მსოფლიოსაზოგადოება

რამდენია რომის პაპის ხელფასი და რა უპირატესობებით სარგებლობს იგი ვატიკანში?

8 მაისს კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური ჩიკაგოში დაბადებული 69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ სახელად ლეო XIV დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული პირველი პაპია. პრევოსტი მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს დროს ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტი იყო, რაც ვატიკანში გავლენიანი თანამდებობაა, რადგან ეპისკოპოსების დანიშვნას აკონტროლებს. 2014 წლიდან 2023 წლამდე კი ის პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად მსახურობდა და კარიერის დიდი ნაწილი, 20 წელზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა, რომლის მოქალაქეობაც აქვს. იგი ავგუსტინელთა ორდენის წევრია, რომელიც XIII საუკუნეში დაარსდა. 2023 წელს ფრანცისკემ რობერტ პრევოსტი კარდინალად დანიშნა, რამდენიმე დღის წინ კი ამ უკანასკნელმა მისი თანამდებობაც დაიკავა.

პაპად არჩევა არა მხოლოდ დიდი პატივი და დაწინაურებაა, არამედ მას ექვსნიშნა ხელფასი და გარკვეული უპირატესობებიც ახლავს თან. გამოცემა Fortune-ის ინფორმაციით, პაპის ყოველთვიური ანაზღაურება 30 000 ევროს (დაახლოებით $33 800) შეადგენს, რაც წელიწადში დაახლოებით $405 600-ს უტოლდება. ამ მონაცემს გამოცემას დანიელ რობერი უზიარებს – პროფესორი Sacred Heart University-დან. შედარებისთვის, პაპის ანაზღაურება აშშ-ის პრეზიდენტის წლიურ ხელფასს უტოლდება და ბევრი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის კანცლერის ანაზღაურების მსგავსია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის ელიტური სკოლების პრეზიდენტების ნაწილი წელიწადში 1.5 მილიონ დოლარამდე საბაზო ხელფასს გამოიმუშავებს, რაც გაცილებით მაღალია ქვეყნის ლიდერისა და პაპის ანაზღაურებაზე, თუმცა, როგორც წესი, აშშ-ის უნივერსიტეტების კანცლერების ხელფასის დიაპაზონი წელიწადში 250 000-იდან 372 000 დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სოლიდურ ხელფასზე უარი თქვა და თანხა გაჭირვებულების დასახმარებლად გაიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაპი ლეო XIV ხელფასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ მას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების მსგავსი ანაზღაურება გამოიმუშაოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ვატიკანში პრივილეგიებითა და შეღავათებითაც ისარგებლებს.

თუმცა პრივილეგიებით მთავრობის ლიდერებიც სარგებლობენ. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტები 400 000 აშშ დოლარის საბაზო ხელფასთან ერთად, წელიწადში მინიმუმ კიდევ 170 000 აშშ დოლარს იღებენ სამსახურებრივი მოვალეობების, მოგზაურობისა და გართობისთვის. პრეზიდენტებს ასევე აქვთ წვდომა Air Force One-ზე, Marine One-ზე და საიდუმლო სამსახურის 24-საათიან დაცვაზე, რაც მათ ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თანხის დაზოგვაში ეხმარება.

რაც შეეხება პაპის პრივილეგიებს, ლეო XIV ვატიკანის მდიდრულ, აპოსტულურ სასახლეში ცხოვრობს, სადაც მისი ყოველდღიური ხარჯები სრულად ფინანსდება. მას აქვს უფასო კვება, ემსახურება პირადი ავტომობილები და, რა თქმა უნდა, Popemobile – პაპის სპეციალური მანქანა, რომლითაც იგი საჯარო ღონისძიებებზე მიემგზავრება.

გარდა ამისა, პაპისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი ვატიკანის კერძო აფთიაქი და სამედიცინო სერვისები – ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დაბოლოს, მომავალი – როცა პაპი პენსიაში გასვლას გადაწყვეტს, ის თვეში €2 500-ის ($3 300) ოდენობის თანხას მიიღებს, თუმცა ვატიკანის მზრუნველობა მხოლოდ პენსიით არ შემოიფარგლება – პაპს სთავაზობენ საცხოვრებელს ვატიკანში და დააფინანსებენ მის ყოველდღიურ ხარჯებს, მათ შორის, კვებასა და საცხოვრებლის მომვლელთა მომსახურებას.

წყარო: forbes.ge

p. s. რაც შეეხება სპეციალისტების პროგნოზებს, როგორი იქნება ახალი პაპის პერიოდში კათოლიკური ეკლესიის გზის მომდევნო ეტაპი და რა იქნება თავად პაპისთვის პრიორიტეტული:

ცნობილია, რომ რობერტ პრევოსტი მათემატიკას და ფილოსოსფიას სწავლობდა, როდესაც ავგუსტინელი ბერი იყო; დაიცვა დისერტაცია რომში კანონიკურ სამართალში, აქედან გამომდინარე საუბრობენ, რომ მას რაციონალური და მოწესრიგებული გონება აქვს.  

თავისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი რობერტ პრევოსტმა პერუში გაატარა, როგორც მისიონერმა, ამიტომ დიდად სარწმუნოა, რომ მან იცის ღარიბების, სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემების შესახებ, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში.

ის ფაქტი, რომ პაპად არჩევის შემდეგ კარდინალმა რობერტ პრევოსტმა სახელად აირჩია ლეო XIV, აგრეთვე, ნიშანდობლივად მიაჩნიათ ექსპერტებს. ბოლო პაპი ამ სახელით იყო ლეო XIII (1878-1903), რომელმაც დაწერა ენციკლიკა Rerum novarum (სიტყვასიტყვით ლათინურიდან ნიშნავს ახალ მოვლენებს, საგნებს), რომელმაც, თავის მხრივ, საფუძველი დაუდო კათოლიკურ სოციალურ სწავლებას. ამიტომ სახელი, რომელიც ახალმა პაპმა აირჩია, მეტყველებს, თუ რაზე სურს პაპს ყურადღების გამახვილება თავისი პაპად მსახურების პერიოდში: კერძოდ, ეს არის სოციალური სამართლიანობის იდეა, მიაჩნია ვატიკანის საკითხებში ზოგიერთ ექსპერტს. 

„ლეო XIII იყო მშრომელთა პაპი, პირველი ტექნოლოგიური რევოლუციის პაპი. დღეს კი ჩვენ საქმე გვაქვს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ რევოლუციასთან: ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები. ლეო XIII-მ თავის დროზე გახსნა ეკლესია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, გამოხატულად იყო მასონობის წინააღმდეგ.

რობერტ პრევოსტი, როგორც ვთქვით, აშშ-ში დაიბადა, ჩიკაგოში და თუმცა მას იტალიური და ფრანგული ფესვები აქვს, მისი გვარი (Prevost) წარმოითქმის არა, როგორც „პრევო“, ფრანგული მანერით (ფრანგულში, მოგეხსენებათ, სიტყვის ბოლოში თანხმოვნები არ იკითხება), არამედ, როგორც „პრევოსტი“ – ამერიკულად. უეჭველია, რომ ახალი პაპი კარგად იცნობს ეკლესიას შტატებში, მის მახასიათებლებს, პრობლემებსა და მოლოდინებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი პონტიფიკოსის არჩევას ამერიკისთვის „დიდი პატივი“ უწოდა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის მასთან შეხვედრას. აქვე გავიხსენებთ ერთ საინტერესო ფაქტს – ახალი პონტიფიკოსის არჩევამდე, 4 მაისს ტრამპის სოციალურ ქსელ  truthsocial-ში, მისივე გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტი პაპის სახით გამოჩნდა, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. პოსტი განათავსეს თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე X-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში, თუმცა მეორე დღეს nbcnews-თან ტრამპმა განაცხადა, რომ ვიღაცამ იხუმრა და ფოტოსთან თვითონ კავშირი არ აქვს. უფრო ადრე ტრამპმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, რომ „თვითონ ენდომებოდა რომის პაპად გახდომა“.

დავუბრუნდეთ პრევოსტის არჩევას – ბევრ ექსპერტს, მათ შორის, პოლონეთში მიაჩნია, რომ თეთრ სახლში  საეჭვოა ნამდვილად გახარებოდათ პრევოსტის პაპად არჩევა, თუნდაც იმიტომ,  რომ კარდინალად ყოფნისას იგი მიგრანტებს იცავდა. 

მართალია პონტიფიკოსი აშშ-შია დაბადებული, მაგრამ ის ადამიანი არ არის, რომელიც ვაშინგტონს ენდომებოდა პაპის პოსტზე. პოლონელი სენატორის, გჟეგოჟ სხეტინის თქმით, ლეო XIV-ს ცოტა რამ აკავშირებს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან.

„კარდინალობისას მას თავი შორს ეჭირა საგარეო პოლიტიკისგან, საიმიგრაციო პოლიტიკისგან, დევნილებთან დაკავშირებულ პოლიტიკისგან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არჩევა არ შეგვიძლია რამენაირად დავუკავშიროთ ტრამპის პრეზიდენტობას. უფრო პირიქით“, – ამბობს პოლონელი სენატორი. 

ლეო XIV-მ უკვე პირველი წუთებიდან ნათლად თქვა, როგორც ხედავს ეკლესიას, აგრეთვე, თავის, როგორც პონტიფიკოსის, როლს. მისი პროგრამის პირველი პუნქტია მშვიდობა.

როგორც რომის ეპისკოპოსმა, თავის პირველ საკვირაო სიტყვაში 11 მაისს, შუადღისას წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებს ომების დასრულებისკენ მოუწოდა:

„მივმართავ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, ვიმეორებ ჯერ კიდევ აქტუალურ მოწოდებას: არა ომს! გულით ვატარებ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. მოდი, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ხელგვეწიფება, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ნამდვილ, სამართლიან და მტკიცე მშვიდობას. ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ ოჯახებში დაბრუნდნენ“.

ჩვეულებრივ ადამიანებს, მორწმუნეებს მიაჩნიათ, რომ ლეო XIV კარგი პაპი იქნება. ქუჩის გამოკითხვისას ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე თუ პოლონეთში, აგრეთვე, უბრალო საუბრებში ადამიანები გამოთქვამენ იმედს, რომ იგი კარგი პაპი იქნება: მას კეთილი თვალები აქვს, თავმდაბალი ადამიანია, რომელიც აქცენტს ხალხისა და ეკლესიის სამსახურზე აკეთებს. 

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close