იტალიაში ტურისტული ავტობუსი მდინარე პოში გადავარდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

იტალიაში, ტურინში, ვიტორიო ვენეტოს მოედანთან, ვიტორიო ემანუელ I-ის ხიდიდან ტურისტული ავტობუსი მდინარე პოში გადავარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაში მარტო იმყოფებოდა.
მდინარეში ჩავარდნის შემდეგ ავტობუსი ნაწილობრივ ჩაიძირა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების, მყვინთავების, მედიკოსებისა და სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.
მაშველებმა მამაკაცი ავტობუსიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს და გარდაცვალება დაადასტურეს.
დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც მართვადაკარგული ავტობუსის ტრაექტორიაში მოხვდნენ. ისინი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა.
კომენტარები