ლოს-ანჯელესში ქართველი კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს (ვიდეო)

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ-ჰილზში შაბათს, 26 აპრილს მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ტოპანგის განყოფილების თანამშრომლები შაბათს, 26 აპრილს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის გამოიძახეს მისამართზე: 22200 block of De La Osa Street, off Topanga Canyon Boulevard. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე თავის ტრავმით. ლოს-ანჯელესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პარამედიკოსებმა დააფიქსირეს, რომ ალექსანდრე მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების ფარგლებში დეტექტივებმა დაადგინეს, რომ სახლში 3 პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით. მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ალექსანდრე მოდებაძე დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დანაშაულის ადგილი ნაძარცვ ნივთებთან ერთად დატოვეს.
მედიის ცნობით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება თავდასხმიდან რამდენიმე საათში შეძლეს FBI-ს დახმარებით. დაკავებულები იდენტიფიცირებულები არიან, როგორც: პაატა ყოჩიაშვილი (38 წლის), ზაზა ოთარაშვილი (46 წლის) და ბესიკ ხუციშვილი (52 წლის).
თითოეულ მათგანს ბრალი ედება მკვლელობაში და დადგენილია გირაო 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ლოს-ანჯელესის პოლიცია სთხოვს ნებისმიერ პირს, რომელსაც მკვლელობის ან სახლში შეჭრის შესახებ აქვს ინფორმაცია, დაუკავშირდეს Operation Valley Bio-ს ნომერზე 818-374-9550, არასამუშაო საათებში კი – ნომერზე 877-527-3247. ანონიმურობის მსურველ ინფორმატორებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 800-222-8477 ან სამართალდამცავ უწყებას ონლაინ დაუკავშირდნენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები