
თეთრ სახლში მწვავდება კონფლიქტი ახალი საბაჟო ტარიფების გამო. ადრეც გამოჩნდა, რომ მასკი უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკით, რადგან მიაჩნია, რომ ის ბიზნესს კარგს არაფერს უქადის. მულტიმილიარდერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ როგორც თავად აშშ-ში, ისე ევროპაში უნდა შეიქმნას ნულოვანი ტარიფების სისტემა და თავისუფალი ვაჭრობის ზონა.
ახლა კი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა საქვეყნოდ მიაყენა შეურაცხყოფა ტრამპის უფროს მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მასკი გააკრიტიკა. ნავაროს, როგორც ჩანს, გულზე მოხვდა მისი კრიტიკული გამონათქვამები იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფებს დაწესებასთან დაკავშირებით. მან ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Tesla არასაკმარისად ამერიკულია:
„სინამდვილეში ის [მასკი] მწარმოებელი კი არა, ამწყობია. თუ შევხედავთ მის ქარხანას ტეხასში, ჩანს, რომ: ძრავების დიდი ნაწილი – ელექტრომობილებში ეს არის აკუმულატორები – იაპონიიდან და ჩინეთიდან შემოდის, ელექტრონიკა – ტაივანიდან. ხოლო ჩვენ რაც გვინდა – რითაც ილონისგან განვსხვავდებით – ეს არის: საბურავები აკრონიდან, გადაცემათა კოლოფები – ინდიანაპოლისიდან, ძრავები – ფლინტიდან და საგინოდან. და რომ ავტომობილები იწარმოებოდეს აქ, აშშ-ში“.
ნავაროს, როგორც ჩანს, ასე უნდოდა აეხსნა, რატომ არის მასკი ტრამპის ახალი საბაჟო ტარიფების წინააღმდეგი. Tesla-ს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ვალში არ დარჩა და თავის სოციალურ პლატფორმა X-ზე „საკადრისი“ პასუხი გასცა:
„ნავარო – ნამდვილი გონებაჩლუნგია. რასაც იგი ამბობს – სიცრუეა. Tesla აწარმოებს ყველაზე უფრო ამერიკულ ავტომობილებს. ნავარო უფრო სულელია, ვიდრე აგურებით სავსე ტომარა“.
ამასთან, მილიარდერმა ოპონენტის სახელი მისთვის ჩვეულ სტილში დაამახინჯა – პიტერ ნავაროს უწოდა „პიტერ რეტარდო“ (ინგლისურად retarded გონებრივად ჩამორჩენილს ნიშნავს).
ეს დაპირისპირება ნათლად მიუთითებს მზარდ კონფლიქტზე წარმოების ინტერესებსა და ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას შორის. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Tesla, მიწოდების გლობალურ ჯაჭვში არიან ჩართულნი და ახალ ტარიფებში საფრთხეს ხედავენ საკუთარი წარმოებისთვის.
როგორც ცნობილია, ორიოდე დღის წინ ტრამპმა 90 დღით შეაჩერა ტარიფების დაწესება რიგი სახელმწიფოებისთვის, თავის მხრივ, ევროკავშირმაც ანალოგიურ ზომას მიმართა და 90 დღით შეაჩერა საპასუხო ტარიფების დაწესება, თუმცა განმარტა, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, ევროკავშირი უკან არ დაიხევს.
NBC news-ის ინფორმაციით, რომელსაც ტელეარხი ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების „დაპაუზებაში“ ორმა მინისტრმა ერთობლივად დაარწმუნა – ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლიუტნიკმა. როგორც ტელეარხი იუწყება, ტრამპის უახლოესი გარემოცვა შეშფოთდა ფინანსური ბაზრების გამო, ზოგიერთი მათგანი კი თითქმის პანიკამ მოიცვა.
9 აპრილს ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში Truth Social, რომელშიც განაცხადა, რომ 90 დღით აჩერებს მის მიერ დაწესებული უპრეცედენტო ტარიფების ამოქმედებას მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მიმართ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზე გავრცელდება ეს გადაწყვეტილება.
პარასკევს ღამით კი, მას შემდეგ, რაც ჩინური საქონლისთვის დაწესებული საბაჟო ტარიფი 145%-მდე გაზარდა (არსებული 20%-იდან), რადგან ჩინეთმა, მოლაპარაკებების დაწყებაზე თხოვნის ნაცვლად სარკისებურად აამოქმედა ტარიფები ჩინეთისთვის განკუთვნილ ამერიკულ საქონელზე, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე. ტარიფები არ გავრცელდება, მათ შორის, ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე და მეხსიერების ბარათებზე.
საქმე ისაა, რომ ჩინეთის პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფების დაწესება მნიშვნელოვანი ზარალით ემუქრებოდა ამერიკის ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებენ. ზოგი ექსპერტის შეფასებით, ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ახალი „აიფონის“ და სხვა ელექტრონული პროდუქციის ფასი ამერიკაში შეიძლება სამჯერ გაზრდილიყო.
საქართველო, როგორც ცნობილია, იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებსაც ტრამპმა მინიმალური საბაზო, 10%-იანი ტარიფები დაუწესა. თეთრი სახლის ცნობით, საქართველოს, ასევე, 10%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული ამერიკული პროდუქციისთვის.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აშშ რჩებოდა მთავარ სავაჭრო პარტნიორად საქართველსთვის იმპორტის თვალსაზრისით – აშშ-იდან შემოსული იმპორტის მთლიანმა მოცულობამ 478,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ქართული პროდუქციის ექსპორტმა კი აშშ-ში იმავე პერიოდში სულ რაღაც 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმავე პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 1%-ია.
2024 წელს მთლიანად, BMG-ს ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ში 141 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანა.
TOP-10 პროდუქტი, რაც 2024 წელს აშშ-ში გავყიდეთ:
- ფეროშენადნობები – 90,2 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 8,4 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები – 7,2 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7,1 მლნ აშშ დოლარი
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 5,3 მლნ აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 4,6 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 2,7 მლნ აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 1,8 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 1,6 მლნ აშშ დოლარი
- სამშენებლო ნაწარმი ხისა – 1,1 მლნ აშშ დოლარი.
გარდა ამისა, გასულ წელს დაახლოებით 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი, ასევე კაკალი და მინერალური წყლები გავიდა.
მედიის ინფორმაციით, ფეროშენადნობები – უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც საქართველოს გააქვს აშშ-ში, გამონაკლისების სიაში შედის და მასზე ახალი ტარიფი არ გავრცელდება, თუმცა გამონაკლისებში არ შედის ღვინო.
ნანა ძნელაძე
კომენტარები