ვიდეოკრიმინალისაბერძნეთი

აფეთქება თესალონიკის ცენტრში, დაიღუპა ახალგაზრდა ქალი (ვიდეო)

თესალონიკის ცენტრში, დახურულ ავტოსადგომთან 3 მაისს, გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, აფეთქების შედეგად ძლიერი დაზიანებები მიიღო. იგი რეანიმაციაში მოათავსეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. 

ავტოსადგომი პლატონოსის ქუჩაზე მდებარე ბანკის ქვეშაა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ როგორც „პროტო თემა“/Πρώτο Θέμα წერს, გვერდით მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინადართ ძლიერი მიწისძვრა ეგონათ.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა მტვერმა საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულამდე მიაღწია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და მეხანძრე-მაშველები. გამოძიებას პოლიცია ძაღლების დახმარებით აწარმოებდა. აფეთქებამ მატერიალური ზიანი მიაყენა მეზობლად მდებარე მაღაზიებს და ავტომობილებს.

დაზარალებული 38 წლის ქალი კლინიკა „ჰიპოკრატეში“ გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ERT-ს ინფორმაციით, ქალს ფეხი მოკვეთეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული საავადმყოფოს რეანიმაციაში გარდაიცვალა.

როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი ქალი შემთხვევით არ ყოფილა ინციდენტის ადგილზე – სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ იგი პოლიციისთვის უკვე იყო ცნობილი და უსაფრთხოების სამსახურებს მასზე მეთვალყურეობა ჰქონდათ დაწესებული ძარცვისა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების ეჭვის საფუძველზე.

პოლიციამ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან დაადგინა, რომ ქალი შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა, იგი ბანკომატთან მიდიოდა და ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა ეჭირა.

ანტიტერორისტულმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სახლში თესალონიკში, სადაც ბოლო დღეებში 38 წლის ქალი ცხოვრობდა. ΕΛΑΣ-ს ცნობით, ლადადიკაში მოკლე ვადით დაქირავებულ ბინაში აღმოაჩინეს დიდი სიძლიერის ასაფეთქებელი ნივთიერებები, 8 დეტონატორი და მცირე რაოდენობით ტროტილი.

ΕΡΤ-ს ინფორმაციით, პოლიცია ამჟამად ამუშავებს ვერსიას, რომ იყო ბანკომატიდან ფულის მოპარვის მცდელობა მასში ასაფეთქებლის მოთავსების გზით. როგორც ვარაუდობენ, მოწყობილობა ქალს ხელში აუფეთქდა, თუმცა არც სხვა ვერსიებს გამორიცხავენ – შესაძლოა პოლიციას ჰყავს უფრო დიდი სამიზნე, რადგან საუბარია ძალიან მძლავრ დეტონატორზე. ასაფეთქებელი ნივთიერების სახეობას ქიმიური ექსპერტიზა დაადგენს.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close