ქართველი რეჟისორი განგსტერისა და ბანკის მძარცველის, „ახალგაზრდა სტალინის“ შესახებ ტრილერს გადაიღებს

უცხოელი მსახიობების მონაწილეობით ახალი მხატვრული ფილმის გადაღებები თბილისში გაიმართება. ფილმს „ახალგაზრდა სტალინი“ ერქმევა, მასში იოსებ სტალინის როლს ეროვნებით სომეხი ბრიტანელი მსახიობი, პოპულარული სერიალის, „სიოგუნის“ (Shgun, 2024) ვარსკვლავი კოსმო ჯარვისი შეასრულებს. ფილმს გადაიღებს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი. ინფორმაციას „Variety“ ავრცელებს.
ეს იქნება ბიოგრაფიული ტრილერი იოსებ სტალინის ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ ტფილისში. ფილმი ინგლისელი მწერლისა და ისტორიკოსის, საიმონ სებაგ მონტეფიორეს ბესტსელერის, „ახალგაზრდა სტალინის“ მიხედვით იქნება გადაღებული. ის მოგვითხრობს საბჭოთა ლიდერის, როგორც განგსტერისა და ბანკის მძარცველის, ისტორიას რევოლუციამდელ რუსეთში. ფილმის სცენარი გელა ბაბლუანმა და სებაგ მონტეფიორემ დაწერეს.
ფილმის მოქმედება რუსეთის იმპერიაში კრიმინალური სამყაროს ცხოვრებისა და რევოლუციური არეულობის ფონზე ვითარდება. ის იკვლევს სისხლიანი დიქტატორის ადრეულ პერიოდს, რომელმაც მე-20 საუკუნის სახე შეცვალა ტერორის, ომისა და იდეოლოგიის გზით, ასევე, გვიამბობს რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბანკის ძარცვის შესახებ.
როგორც Variety წერს, რეჟისორმა გელა ბაბლუანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ყოველთვის აინტერესებდა ჩრდილში დარჩენილი ისტორიები და, მისი აზრით, სტალინის ისტორია მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „გრძელი ჩრდილია“.
ძირითადი გადაღებები 2025 წლის ივლისში თბილისის ცენტრში დაიწყება. ეს ფილმი უკვე იბრძვის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საერთაშორისო აღიარებისთვის.
ქართველ-ფრანგმა რეჟისორმა გელა ბაბლუანმა, რომელიც ცნობილია ფილმებით – „13 ცამეტი“ და „ფული“, ისტორიული ტრილერის გადასაღებად კონტრაქტი უკვე გააფორმა. მას ლენ ბლავატნიკის Access Entertainment-ი დააფინანსებს. მანამდე იგი იყო ჰოლოკოსტის შესახებ „ოსკარის“ მფლობელი ფილმის „ინტერესთა ზონა“ (რეჟისორი – ჯონათან გლეიზერი) და ცოტა ხნის წინ გამოსული ფილმის – „კონკლავის“ პროდიუსერი.
პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები