როგორი ფეხსაცმელი იკრძალება საბერძნეთის ისტორიულ ადგილებში?

ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად მოგზაურებს ახსენებენ, რომ საბერძნეთის ისტორიულ ადგილებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, აკროპოლისსა და ეპიდავროს თეატრში კატეგორიულად აკრძალულია ერთი კონკრეტული ტიპის ფეხსაცმლის ტარება – ეს არის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი წვრილი ქუსლით. უფრო მეტიც, ამ ტიპის ფეხსაცმლის გამო შესაძლოა 900 ევროთი დაჯარიმდეთ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ფეხსაცმლის ჩაცმა ასევე არ არის რეკომენდებული ფრენის დროს, რადგან ის არა მარტო მოუხერხებელია, არამედ შეიძლება თვითმფრინავის დაზიანებაც გამოიწვიოს.
იგივე მოტივაცია ჰქონდა საბერძნეთის ხელისუფლებას, როდესაც 2009 წელს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ისტორიულ ადგილებში მაღალქუსლიანი (ე. წ. „შპილკები“) ფეხსაცმლით შესვლას, რადგან ფეხსაცმლის წვრილ მაღალ ქუსლებს ისტორიული ძეგლების დაზიანება შეუძლია.
იქნებ ერთი პატარა ნაკაწრი უმნიშვნელო პრობლემად მოეჩვენოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის მოყვარულებს, მაგრამ როდესაც ათასობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს ამ ადგილებს, მცირე დაზიანებასაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ბზარები და ნაკაწრები ძველ მარმარილოსა და რიყის ქვებზე, მცირე ზედაპირის ზეწოლის გამო.
აღნიშნულია, რომ საბერძნეთში მხოლოდ ფეხსაცმლის ტარების წესები როდი რეგულირდება. 2009 წლიდან ტურისტებს ასევე ეკრძალებათ ისტორიული ადგილების მონახულება ნასვამ მდგომარეობაში, ასეთ ადგილებში არ არის ნებადართული საკვები და სასმელი, ხოლო ისტორიული ადგილების ელემენტების დაზიანებამ ან მოპარვამ შეიძლება სერიოზული სამართლებრივი პრობლემები გამოიწვიოს.
ტურისტული სააგენტოს მფლობელები მოგზაურებს ურჩევენ, ყოველთვის წინასწარ გამოიკვლიონ იმ ქვეყნებისა და ქალაქების კანონები და წესები, რომელთა მონახულებასაც გეგმავენ, რათა თავიდან აიცილონ უსიამოვნო ჯარიმები ან კიდევ უფრო მკაცრი სასჯელები.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: გადასახადები, აკრძალვები და ჯარიმები – რა ახალი წესები მოქმედებს ესპანეთში ტურისტებისთვის 2025 წელს
კომენტარები