ევროკავშირი გეგმავს, 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმი გაამარტივოს – როდის არის მოსალოდნელი გამკაცრებული კანონმდებლობის მიღება

ევროკავშირი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს, რაც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
გასულ კვირაში ევროკავშირის პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები (Coreper) შეთანხმდნენ რეგულაციის პროექტზე, რომლის საშუალებითაც მესამე (ევროკავშირი არაწევრი – რედ.) ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება.
რეგულაციების განახლების მიზანია, ევროკავშირი გაუმკლავდეს შემთხვევებს, როდესაც უვიზო მიმოსვლის მექანიზმს ბოროტად იყენებენ, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
როგორც იოზვიაკი წერს, მათი მიზანია, შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია [ივნისის ბოლომდე]. თუ შეთანხმება იქნება მიღწეული, ახალი, გამკაცრებული საკანონმდებლო რეჟიმი მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.
ამასთან, იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის ახალი საფუძველი ექნება – ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობა.
კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შეჩერების მექანიზმი შესაძლებელია ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
ევროკავშირის ელჩების ინიციატივის საბოლოო საკანონმდებლო ტექსტი ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა პარლამენტთან უნდა შეათანხმონ.
ევროკავშირს 61 ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან, აქვს უვიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, შენგენის ზონაში მოგზაურობა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.
უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმი 2018 წლიდან მოქმედებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები