„დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო“ – ვინ გეგმავდა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე თავდასხმას

„დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო“; „სროკზე გამიშვან, მეც ეგ მინდა“; „შენ რაც დაგემართება, მტერს არ ვუსურვებ“; „ჩემს გადაკიდებას 8-მეტრიანი გიურზას გადაკიდება გერჩივნა“ – მუქარის, შეურაცხყოფისა და ძალადობის შემცველი ამ განცხადებების ადრესატი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურია. მამაკაცი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, უკვე პენიტენციარულ დაწესებულებაშია. დავით ერაძე სამართალდამცველებმა ადევნების ბრალდებით დააკავეს. ის პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძის გარემოცვის წევრი აღმოჩნდა.
ანა ჯაბაური „კურიერი P.S.-თან“ ჰყვება, რომ სწორედ მანანა არჩვაძის დაკვეთით და წაქეზებით, დავით ერაძე მასზე ფიზიკურ თავდასხმას ამზადებდა. საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პირველი ლედის ახლო გარემოცვის წევრი ანა ჯაბაურს შუბლის გახვრეტით ემუქრება.
იმას, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ საფრთხე რეალური იყო, მოწმეების გარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მანანა არჩვაძის გარემოცვის მხრიდან ანა ჯაბაური რეალური საშიშროების წინაშე იდგა.
მანანა არჩვაძის აგრესიული მხარდამჭერების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს ზვიად გამსახურდიას ვაჟიც. კონსტანტინე გამსახურდია „კურიერი P.S.-თან“ არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პირველი ლედი საკუთარი გარემოცვის წევრებს დანაშაულებრივ დავალებებს აძლევს. ეჭვებს ამყარებს ანა ჯაბაურის მიმართ ადევნება და სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. პირველი პრეზიდენტის ვაჟი მანანა არჩვაძის მხარდამჭერებს სექტის წევრებად მოიხსენიებს, რომლებიც მზად არიან, ლიდერის ნებისმიერი დავალება შეასრულონ.
„კურიერი P.S.“ მანანა არჩვაძესთან დაკავშირებას შეეცადა. ზვიად გამსახურდიას მეუღლემ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კამერის წინ საუბრისგან თავი შეიკავა მისმა დამ, ლელე არჩვაძემაც, თუმცა ანა ჯაბაურის მიმართ აგრესია ვერც მან დამალა.
ანა ჯაბაურის მიმართ ადევნებასა და მუქარაში მხილებული დავით ერაძე უკვე ორწლიან პატიმრობას იხდის. ეს მისთვის მეხუთე განაჩენია. 55 წლის მამაკაცი წარსულში ოთხჯერ არის გასამართლებული ნარკოტიკების რეალიზაციისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის. რა მოტივით მოქმედებდა ამჯერად დამნაშავე? ამ კითხვით საქმის პროკურორს მივმართეთ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დავით ერაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით დევნიდა.
დავით ერაძე პენიტენციარულ დაწესებულებაში იმყოფება. ანა ჯაბაური ამბობს, რომ ამჟამად თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს მოუწოდებს, რომ დევნის, ძალადობისა და შევიწროების შესახებ დაუფარავად ისაუბრონ.
ანა ჯაბაური მე-6 წელია, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მეურვეა. პირველი პრეზიდენტის ვაჟი 2019 წლის დეკემბერში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრეს. უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში მკურნალობის შემდეგ იგი ამჟამად წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანანა არჩვაძეს შვილის მონახულება და სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა ეკრძალება.
rustavi2.ge
ცოტნე გამსახურდიას გაშენებული ვენახი დედამ, მანანა არჩვაძემ ბენზოცელით გააკაფინა და დაწვა
კომენტარები