იტალიაკულტურასაზოგადოება

2 200-ზე მეტი იტალიელი დააჯარიმეს ფეხბურთის და ფილმების უკანონო ყურებისთვის: როგორ ებრძვის იტალია აუდიოვიზუალურ მეკობრეობას 2025 წელს?

იტალია აგრძელებს მასშტაბურ ბრძოლას სპორტული გადაცემებისა და ფილმების უკანონო სტრიმინგის წინააღმდეგ. მხოლოდ 2025 წლის მარტსა და აპრილში ფინანსურმა გვარდიამ გამოავლინა და დააჯარიმა 2 282 ადამიანი ქვეყნის 80 პროვინციიდან, რომლებიც იყენებდნენ ე. წ. pezzotto-ს – მოწყობილობებსა და სერვისებს ლიცენზიის გარეშე საფეხბურთო მატჩების, სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების საყურებლად. ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ ვრცელებს ინფორმაციას.

თითოეულმა მათგანმა მიიღო რეგისტრირებული წერილი, რომლითაც აცნობეს მათ მიერ 1941 წლიდან მოქმედი საავტორო უფლებების კანონის დარღვევაზე და ფინანსური გვარდიის შტაბ-ბინაში გამოცხადებას სთხოვეს.

ჯარიმები 154-დან 5000 ევრომდე მერყეობს, მაქსიმალური ჯარიმა ემუქრებათ მათ, ვისაც განმეორებით დაუფიქსირდება დარღვევა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფინანსური გვარდიის (Guardia di Finanza) მეთაურმა, გენერალმა გაეტანო კუტარელიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს დამრღვევის იდენტიფიცირება სულ რაღაც ორ წუთშია შესაძლებელი. საკმარისია ორი კვალი: IP მისამართი და საბანკო ბარათი, რომელსაც უკანონო სერვისის გამოწერის საფასურის გადასახდელად იყენებენ. ბევრი მომხმარებელი VPN-ის გამოყენებისთვისაც კი არ იწუხებს თავს.

Fapav-Ipsos-ის ანგარიშის თანახმად, იტალიაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი არალეგალური ფასიანი ტელევიზიით სარგებლობს. ეს მოვლენა ყველა სოციალურ კლასსა და ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. Lega Serie A-ს გენერალური დირექტორი ლუიჯი დე სიერვო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მასობრივი მეკობრეობა ქვეყნის მთელ კულტურულ ინდუსტრიას აზიანებს და ლეგალური აბონემენტების ფასების ზრდას იწვევს. „ყველა რომ იხდიდეს, გამოწერის ფასის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნავს იგი.

Agcom-ის კომისარ მასიმილიანო კაპიტანოს თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ არალეგალური სერვისით მოსარგებლე ნებისმიერი ადამიანის ვინაობის დადგენა, მათ შორის, მათიც, ვინც VPN-ს იყენებს. „ეს მოვლენა ამხელს კიდევ ერთ სიცრუეს, რომ მეკობრეობას იმიტომ მიმართავენ ადამიანები, თითქოს ლეგალურად გამოწერის საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა მან და აუდიოვიზუალურ მეკობრეობას „კულტურული კიბო“ უწოდა.

LinkedIn-ზე ბოლო განახლებაში კომისარმა მასიმილიანო კაპიტანომ დაწერა, რომ ამჯერად სულ 2 266 ადამიანი დაჯარიმდა თითოეული 154 ევროთი, რამაც საერთო ჯამში 348 964 ათასი ევრო შეადგინა. ყველა მათგანი „შავ სიაში“ შეიყვანეს. „მათ მიერ pezzotto-ს განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში თითოეულს დაეკისრება 5000 ევროს ოდენობის ჯარიმა და [ამგვარი ქმედება] სისხლისსამართლებრივი შედეგებსაც კი გამოიწვევს“, – გააფრთხილა დამრღვევები კომისარმა.

ითვლება, რომ დღეს იტალიას ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კანონი აქვს აუდიოვიზუალური მეკობრეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ კვლავ ღიად რჩება კითხვა: როგორ არის შესაძლებელი ბალანსის პოვნა კონტენტის ხელმისაწვდომობასა და საავტორო უფლებების დაცვას შორის?

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close