მსოფლიოპოლიტიკაnews

აშშ-მა ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას უკრაინასთან წიაღისეულთან დაკავშირებით

შეთანხმება ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას

აშშ-მა და უკრაინამ 30 აპრილს ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იუწყება. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თებერვლის პირველი ნახევრიდან მიმდინარეობდა და რამდენჯერმე ჩაიშალა. პაუზის შემდეგ, რომელიც თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის უთანხმოებას მოჰყვა, მოლაპარაკებები მარტის ბოლოდან ისევ გაგრძელდა და უკრაინის მხარემ დაარწმუნა ამერიკის მხარე, რომ უარი ეთქვა ყველა მოთხოვნაზე, რომელიც უკრაინის მიერ დასახელებულ წითელ ხაზებს კვეთდა, მათ შორის, ტრამპმა უარი თქვა უკრაინისგან ე. წ. „ვალის“ ამოღებაზე. 

„30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. … როგორც პრეზიდენტმა [ტრამპმა] განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და უკრაინის მთავრობაც მოუთმენლად ელოდებიან ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.

თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ – უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“, – წერს სვირიდენკო.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია:

„1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში;

2. აშშ-ისა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით;

3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში;

4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.

შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.

ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.

„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“, – აღნიშნა სვირიდენკომ.

ხელშეკრულებაში ნათლად არის გაწერილი გარანტიები, რომ ის არ შეუშლის ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშირში. აგრეთვე, ამოღებულია ყველა დებულება, რომლებიც წიაღისეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების უკრაინის სახელმწიფოს მიერ კონტროლის დაკარგვის საფრთხეს ქმნიდა.

ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია  57 სახეობის წიაღისეული, მათ შორის, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მიწის იშვიათი მადანი, ძვირფასი და ე. წ. ფერადი ლითონები. ამ შეთანხმებას არ ექვემდებარება რკინის მადანი, ქვანახშირი, გრანიტი, ადგილობრივი მნიშვნელობის მასალები (როგორიცაა ქვიშა, დაფქული ქვა და ა.შ.) – რა თქმა უნდა, თუ უკრაინა და აშშ არ მოისურვებენ სიის შეცვლას გარკვეულ მომენტში (აშშ ამას დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად ვერ შეძლებს).

შეთანხმების „ძრავა“ უნდა იყოს აშშ-ისა და უკრაინის მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდი.

მომავალში უკრაინა ამ ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს ყველა საიჯარო გადასახადს, სალიცენზიო გადასახადს და თანხებს, რომლებიც ბიუჯეტში შევა პროდუქციის განაწილების შეთანხმების შესაბამისად. საუბარია მხოლოდ ახალი საბადოებიდან შემოსავლებზე, რომელთა დამუშავებას უკრაინა დაიწყებს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.

ხელმოწერილ 12-გვერდიან შეთანხმებაში ჯერჯერობით არ არის ნახსენები, სად და როგორ დაიხარჯება ფონდის თანხები. ეს საკითხი გაწერილი იქნება „ტექნიკურ შეთანხმებებში“, რომელთა შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა ცნობილია, რომ ხარჯების მთავარი მიმართულება იქნება უკრაინის აღდგენის პროექტებში რეინვესტირება, აგრეთვე, თანხების დაბრუნება დამფუძნებლებისთვის, ანუ უკრაინისა და აშშ-ისთვის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ის შეჩერების მხოლოდ ერთ მექანიზმს ითვალისწინებს: „ხელშეკრულება ძალაში რჩება იმ მომენტამდე, სანამ მხარეები მის შეწყვეტაზე არ შეთანხმდებიან“.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: უკრაინამ ფონდს თავისი წიაღისეულისთვის რენტა უნდა უხადოს? დროთა განმავლობაში გადახდები სულ უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან ახალი ლიცენზიები გამოჩნდება, ეს სამუდამოდ გაგრძელდება და უკრაინის ბიუჯეტისთვის დანაკარგები განუსაზღვრელი გახდება?

არა, ეს ასე არ არის – სახსრების შეგროვება რენტისთვის თავისთავად გრძელვადიან საფრთხეს არ უქმნის უკრაინას.

შეერთებული შტატებისა და უკრაინის შენატანები ფონდში თანაბარი იქნება, ანუ უკრაინის მიერ წიაღისეულიდან მიღებულ ყოველი მილიონი დოლარის შემოსავალზე შეერთებული შტატებიდან ერთი მილიონი უნდა მოდიოდეს – ან ახალი იარაღით, სანამ უკრაინას იარაღი დასჭირდება, ან ფულით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით თეორიულად აშშ იღებს „გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია“ [თანხა, რომელსაც ტრამპი უკრაინის ვალად ასახელებდა – რედ.]. „მინდოდა, დაცული ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას სამართლიანი უწოდა.

რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევის გადალახვაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მოლაპარაკებები ბოლომდე არ დასრულებულა.

ახლა საჭიროა უკრაინის უმაღლესი რადის მიერ შეთანხმების რატიფიკაცია, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close