ჯანმრთელობარჩევები

სიარული კიბოს წინააღმდეგ – როგორ შეუძლია მარტივ სიარულს კიბოს 13 სახეობისგან დაგვიცვას

ბევრი ფიქრობს, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებლად მოითხოვს ფიტნესკლუბის წევრობას, ბევრ ფულს, დიდ დროს და გარკვეულ უნარებს, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე! მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს მარტივი და ეფექტიანი გზა, რათა კიბოთი დაავადების რისკები შევამციროთ.

სულ უფრო მეტი კვლევა მოწმობს, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას კიბოს რისკის შემცირება შეუძლია. მათ შორისაა ავტორიტეტული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების – ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა.

ბრიტანეთში 85 000 ადამიანზე ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამ დღეში, მით უფრო მცირდება 13 სხვადასხვა კიბოს განვითარების რისკი.

მკვლევრებმა მიმოიხილეს 13 კონკრეტული სახეობის კიბო, როგორიცაა: საყლაპავის, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის, კუჭის, ენდომეტრიუმის, მიელოიდური ლეიკემია, მიელომა, კოლინჯის, თავის და კისრის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის და ძუძუს სიმსივნე.

კვლევის თითოეული მონაწილე ატარებდა აქტივობის ტრეკერს ( tracker), რომელიც მათი დღიური მოძრაობის რაოდენობას და ინტენსივობას ზომავდა. მკვლევრებმა მონაცემები საშუალოდ ექვსი წლის შემდეგ აიღეს და გაანალიზეს. კვლევის ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა აშკარა მახასიათებელი – მეტი ნაბიჯი ნიშნავს კიბოს დაბალ რისკს იმის მიუხედავად, რამდენად სწრაფია ეს ნაბიჯები.

სარგებელი იწყებოდა დღეში დაახლოებით 5000 ნაბიჯის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ამაზე ნაკლები ნაბიჯი ადამიანისთვის დიდ არაფერი დაცვას წარმოადგენს.

მსუბუქ სიარულს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თქვენს გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. საჭირო არაა ათასობით ნაბიჯის უწყვეტად გადადგმა, დროის რომელიღაც კონკრეტულ მონაკვეთში – გაანაწილეთ ნაბიჯები დღის განმავლობაში: გამოიყენეთ კიბეები ლიფტის ნაცვლად; იარეთ ტელეფონზე საუბრისას; მანქანა დანიშნულების ადგილიდან ცოტა შორს გააჩერეთ, კარგ ამინდში ერთი-ორი გაჩერება (ან მეტი – თუ დრო და შეძლება გაქვთ) ფეხით გაიარეთ და ა. შ.

ჩართეთ თქვენს რუტინაში უფრო მეტი ნაბიჯი, განსაკუთრებით შუახნის ასაკში, რაც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იყოს გარკვეული სახის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.

კიბოს რისკი, ასევე, შეამცირა ჯდომის დროის მსუბუქი ან ზომიერი აქტივობით ჩანაცვლებამ, მაგრამ მსუბუქი აქტივობის ზომიერი აქტივობით ჩანაცვლებას განსხვავებული ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ასე რომ, როგორც ბრიტანელმა მკვლევრებმა დაასკვნეს, ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს, უბრალოდ, მოძრაობას, ნებისმიერი სიჩქარით.

რა თქმა უნდა, ვერცერთი ფიზიკური აქტივობა ვერ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას დაავადებებისგან, მათ შორის, კიბოსგან, მაგრამ რისკის შემცირება ნამდვილად შეგვიძლია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ ქავჟარაძე

დაკავშირებულ თემაზე: აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა – „ფიზიკური პასიურობის პანდემია“ არანაკლებ ვერაგია, …რადგან ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close