
ჩინეთს ისეთი ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომ 50 კგ-ზე ნაკლები წონის ადამიანებს ქუჩაში გასვლა აუკრძალეს, რადგან ქარის სიჩქარემ ზოგიერთ რეგიონში საათში 150-160 კმ-ს მიაღწია, რაც ბოლო 50 წლის რეკორდია. უძლიერესმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები მოგლიჯა და ხეები დალეწა.
11 აპრილიდან ქვეყანაში ქარიშხალი მძვინვარებს. ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ძლიერი ცივი ფრონტის გავლენით, უძლიერესმა ქარმა, სეტყვამ, სილისა და თოვლის ქარიშხლებმა მოიცვა.
ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაღუპულის შესახებ. ქვეყანაში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ყველაზე ძლიერ ჰებეის პროვინცია დაზარალდა, სადაც გრიგალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაიფუნს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
სტიქია პეკინსაც შეეხო, დედაქალაქში გადაიდო ასობით ავიარეისი, დაიკეტა პარკები და ისტორიული ძეგლები, მათ შორის, აკრძალული ქალაქი, ზაფხულის სასახლე და ციური ტაძარი.
შტორმმა მოგლიჯა და დალეწა ხეები, დააზიანა ავტომობილები და სახლები, ქვეყნის ჩრდილოეთში ნაწილობრივ დაირღვა სარკინიგზო მიმოსვლა. ხელისუფლებამ 50 კგ-ზე ნაკლები წონის ადამიანებს გარეთ გამოსვლა აუკრძალა, ზოგიერთი სახელმწიფო მედიასაშუალების მტკიცებით, უძლიერეს ქარიშხალს ადვილად შეეძლო მსუბუქი წონის ადამიანის გატაცება. პარასკევს მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა, შენობებში დარჩენილიყო.
სილიანი ქარიშხლები განსაკუთრებით ძლიერი იყო უდაბნოების – გობისა და ტაკლა-მაკანის მოსაზღვრე რაიონებში. ჩინეთის ხელისუფლება ათწლეულებია ცდილობს, ამ პრობლემას რამე მოუხერხოს, თუმცა გაუდაბნოებული რაიონები ისევ დიდ საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი მეგაპოლისებისთვის, როგორიც პეკინია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები