საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში 1 მაისს – ვინ იფიცება და როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პირველი მაისი საბერძნეთში შრომის და, აქედან გამომდინარე – გაფიცვების დღეა. ტრადიციულად, ეწყობა საყოველთაო გაფიცვა – კერძო და საჯარო სექტორის მუშაკები ქუჩაში გამოვლენ, რათა მოითხოვონ მეტი უფლება და შემოსავლების ზრდა. გაფიცვის გარდა ჩატარდება მიტინგები სხვადასხვა მოედანზე – ათენში კლაფტმონოსზე, კორაიზე და სინდაღმაზე 10:30-11:00 საათიდან, თესალონიკში – ვენიზელოსის ძეგლთან 10:30 სთ-იდან.
პროფკავშირების გაერთიანება ADEDY-მ (ΑΔΕΔΥ – საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების უმაღლესი გაერთიანება) და GSEE-მა (ΓΣΕΕ – საბერძნეთის მშრომელთა საყოველთაო კონფედერაცია), რომლებიც სახელმწიფო და კერძო სექტორებს წარმოადგენენ, მთელი საბერძნეთის მასშტაბით 24-საათიანი გაფიცვის შესახებ დააანონსეს.
ყველაფერი იკეტება
ეს ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურები, მაღაზიები, სკოლები, ბანკები დაკეტილი იქნება. მუშაობას შეაჩერებენ სუპერმარკეტებიც. ღია იქნება მხოლოდ საცხობები, საკონდიტროები და ზოგიერთი მინიმარკეტი; საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ინდუსტრიის ობიექტები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ. ამას გარდა, დაკეტილი იქნება:
- ყველა სახელმწიფო დაწესებულება;
- ფოსტა;
- ყველა მერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოები;
- მედიასაშუალებების უმეტესობა.
პროფკავშირების მოთხოვნები
ADEDY-ის საპროტესტო აქცია ათენში დილის 11:00 საათიდან კორაის მოედანზე გაიმართება. მისი მოთხოვნებია:
- მე-13 და მე-14 ხელფასების (საშობაო, სააღდგომო და შვებულების ბონუსები) აღდგენა,
- ხელფასის რეალური ზრდა;
- უმუშევრობის 2%-იანი შენატანის გაუქმება;
- ორწლიანი პერიოდისთვის (2016-2017 წწ.) გაყინული ხელფასების ზრდის სკალის „გადნობა“;
- 12 000 ევრომდე შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლება;
- დანამატების ზრდა მავნე და სახიფათო სამუშაოს შესრულებისას;
- მუდმივი პერსონალის დაქირავება საჯარო სექტორში არსებული ათასობით ვაკანტური პოზიციის შესავსებად, განსაკუთრებით ჯანდაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა სექტორებში;
- ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი დაფინანსება;
- ჰაძიდაკისის კანონის (კანონი 4808/21) გაუქმება;
ამავდროულად, ADEDY ეწინააღმდეგება საჯარო ორგანიზაციების პრივატიზაციას.
აქციებს პენსიონერებიც შეუერთდებიან, განაცხადა IKA-მ (ΙΚΑ – სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი).
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა
- ბორნები და გემები პორტებში დარჩება მთელი 24 სთ-ის განმავლობაში, განაცხადა მეზღვაურთა საერთობერძნულმა ფედერაციამ. ისინი არ განახორციელებენ რეისებს ხუთშაბათის, პირველი მაისის 00:01 სთ-იდან იმავე დღის 24:00 მაისამდე;
- სარკინიგზო ტრანსპორტის საერთობერძნულმა ფედერაციამ 24-საათიანი გაფიცვის შესახებ გამოაცხადა, რის გამოც მატარებლები, პროასტიაკოსის (საგარეუბნო ხაზი) ჩათვლით, არ იმოძრავებენ;
- რაც შეეხება მეტროპოლიტენს, მისმა თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მუშაობა შეაჩერონ და ეს პაუზა გაგრძელდება ცვლის შეცვლიდან დილის 9 საათამდე და საღამოს ცხრა საათიდან ცვლის შეცვლამდე, ანუ დილის 9-იდან საღამოს 9 საათამდე მეტრო იმუშავებს;
- ავტობუსები და ტროლეიბუსებიც, აგრეთვე, იმუშავებენ დილის 9-იდან საღამოს 9 საათამდე;
- საქალაქთაშორისო ავტობუსები (KTEL) პირველ მაისს ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ;
- ჩვეულებრივად იმუშავებენ ტაქსებიც.
ისინი, ვინც პროტესტში არ მონაწილეობს, ჩვეულებრივ, სოფლად ტავერნებს სტუმრობენ ან მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან.
როგორ ნაზღაურდება მუშაობა პირველ მაისს
#4468/2017 კანონის თანახმად, პირველი მაისი სავალდებულო დღესასწაულია. მუშაობა ნებადართულია მხოლოდ იმ დაწესებულებებში, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში.
დასაქმებულებს, რომლებიც დღიურ ანაზღაურებას იღებენ, უფლება აქვთ მიიღონ ჩვეული დღიური ანაზღაურება 75%-იანი დანამატით.
იმ დაწესებულებების ყოველთვიური ანაზღაურების მქონე თანამშრომლები, რომლებიც გამონაკლის შემთხვევებში მუშაობენ პირველ მაისს, უფლებამოსილნი არიან მიიღონ თავიანთი თვიური ანაზღაურების 1/25-ს პლუს 75%-იანი დანამატი ნამუშევარი საათებისთვის.
იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, უფლება აქვთ მიიღონ 75%-იანი დანამატი თავიანთი ხელფასის 1/25-ზე, ნამუშევარი საათებისთვის.
თუ დაწესებულება ოფიციალურად არ მუშაობს შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ასეთ შემთხვევაში დაწესებულებაში დასაქმებულთა მუშაობა დასვენების დღეებში კანონით აკრძალულია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები