
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დარეგულირების საკითხზე. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოლაპარაკებები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მედიის ინფორმაციით, კრემლსა და თეთრ სახლს შორის მოლაპარაკებებამდე სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპს შორის.
ამერიკულ მხარეს ტრამპსა და პუტინს შორის საუბარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით დონალდ ტრამპის მიერ თავის სოციალურ ქსელ „truth~-ში გამოქვეყნებულ პოსტს:
„ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბარი. მჯერა, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობებზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია“, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, პუტინთან საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო.
„ასე რომ არ ყოფილიყო, ამის შესახებ ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება, რუსეთს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მასშტაბური ვაჭრობა და მეც ვეთანხმები. რუსეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, შექმნას უამრავი სამუშაო ადგილი და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინა შეიძლება გახდეს ვაჭრობის დიდი ბენეფიციარი ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. მე უკვე ვაცნობე ეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს პუტინთან საუბრის შემდეგ განხორციელებული ჩემი ზარის დროს. ვატიკანმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, დაიწყოს პროცესი!“ – წერს დონალდ ტრამპი.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, პუტინმა ტრამპთან საუბარს „გულწრფელი და შინაარსიანი“ უწოდა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას „რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის“ და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „იზიარებს მის პოზიციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
პუტინის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია, „თუ შესაბამისი შეთანხმებები იქნება მიღწეული“. მოსკოვმა და კიევმა „უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ორივე მხარეს მოერგება“. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ ტრამპთან მისი საუბრის დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებს კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
რა განცხადებები კეთდებოდა ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრამდე
საუბრის გამართვამდე რამდენიმე ხნით ადრე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის მიზანია „ამ კონფლიქტის დასრულება“ და დასძინა, რომ ამერიკელი ლიდერი „ორივე მხარისგან [იგულისხმება უკრაინა და რუსეთი – რედ.] დაღლილი და იმედგაცრუებულია“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დიალოგი სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით გაიმართებოდა: „საუბარი მნიშვნელოვანია სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“.
თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმზ დეივიდ ვენსმა ხაზი გაუსვა თეთრი სახლის მიერ ომის დასრულების მიზნით განხორციელებული მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობებს. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ აქ ჩიხში ვართ“, – განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.
17 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა 16 მაისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებას „1000 – 1000-ზე“ ფორმატით სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, ექსპერტების უმეტესი ნაწილის შეფასებით, ნულოვანი შედეგით დასრულდა, თუმზა ზოგიერთ ექსპერტს ასე არ მიაჩნია და არგუმენტად მოჰყავს „კეთილგანწყობილი ტონი“ მხარეებს შორის და ტყვეების მასშტაბური გაცვლის თაობაზე შეთანხმება.
ორი ლიდერის ოფიციალურად გამოცხადებული სატელეფონო საუბრების ქრონოლოგია
„როიტერის“ ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ოფიციალურად გამოცხადებული მესამე სატელეფონო საუბარია. პირველი დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე, 12 თებერვალს გაიმართა. შემდეგ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დაავალა მოსკოვთან და კიევთან დიალოგის დაწყება უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობების თაობაზე.
მეორე ოფიციალურად გამოცხადებული საუბარი 18 მარტს შედგა. კრემლის ინფორმაციით, ის დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ეს ორ ლიდერს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო.
მარტში კრემლისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტრამპსა და პუტინს შორის ოფიციალურად გამოცხადებულზე მეტი სატელეფონო კონტაქტი ყოფილიყო. „როიტერის“ ცნობით, საუბრები უსაფრთხო სატელეფონო ხაზებით მიმდინარეობს თარჯიმნების მონაწილეობით. პუტინი დიალოგისას რუსულად საუბრობს. ვიდეოკონფერენციის ფორმატი მხარეებს ამ დრომდე არ გამოუყენებიათ.
ტრამპმა 17 მაისს Truth Social-ის ეთერში განაცხადა, რომ 19 მაისს ჯერ პუტინს დაურეკავდა, შემდეგ კი – „ნატოს სხვადასხვა წევრს“.
„საუბრის მიზანი იქნება „სისხლისღვრის“ დასრულება, რომლის დროსაც კვირაში, საშუალოდ, 5000-ზე მეტი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, აგრეთვე, საუბრის მიზანი იქნება ვაჭრობა“, – განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე „პროდუქტიული“ იქნებოდა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწევდნენ.
პუტინის გეგმები უკრაინის 4 რეგიონთან მიმართებაში და კონფლიქტის დასრულების მთავარი გამოწვევის არსი
პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსული ჯარები წლის ბოლომდე სრულად დაიკავებენ უკრაინის ოთხ რეგიონს: დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, – ამის შესახებ 19 მაისს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც წყარომ სააგენტოს უთხრა, პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს წარმართავდა იმ რწმენაზე დაყრდნობით, რომ რუსეთი შეძლებს სრული კონტროლის დამყარებას უკრაინის ამ ოთხ რეგიონზე, რომელთა ანექსიის შესახებ მოსკოვმა ომის დაწყებიდან მალევე გამოაცხადა.
„ტასის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის საკითხი განიხილეს.
ამასთან, პესკოვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმის მომზადების ზუსტი ვადები დადგენილი არ არის. მისივე თქმით, მხარეები პროექტებს გაცვლიან და საერთო ტექსტს შეიმუშავებენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ კრემლმა იცის ვატიკანის შეთავაზების შესახებ, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თავის მხრივ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვატიკანში მოლაპარაკებების გამართვა დამატებით წონას და მოტივაციას შესძენდა შეხვედრას ცეცხლის შეწყვეტისა და სისხლისმღვრელი ომის დასრულების საკითხებზე.
როგორც Financial Times-ი ირწმუნება, რომელმაც ტრამპის და პუტინის გუშინდელ დიალოგს რამდენიმე სტატია მიუძღვნა, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს არაორაზროვნად განუცხადა, რომ ამ კონფლიქტიდან დისტანცირებას აპირებს.
აშშ-ის პრეზიდენტს, ასევე, „არ მიუცია დაპირება რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სამომავლო სანქციებთან დაკავშირებით, თუ პუტინი შეწყვეტს მშვიდობის დამყარების მცდელობებს“. ევროპის დედაქალაქებში ახლა არსებობს შიში, რომ „ტრამპმა შესაძლოა პუტინთან გარიგება დადოს, რომელიც დააკმაყოფილებს მის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს და უკრაინის ინტერესებს გაყიდის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით“, – წერს გამოცემა.
„სატელეფონო ზარმა ევროპელების ყველაზე ცუდი შიშები დაადასტურა: პუტინის რწმენებს დაყოლილი აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, მოსკოვისკენ შებრუნდეს და კიევი გაყიდოს“, – ნათქვამია Financial Times-ის კიდევ ერთ სტატიაში.
„ტრამპთან ეს საუბარი პუტინისთვის გამარჯვება იყო. მან ნათლად განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მალე არ მოხდებოდა, ამიტომ რუსეთს შეუძლია ომის გაგრძელება. „ამის მიუხედავად რუსეთზე აშშ-ის დამატებითი სანქციები არ გავრცელდება“, – განაცხადა სტივენ პაიფერმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.
ერთ-ერთმა უკრაინელი მაღალჩინოსანის თქმით, პუტინისა და ტრამპის მიერ განხილული კიევსა და მოსკოვს შორის მემორანდუმის იდეა ბუნდოვანი რჩება. „არავინ იცის, რა არის ეს, რა არის მისი მიზეზი [და] რატომ არის ის მნიშვნელოვანი“, – დასძინა მან.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბრით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის რეალური მიზანი – კრემლი განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მათი შესრულების მტკიცებულებები არ არსებობს. რუსეთი კვლავ არ არის მზად დათმობებისთვის, „ის მხოლოდ საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე საკუთარი, უკვე ნაცნობი პირობებით, როგორიცაა: უკრაინის არგაწევრიანება ნატოში, მის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და კიდევ ბევრი სხვა. ვლადიმირ პუტინი აშკარად აგრძელებს დროის გაყვანას, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
კომენტარები