
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის ჯო ბაიდენს „პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს, იტყობინება The New York Times-ი ბაიდენის პრესმდივანზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, დიაგნოზი პარასკევს, 16 მაისს დაისვა მას შემდეგ, რაც ექიმებმა ბაიდენი საშარდე გზების პრობლემების გამო გასინჯეს და პროსტატაზე „პატარა კვანძი“ აღმოაჩინეს, რომელიც „შემდგომ გამოკვლევას“ საჭიროებდა. NBC News=ო დასძენს, რომ დაავადება „ძვალში მეტასტაზებით ხასიათდება“.
„გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აღმოაჩნდა პროსტატის კვანძი, რასაც წინ უძღოდა შარდვის სიმპტომების გაუარესება. პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება გლისონის მე-9 ქულით (მეხუთე ხარისხის ჯგუფი) და ძვლებში მეტასტაზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების აგრესიული ფორმაა, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც შესაძლებელს ხდის მის ეფექტიან მართვას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს.
ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტის პოსტს 2021 წლის 20 იანვრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე იკავებდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მას მედიის წარმომადგენლებმა უკვე 2024 წლის ბოლოს შეამჩნიეს გაუარესებული საჯარო გამოსვლების ფონზე.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები