მზე „ცუდად“ იქცევა – მნათობზე 2025 წლის უდიდესი ამოფრქვევა მოხდა, მოსალოდნელია ცვლილებები მაგნიტური შტორმების კალენდარში
კარგი ამბავიც გვაქვს - მეცნიერები მომდევნო 2 წლის განმავლობაში მზის აქტივობის შემცირებას პროგნოზირებენ

14 მაისს მზეზე X2.7 კატეგორიის ამოფრქვევა მოხდა, რომელიც 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე ძლიერი იყო. ეს, სავარაუდოდ, მაგნიტური შტორმების თვის კალენდარში ცვლილებებს გამოიწვევს.
გამოტყორცნა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეცნიერებს მისი დაკვირვება კორონოგრაფების გარეშეც კი შეეძლოთ, თუმცა ამოფრქვეული ნივთიერების მიმართულების პროგნოზირება ჯერ კიდევ შეუძლებელია.
სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მასშტაბური ამოფრქვევები იშვიათია. მზის აფეთქებები რენტგენის გამოსხივების ინტენსივობის მიხედვით ხუთ კატეგორიად იყოფა: A, B, C, M და X. X კლასი მოიცავს ზეძლიერ აფეთქებებს, რომლებსაც ძლიერი გეომაგნიტური შტორმების გამოწვევა შეუძლიათ, თუმცა ამჯერად აფეთქების ადგილმდებარეობა მზე-დედამიწის ხაზიდან დაახლოებით 70 გრადუსითაა გადახრილი.
ექსპერტების აზრით, ამ ადგილას ამოფრქვევა ჩვენი პლანეტისთვის საკმაოდ უსაფრთხოა, მაგრამ დიდი მასის ამოტყორცნის შემთხვევაში მზის მატერიის ნაკადები შესაძლოა დედამიწას მაინც მოსწვდეს, სავარაუდოდ, პარასკევს.
14 მაისს სხვა ამოფრქვევაც მოხდა. ეს უფრო სუსტი, M7.74 კატეგორიის მოვლენა იყო, თუმცა მზის ეს ლაქა დედამიწის პირისპირ მომდევნო კვირაში მოექცევა, ამიტომ შესაძლოა, მომავალი კვირაც გეომაგნიტურად აქტიური გამოდგეს.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ მეცნიერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში მზის აქტივობის შემცირებას პროგნოზირებენ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები აფეთქებები და მაგნიტური შტორმები იქნება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები