიპელაგების – კიკლადების და დოდეკანესის სხვა კუნძულებზე. მიწისქვეშა ბიძგები ატიკის, მათ შორის, ათენის მაცხოვრებლებმაც იგრძნეს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას მოჰყვა 2,7 მაგნიტუდის მიწისძვრა იმავე რაიონში, რამდენიმე წუთში კი – 3,1 მაგნიტუდის კიდევ ერთი ბიძგი.
ტელევიზია ERT-ის ეთერში საბერძნეთის სეისმოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სეისმოლოგმა ეფთიმიოს ლეკასმა აღნიშნა, რომ ეპიცენტრი ზღვაში იყო, რაც დადებითი მომენტია და, სავარაუდოდ, ცუნამის საშიშროება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს გაფრთხილება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ არ იცის, არის თუ არა რაიმე დაზიანება ტერიტორიაზე.
ლეკასის თქმით, მიწისძვრის კერის საკმაო სიღრმის გამო ძნელია მისი გადატანა ზედაპირზე, აფრიკისა და ევროპის ფილების შეერთების ადგილას, რამაც წარსულში ძლიერი მიწისძვრები გამოიწვია; ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი მიწისძვრა არ არის დაკავშირებული სანტორინთან, სადაც ბოლო პერიოდში ძლიერი მიწისძვრები მოხდა (ბოლოს 13 მაისს – 4,6 მაგნიტუდის).
როგორც სეისმოლოგმა აკის ცელენტისმა Sky-სთან საუბრისას განაცხადა, ალბათობა, რომ დღეს დილით მომხდარი მიწისძვრა მთავარია, ძალიან მაღალია. მისი შეფასებით, შემდგომი ბიძგები, ე. წ. აფტერშოკები, ნაკლები სიმძლავრის იქნება, მაქსიმუმ 5 მაგნიტუდის რიხტერის სკალით.
სიტიის მერის, გიორგოს ზერვაკისის თქმით, რომელმაც Sky-სთან ისაუბრა, მუნიციპალიტეტის სკოლებს არანაირი დაზიანება არ მიუღია და ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
გასულ კვირაში ამავე რეგიონში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი კასოსის სანაპიროსთან, ზღვის ზონაში იყო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები