
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა დაამტკიცა ახალი პრეპარატი – კაპტივასერტიბი (Capivasertib, იგივე, Truqap) რომელიც ძუძუს კიბოს განუკურნებელი ტიპების გავრცელებას ანელებს.
პრეპარატი ბრიტანულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, AstraZeneca-მ შექმნა.
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მეცნიერები ამ ნაბიჯს „საეტაპო მომენტს“ უწოდებენ.
NICE-ს განცხადებით, მათ რეკომენდაცია გასცეს კაპტივასერტიბის მკურნალობაზე 1100-ზე მეტ ქალისთვის, რომლებსაც ჰორმონული რეცეპტორის HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის ძუძუს კიბოს დიაგნოზი აქვთ. მკურნალობის კურსი მოიცავს დღეში ორ აბ კაპტივასერტიბს ფულვესტრანტით ჰორმონულ თერაპიასთან ერთად. მკურნალობას ჩაუტარებენ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ PIK3CA, AKT1 ან PTEN გენებში ერთი ან რამდენიმე მუტაცია და დაავადება გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში (ლოკალური გავრცელება) ან სხეულის სხვა ნაწილებში (მეტასტაზური გავრცელება). გენეტიკური ტესტირების შემდეგ ინგლისსა და უელსში ათასზე მეტი ქალი მკურნალობის დასაწყებად კაპტივასერტიბის აბებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისგან მიიღებს.
კაპტივასერტიბის მოქმედების მექანიზმი
კაპტივასერტიბი ჩვეულებრივი პრეპარატი არ არის. ის, როგორც ერთგვარი მოლეკულური დივერსანტი, აღწევს მექანიზმებში, რომლებიც სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას (სიმსივნური უჯრედების არაკონტროლირებადი, ინტენსიური გამრავლება – რედ.) მართავენ. კერძოდ, პრეპარატი მოქმედებს ანომალიურ ცილაზე (AKT), რომელიც სიმსივნურ უჯრედებს უკონტროლო გამრავლებას აიძულებს.
კლინიკური ცდებით დადგინდა, რომ კაპტივასერტიბით მკურნალობამ ჰორმონულ თერაპიასთან კომპლექსში დაახლოებით 4,2 თვით გაზარდა დრო დაავადების გაუარესებამდე, მხოლოდ პლაცებოთი და ჰორმონული თერაპიით მკურნალობასთან შედარებით. შესაძლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სიმსივნის განუკურნებელი ფორმის დიაგნოზთან შეხება, 4,2 თვე ცოტა ჩანდეს, მაგრამ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ამ სამწუხარო რეალობაში ცხოვრობენ, ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით საუბარი არ არის სრულ გამოჯანმრთელებაზე, ძუძუს კიბოს მეტასტაზური ფორმა ჯერაც განუკურნებელი რჩება, თუმცა მეცნიერები სწავლობენ მის ქრონიკულ მდგომარეობაში გადაყვანას, რათა ადამიანებმა უფრო დიდხანს იცოცხლონ და ცხოვრების ხარისხიც გაუუმჯობესდეთ.
„ეს ნაბიჯი არის ტრიუმფი, რომელიც ძუძუს კიბოს ამ ყველაზე გავრცელებული ტიპის გვიანი სტადიის მქონე პაციენტების მკურნალობას გააუმჯობესებს. სარძევე ჯირკვლის კიბოს ამ ტიპის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს მუტაციები აქვს ერთ ან მეტ გენში და მათ შემთხვევაში კაპტივასერტიბს დაავადების პროგრესირების შეჩერება შეუძლია“, – ამბობს ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის (ICR) მმართველი დირექტორი კრისტიან ჰელინი.
კაპტივასერტიბით მკურნალობის მიმზიდველობა მის სიზუსტეში მდგომარეობს (ტარგეტული თერაპია). იმის ნაცვლად, რომ მთლიანად „დაბომბოს“ ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებით (რასაც ტრადიციული ქიმიოთერაპია აკეთებს), კაპტივასერტიბი კონკრეტულ უჯრედებს იღებს მიზანში და მათ აზიანებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გადაავადოს ქიმიოთერაპიის აუცილებლობა და პაციენტებს თავიდან ააცილოს ის სამწუხარო გვერდითი ეფექტები, რომლებიც ზოგჯერ ისეთივე დამანგრეველია ორგანიზმისთვის, როგორც თავად დაავადება.
2020 წელს მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2,3 მლნ ადამიანს დაუსვეს, საიდანაც დაახლოებით 685 ათასი გარდაიცვალა, რაც პრობლემის სიმძიმეზე მიუთითებს.
HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის კიბოს შორსწასული ფორმა დღესდღეობით განუკურნებლად ითვლება და მკურნალობის მიზანია გადაავადოს გაუარესება და ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.
სარძევე ჯირკვლის კიბოსთან რთულ და ხანგრძლივ ომში კაპტივასერტიბი კიდევ ერთი მოგებული ბრძოლა და წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სხვა მოგებული ბრძოლები, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები