
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის პირველ დღეს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი ძიუდოისტი აიუბ ბლიევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი, ოქროს სინჯის მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ბლიევმა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ლუკა მხეიძე დაამარცხა.
მანამდე, ნახევარფინალში გიორგი სარდალაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს სძლია და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ტურნირზე დღეს კიდევ სამი ქართველი ასპარეზობდა – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ), თუმცა შეჯიბრებას სამივე ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები