ფსიქოლოგიარჩევები

როგორ გავშიფროთ სახის ფორმის „ამომცნობით“ ადამიანის ხასიათი

ფიზიოგნომიკა (ძვ. ბერძნ. physis – ბუნება და gnomovikos – მცოდნე) – ეს  არის მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ტემპერამენტსა და ხასიათს გარეგნობის მიხედვით. ის ანტიკურ ხანაში წარმოიშვა და მის ფუძემდებლად არისტოტელე ითვლება.

მართალია, ანატომიის განვითარებასთან ერთად ამ მეთოდმა მეცნიერების სტატუსი დაკარგა, რადგან სარწმუნო მტკიცებულებათა ბაზა არ ჰქონდა, მაგრამ აქტუალურობა მაინც შეინარჩუნა და ახლა პოპულარობის ახალ ფაზას გადის –  მას  „სახის წაკითხვის“ მეთოდს უწოდებენ და ხშირად ასტროლოგიას და სხვა ეზოთერულ სწავლებას ადარებენ.

საინტერესო ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერება მიდის იმ დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანი, მეტ-ნაკლებად, ფიზიონომისტია და ზოგჯერ საკმაოდ წარმატებულია თავის დასკვნებში, მიუხედავად იმისა, რომ  პირველი შთაბეჭდილება მყისიერად მიიღება და თითქოს ლოგიკური საფუძველი არა აქვს.

კვლევების მიხედვით, ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად 0,1-დან 0,5 წამამდე გვჭირდება, სხვა მონაცემებით კი 0,04 წამი საკმარისია. ანუ იმის გაგებას, მოგვწონს თუ არა ადამიანი, ერთი წამიც კი არ სჭირდება. პირველი შთაბეჭდილების შეცვლა კი ადვილი ნამდვილად არ არის.

ირკვევა, რომ სახის ფერი, ფორმა, კუნთები, ძვლები და სხვა ფრაგმენტები მკაცრად განსაზღვრული წესით ავსებენ ერთმანეთს, თითოეული ფრაგმენტი ინფორმაციის დამოუკიდებელი მატარებელია, მთლიანობაში კი ადამიანის სახეს ქმნის, რომელშიც ხასიათის თვისებები „იკითხება“. ამ „საკითხავის“ ერთ-ერთი „თავი“ კი ადამიანის სახის ფორმებია, რომლებიც ჩვენს აღქმებზე მოქმედებს. ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის არიდება შესაძლებელია ფიზიოგნომიკის სახის ფორმის „ამომცნობის გაშიფვრით“.

როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი სახის ფორმის მიხედვით

„კვადრატულები“ – ასეთი სახის ფორმის მფლობელი მტკიცე ხასიათის და ძლიერი ნებისყოფით გამორჩეული, თუმცა ხშირად ძუნწი და ანგარებიანი ადამიანია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს. ასეთი ადამიანები კარგი ანალიტიკოსები არიან, თანდაყოლილი მოთმინებისა და ჟინის წყალობით კი ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ დაწყებული საქმე.

„სამკუთხედები“ – ასეთი ადამიანი არაორდინარული და გონებამახვილია, აქვს ბრწყინვალე ორატორული ნიჭი და იუმორის გრძნობა, თუმცა მეტად ცვალებადი ხასიათი. არ ცნობს ავტორიტეტებს, უყვარს თავისუფლება და ძალიან არ უყვარს, როცა ჭკუას ასწავლიან ან მის დამორჩილებას ცდილობენ. ისინი მოჭარბებული ფანტაზიით, ტყუილებითა და რეალობის შელამაზებით გამოირჩევიან.

„მომრგვალებულები“ – ადამიანი ასეთი სახით ემოციური და ხელგაშლილია, რომელიც გამჭრიახი გონებითა და სწრაფად აზროვნების უნარით გამოირჩევა, ყოველთვის უამრავი იდეა აქვს და ძალიან უყვარს ინიციატივის გამოჩენა, თუმცა ნაკლებად პრაგმატულია და რისკისკენ მიდრეკილი. ისინი უპირობო ლიდერები არიან, მაგრამ ცუდად გამოსდით ხელმძღვანელობა, რადგან კარგად ეხერხებათ კოლექტივის მოტივირება, თუმცა ძალიან უჭირთ ადამიანების მართვა.

„ოვალურები“ – ოვალური სახის  ფორმა ადამიანის ემოციურობაზე, ცნობისმოყვარეობასა და კარგად განვითარებულ ინტელექტზე მიანიშნებს. ისინი მეტწილად ხელოვნებასა და შემოქმედებით პროფესიებში ლიდერობენ, მაგრამ ნაკლებად პრაგმატულებს და არათანამიმდევრულებს ძალიან უჭირთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

„ტრაპეციელები“ – გულის (კონუსის) ფორმის სახის მფლობელი პრაგმატიზმითა და კონსერვატიზმით გამოირჩევა. მართალია, სუსტი წარმოსახვა აქვს, მაგრამ პრაქტიკული ჭკუის წყალობით ნებისმიერ წამოწყებაში შეუძლია სარგებლის ნახვა. ისინი მძიმედ ეგუებიან ცვლილებებსა და სიახლეებს, მეტწილად კარიერისტები არიან და არაფერს ერიდებიან პროფესიული წარმატების მისაღწევად.

„რომბები“ – რომბისებრი სახის ფორმა მკაცრ და ჯიუტ, დოგმებისაკენ მიდრეკილ ადამიანს აქვს, რომელსაც ძალიან უყვარს ძალაუფლება და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს ერთპიროვნული ლიდერობის მოპოვებას, არასდროს მარცხდება, შინაგანი ენერგიის უზარმაზარი მარაგი აქვს და ყოველთვის შეუძლია ამოწურული სასიცოცხლო რესურსების შევსება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close