ესპანეთმა უცხო ქვეყნებში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების პირდაპირი რეგისტრაცია აკრძალა

ესპანეთის მთავრობამ უცხო ქვეყნებში თავის საელჩოებს და საკონსულოებს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია აუკრძალა. რეგულაცია ხუთშაბათიდან, პირველი მაისიდან შევიდა ძალაში და რეგისტრაციის მიმდინარე პროცესები გააუქმა – სუროგაციის გზით დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვების რეგისტრაციის შესახებ განხილვის პროცესში მყოფი განაცხადები აღარ დამუშავდება.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ისინი, ვინც ესპანეთში აკრძალულ ამ პრაქტიკას მიმართავს, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის რეგისტრაციის გაფორმებას მხოლოდ ბიოლოგიური ნათესაობის დადასტურების ან შვილად აყვანის გზით შეძლებენ.
იმისათვის, რომ წყვილმა განაცხადი წარადგინოს საზღვარგარეთ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთან ბიოლოგიური ნათესაობის დასადგენად, განმცხადებლები უნდა ჩავიდნენ ესპანეთში ბავშვთან ერთად და ჰქონდეთ შესაბამისი პასპორტი, ისევე როგორც ნებართვები იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, სადაც ბავშვი დაიბადა. ჩასვლისთანავე ნათესაობის დადგენა მოხდება ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, დადგინდება ბიოლოგიური ნათესაობა „სავარაუდო მშობლებიდან“ ერთ-ერთთან მიმართებაში და „შემდგომ შვილად აყვანა, როდესაც საკმარისი გარანტიებით არის დადასტურებული ოჯახის ერთობა“.
ახალი ინსტრუქცია აუქმებს 2010 და 2019 წლების ინსტრუქციებს, რომლებიც არასრულწლოვანების საკონსულო აღრიცხვაზე პირდაპირი წესით აყვანის პირობებს ადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია, თუმცა მოქალაქეები აკრძალვას უცხო ქვეყნებში სუროგატი დედების აყვანითა და ბავშვების საზღვარგარეთ დარეგისტრირებით უვლიან გვერდს.
სუროგაცია ესპანეთში 2006 წლიდან არის აკრძალული. თუმცა წლების განმავლობაში ესპანელი წყვილები სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს სხვა ქვეყნებში წარმატებით არეგისტრირებდნენ. ესპანეთის მთავრობის ცნობით, 2024 წელს ესპანეთის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეესტრში დაარეგისტრირეს 154 ბავშვი, რომლებიც სუროგაციის გზით ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიბადნენ.
გასული წლის დეკემბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროცედურა არალეგალურია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სუროგაციის კანონმდებლობა გაამკაცრა იტალიამაც, სადაც ეს პრაქტიკა კანონით 2004 წლიდან აკრძალულია. გასულ წელს კანონს ერთი აბზაცი დაემატა, რომელიც ადგენს, რომ თუ იტალიის მოქალაქე წყვილები სუროგაციას საზღვარგარეთ მიმართავენ, კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: თუ იტალიის მოქალაქე სუროგაციას საზღვარგარეთ მიმართავს, დაისჯება – სენატმა ახალი კანონი მიიღო
თუ იტალიის მოქალაქე სუროგაციას საზღვარგარეთ მიმართავს, დაისჯება – სენატმა ახალი კანონი მიიღო
კომენტარები