ხვიჩა კვარაცხელიას PSG ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს!

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემში „ასტონ ვილას“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
პარიზელებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და 28-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ აშრაფ ჰაკიმისა (11-ე წუთზე) და ნუნუ მენდეშის (28-ე წუთზე) გოლების წყალობით, თუმცა 34-ე წუთზე იური ტილემანსმა შეძლო სხვაობის შემცირება და პირველი ტაიმი 1:2 დამთავრდა სტუმრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში „ასტონ ვილამ“ თამაში შემოატრიალა – 55-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ეზრი კონსამ კიდევ ერთხელ აიღო ჯიჯი დონარუმას კარი და მასპინძლები დაწინაურდნენ – 3:2. „ასტონ ვილას“ კიდევ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი, მაგრამ ამჯერად დონარუმა შეუვალი აღმოჩნდა.
PSG-მაც შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და პარიზელებმა მიზანს მიაღწიეს – შინ ორბურთიანი სხვაობით (3:1) მოგების წყალობით, საერთო ჯამში გამარჯვება (5:4) იზეიმეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ.
ცნობილია კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა და ეს „ბარსელონაა“, რომელმაც განმეორებითი შეხვედრა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 3:1 წააგო სტუმრად, თუმცა პირველი მატჩი შინ ანგარიშით 4:0 ჰქონდა მოგებული, ორი შეხვედრის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ხვალ გაირკვევა, მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „არსენალის“ განმეორებითი შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 3:0 მოიგო და დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ ლონდონელებს თავი ქუდში აქვთ, რადგან უეფას ჩემპიონთა ლიგის 15-გზის გამარჯვებული „რეალის“ გამძლეობა და შემართება ცნობილია და არავინ იცის, რა მოხდება ხვალ „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ინგლისური და ესპანური გრანდების განმეორებითი მეოთხედფინალური დაპირისპირება 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები კი 29 აპრილს და 6 მაისს გაიმართება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები