
ინფორმაციის გაჟონვამ ჯგუფური ჩატიდან, სადაც აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შოკში ჩააგდო ვაშინგტონი. დემოკრატები თავდაცვის მდივნისა და პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის გადადგომას ითხოვენ, თუმცა ამონარიდები მიმოწერიდან ასევე ცხადყოფს ტრამპის ადმინისტრაციის მტრულ დამოკიდებულებას ევროპის მიმართ და მისი დახმარებისთვის ფინანსური კომპენსაციის მოლოდინს. ტრამპის უახლოესი მრჩევლის ბოლო ინტერვიუსთან ერთად, რომელშიც მან რუსული პროპაგანდის თეზისები გაიმეორა, ინციდენტი ხაზს უსვამს მზარდ განხეთქილებას აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა და ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა იემენელ ჰუსიტებზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის განსახილველად Signal-ის მესენჯერში ჩატი შექმნეს, რომელშიც მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტაბის უფროსი და მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები და მრჩევლები, აგრეთვე, ჟურნალ „ატლანტიკის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი, რომელიც, როგორც ჩანს, ჩატში შეცდომით დაამატეს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციის განხილვისას ამ ოპერაციის ჩატარების საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი იყო მოსაზრება, რომ ევროპა არ იმსახურებს ამერიკისგან ასეთ სამსახურს და არა უფრო აშკარა რისკის ფაქტორები, როგორიცაა: შემდგომი დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში, თეირანთან კონფლიქტის ესკალაცია ან მშვიდობიანი მოსახლეობის პოტენციური მსხვერპლი იემენში, სადაც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ომისა და შიმშილის შედეგად.
დისკუსია, რომელიც ჟურნალისტმა მოისმინა, დაიწყო ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსის გზავნილით, რომელმაც იემენზე დარტყმის იდეას შეცდომას უწოდა, რადგან, მისი აზრით, წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებზე თავდასხმები ევროპის პრობლემაა. მან დაწერა, რომ სუეცის არხზე მოდის ევროპული ვაჭრობის 40%, ხოლო აშშ-ის საქონელბრუნვის მხოლოდ 3%.
ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ჩამოთვალა არგუმენტები ოპერაციის ჩატარების სასარგებლოდ და ვენსი დაეთანხმა მას, თუმცა დასძინა, რომ „უბრალოდ, ძალიან არ უნდა, ისევ გამოიყვანოს რთული სიტუაციიდან ევროპა“.
„სრულად ვიზიარებ თქვენს ზიზღს ევროპელების მუქთახორობის მიმართ”, – უპასუხა ჰეგსეთმა და ევროპელების ქცევას „საცოდავი“ უწოდა.
დისკუსიის დასასრულს პრეზიდენტის შტაბის უფროსის მოადგილე სტივენ მილერმა დაწერა, რომ ევროპას უნდა აუხსნან ამერიკული დახმარების ფასი და ის, რომ გაწეული მომსახურებისთვის საჭიროა ფინანსური კომპენსაცია. ტრამპის სხვა მრჩევლები დაეთანხმნენ მას, რომ ევროპამ უნდა გადაიხადოს [გაწეული სამსახურისთვის].
როგორც ჩათში ეს და სხვა შეტყობინებები აჩვენებს, ტრამპის გუნდი დარწმუნებულია, რომ იემენზე საჰაერო თავდასხმებს შეუძლია სწრაფად და სამუდამოდ აღადგინოს სუეცის არხის გავლით ნავიგაციის თავისუფლება და რომ ევროპა ამით დიდ სარგებელს მიიღებს. მაგრამ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინა მცდელობებს, შეეჩერებინათ ჰუსიტების თავდასხმები, არ მოჰყოლია მყისიერი წარმატება და ევროპამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ალტერნატიულ მარშრუტებში მოახდინა ინვესტირება.
ერთადერთი მყისიერი შედეგი იყო ინფორმაციის გაჟონვა და შოკი, რომელიც ამ ევროპულ დედაქალაქებში გამოიწვია.
„ასეთი კომენტარები აძლიერებს ევროპის შიშებს იმის თაობაზე, რომ მალე შესაძლოა ამერიკა ევროპის დამცველიდან გადაიქცეს რაღაცად, რომელიც უფრო ექსპლუატატორს გვაგონებს“, – წერს ჟურნალი Economist-ი. გრენლანდიასთან დაკავშირებული ამბები, მაღალი რანგის დელეგაციის გუშინდელი დაუპატიჟებელი სტუმრობა მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე და ჯეი დი ვენსის რიტორიკა და მის მიერ გაჟღერებული მუქარებიც ამაზე მეტყველებს.
Washington Post-თან ინტერვიუში კი გერმანული ბუნდესტაგის დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ვირეგტემ თქვა, რომ ეს მიმოწერა აჩვენებს, რომ აშშ აღარ არის ევროპის საიმედო პარტნიორი. „ჩვენ აღარ უნდა დავხარჯოთ დრო კამათში, საიმედოა თუ არა აშშ, როგორც ევროპის უსაფრთხოების გარანტი“, – აცხადებს ვირეგტე.
ლონდონის რეაქცია კი, ტრადიციულად, ირონიის დოზით იყო შეზავებული: „აშკარაა, რომ ჯეი დი ვენსს და მის მეგობრებს ჯგუფურ ჩატთან გამკლავებაც არ შეუძლიათ, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოს უძლიერეს არმიაზე. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უნდა ღელავდნენ იმ სადაზვერვო მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც მათ ვუზიარებთ“, – დაწერა X-ზე ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ედ დეივიმ.
ჯგუფური ჩატიდან გაჟონილი ინფორმაციის „ატლანტიკში“ გამოქვეყნების სკანდალამდე იყო ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის და ახლა უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე სტივ უიტკოფის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან, რომლის დროსაც მან ევროპა გააკრიტიკა და ქმედუუნარო უწოდა. ამ ინტერვიუმ გააოგნა ამერიკის მოკავშირეები, რომლებმაც მასში რუსული პროპაგანდის გამეორება დაინახეს, წერს New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი გამოქვეყნებულ სტატიაში სვამს კითხვას: რატომ სძულს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპა? და ცდილობს, ამ კითხვას ჯგუფური ჩატიდან გაჟონილი გზავნილებით გასცეს პასუხი.
გამოცემა წერს, რომ პირველი, რაც უნდა ახსოვდეთ თავზარდაცემულ ევროპელებს, არის ის, რომ ვენსი თავისი ასეთი მიდგომით ამერიკულ მეინსტრიმს წარმოადგენს.
ამერიკა, პირველ რიგში, გაღიზიანებულია იმით, რომ ევროპელები თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ. როგორც The Telegraph-ი აღნიშნავს, ასეთი ტიპის გაღიზიანება არახალია და ის აშშ-ის ორპარტიული პოლიტიკური ტრადიციაა. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ჯონ კენედიმ წამოჭრა 60-იან წლებში.
BBC კი ასკვნის, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის რიტორიკა და, მით უფრო, მისი გზავნილები გაჟონილ ჯგუფურ ჩატში აჩვენებს, რომ პრობლემები უფრო ღრმაა – ევროპას და აშშ-ს ახლა, როგორც ჩანს, განსხვავებული ღირებულებები აქვს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები