მოგზაურობამსოფლიო

ესპანეთი: გადასახადები, აკრძალვები და ჯარიმები – რა ახალი წესები მოქმედებს ტურისტებისთვის 2025 წელს

თბილი და მზიანი კლიმატი, 5000 კმ სანაპირო ზოლით და მსოფლიო დონის საკვები და ღვინო – აი რატომ რჩება ესპანეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან.

2024 წელს ესპანეთს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ესტუმრა – 94 მილიონი ადამიანი, რაც 10 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. უცხოელმა ტურისტებმა დაახლოებით 126 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც ეროვნული მშპ-ს დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენდა.

მაგრამ ტურისტების ნაკადი შემოსავლების პარალელურად უამრავ პრობლემას ქმნის, რომელთაგან ზოგიერთის გამოსწორებას ესპანეთი 2025 წელს ცდილობს. გასული წლის შემდეგ, რომელიც ტურიზმის წინააღმდეგ გახმაურებული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით აღინიშნა, ქვეყანას შემოაქვს ან განიხილავს და აპირებს შემოიტანოს ახალი რეგულაციების სერია, რათა როგორღაც დააბალანსოს ადგილობრივების მოთხოვნილებები და ვიზიტორების მზარდი  რაოდენობის გავლენა.

ახალი წესები სხვადასხვა დონეზეა დაწესებული – ზოგი საერთოეროვნულზე, ზოგი კი მხოლოდ ცალკეულ ქალაქსა და დაბაში – და მათი უცოდინარობა ტურისტებისთვის შესაძლოა დანაღმულ ველად იქცეს.

ამიტომ, რამდენადაც ზოგიერთი რეგულაცია ასობით ევროს ჯარიმას აკისრებს დამრღვევს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ და რას უნდა ელოდოთ წელს ესპანეთში მოგზაურობის დაგეგმვისას.

რა უნდა გაითვალისწინოთ ესპანეთში შესვლისას?

ესპანეთში ტურისტებისთვის შესვლის მოთხოვნები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან ჩახვედით, რამდენ ხანს გეგმავთ დარჩენას და რა მიზნით მოგზაურობთ.

ვიზიტორებისთვის ევროკავშირის, EEA-ს ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან ესპანეთში შესვლა, როგორც ადრე, ახლაც საკმაოდ მარტივია. საჭიროა მხოლოდ ეროვნული პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ყოფნის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუმცა თუ ვიზიტორები 90 დღეზე მეტხანს აპირებენ დარჩენას, მაშინ დარეგისტრირება მოუწევთ.

სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა მოგზაურთათვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და აშშ-იდან.

მაშინაც კი, თუ ესპანეთში მხოლოდ ერთი დღით იმყოფებით, დაგჭირდებათ პასპორტი, რომელიც ძალაშია მინიმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან, ასევე, ხუთამდე სხვა დოკუმენტი.

2025 წლისთვის ესპანეთი საზღვარზე მოითხოვს სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვიზიტორებისთვის. ასევე, უნდა გქონდეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რადგან შეიძლება მისი წარდგენა მოგთხოვონ.

ასევე, უნდა აჩვენოთ, რომ გაქვთ საკმარისი სახსრები ესპანეთში ყოფნის ხარჯების დასაფარავად და დაადასტუროთ თქვენი სასტუმროს ჯავშანი. თუ საკუთარ სახლში ან ბინაში აპირებთ დარჩენას, მისამართის დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ.

მათთვის, ვინც მეგობრებთან, ნათესავებთან ან მესამე პირებთან აპირებთ დარჩენას, შეიძლება საჭირო გახდეს “carta de invitation” (მოწვევა) იმ პირისგან, ვისთანაც იმყოფებით ან მისი მისამართის დამადასტურებელი საბუთი.

თუ ესპანეთში მოგზაურობას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის ახალი ევროპული სისტემა (ETIAS) 2025 წლის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება. ეს სამოგზაურო ნებართვა 7 ევრო  ღირს, მისი მიღება შესაძლებელია ონლაინ და თუ განაცხადი დაკმაყოფილდება, ნებართვა 3 წელი იქნება ძალაში.

რა პირობები იმოქმედებს მიმდინარე წელს?

2025 წლის 2 იანვარს ესპანეთის მთავრობამ შემოიღო ახალი შეზღუდვები მოკლევადიან გაქირავებაზე. ახლა უკვე ქონების ნებისმიერი მფლობელი, რომელსაც საკუთარი საცხოვრებლის გაქირავება სურს, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ მონაცემთა ბაზაში და მიიღოს ნებართვა, სანამ  დაჯავშნის პლატფორმებზე ინფორმაციას განათავსებს გასაქირავებელი ობიექტის შესახებ.

ასევე, მფლობელებს მოეთხოვებათ შეაგროვონ კონფიდენციალური პერსონალური ინფორმაცია თავიანთი სტუმრების შესახებ, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები და პირადი იდენტიფიკატორები. ესპანეთმა, ასევე, წამოაყენა წინადადება მოკლევადიან გაქირავებაზე დღგ-ის 10 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, რასაც სასტუმროები იხდიან. ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანაში ყოფნა გაძვირდეს.

კომპანია Airbnb-მ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აქამდე განხორციელებულმა მსგავსმა ზომებმა სხვა ქალაქებში მოკლევადიან გაქირავებაზე სასურველი შედეგი ვერ მოიტანა ტურისტების მეტისმეტად გაზრდილ ნაკადთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ბარსელონა აპირებს, დაკეტოს ქალაქში მდებარე 10 000-ვე ბინა, რომლებსაც ამ დროისთვის აქვს ლიცენზია მოკლევადიან გაქირავებაზე. Airbnb-თ ბინების გაქირავების ლიცენზიები აღარ გაგრძელდება, ხოლო ახალი ობიექტების გახსნაზე მერია უარს იტყვის. კატალონიის დედაქალაქი იმედოვნებს, რომ 2028 წლისთვის მთლიანად უარს იტყვის ტურისტებზე ბინების მოკლე ვადით გაქირავებაზე.

რომელი ტურისტული გადასახადების გადახდა მოგიწევთ ესპანეთში ყოფნისას

ესპანეთში ტურისტული გადასახადი 2012 წლიდან არსებობს, როდესაც კატალონიამ შემოიღო „ეკოგადასახადი“ €0,60-იდან €3,50-მდე ერთი ღამისთვის. ახლა კი რამდენიმე ქალაქმა და რეგიონმა შემოიტანა ტურისტული გადასახადი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოთ, როგორც წესი, სასტუმროში დაბინავებისას.

გადასახადი ტურისტებისთვის ბარსელონაში – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია ევროპაში, ხოლო 2025 წელს გაორმაგდა. მარტის დასაწყისში კატალონიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ბარსელონას  და კატალონიის სხვა ქალაქებს უფლებას აძლევს, გაზარდონ გადასახადი 3.50 ევროდან 7 ევრომდე ღამეში ლუქსკლასის სასტუმროებისთვის.

გადასახადი ნაკლებად მდიდრულ სასტუმროებშიც ორმაგდება, თუმცა შედარებით მცირე რჩება: 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში შეადგენს 3.40 ევროს ღამეში. საკრუიზო ლაინერების მგზავრებმა კი უნდა გადაიხადონ 6 ევრო 3 ევრო ნაცვლად, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით შედიოდნენ ესპანეთში.

ამას გარდა, ბარსელონაში მოქმედებს მუნიციპალური მოსაკრებელი 4 ევროს ოდენობით ერთ ღამეში, რომელიც, აგრეთვე, შეიძლება გაორმაგდეს 2025 წელს. ამრიგად, ერთი ღამისთვის გადასახადის მთლიანი ოდენობა შეადგენს €15 ყველაზე მდიდრული სასტუმროებისთვის, დღგ-ს ჩათვლით.

ბალეარის კუნძულებს, მაიორკის, იბიცისა და მენორკის ჩათვლით, მიეცათ უფლება, გაზარდონ გადასახადი 4 ევროდან 6 ევრომდე ერთ ადამიანზე ღამეში. ყველაზე მაღალი ტარიფები დაწესდება მათთვის, ვინც პიკის პერიოდში (ივნისი, ივლისი და აგვისტო) და ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში ისვენებს.

კანარის კუნძულები ასევე განიხილავენ ტურისტული გადასახადის შემოღებას შარშანდელი საპროტესტო აქციების შემდეგ. პირველი ნაბიჯი კუნძულ გრან-კანარიაზე მდებარე ქალაქმა მოგანმა გადადგა, რომელმაც იანვარში შემოიღო გადასახადი ერთ ადამიანზე დღეში 0,15 ევრო.

ესპანეთის სხვა ქალაქებში, სანტიაგო-დე-კომპოსტელასა და ტოლედოში, 2025 წლიდან ახალი ტურისტული გადასახადები შემოვა, 1 ევროდან 2.50 ევრომდე ერთ ადამიანზე ღამეში.

ჯარიმები „ცუდი ქცევისთვის“

გარდა გადასახადებისა და საცხოვრებლის ქირაობის შესახებ წესებისა, ზოგიერთ ესპანურ ქალაქს ტურისტების ქცევისთვის საკმაოდ უჩვეულო წესები აქვს.

ალკოჰოლური სასმელების დალევის აკრძალვა ბარსელონასა და ბალეარის კუნძულებზე

სიმთვრალის გამო დებოშის აღკვეთის მიზნით, ბარსელონა 1-ლი ივნისიდან აკრძალავს პაბებში გართობას ისტორიულ ეშამპლეს რაიონში. ძველ ქალაქში – Ciutat Vella-ს რაიონში – პაბებში გართობა 2012 წლიდან უკვე აკრძალულია და აკრძალვა მინიმუმ 2028 წლამდე იქნება ძალაში.

ბალეარის კუნძულებზე ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ყველა დიდ კურორტებზე 2024 წლის მაისიდან შეიზღუდა. წესები ვრცელდება ლუკმაიორში, პალმასა და კალვიაში მაიორკაზე და სან-ანტონიოში იბიცაზე. ქუჩაში სპირტიანი სასმელების დალევა აკრძალულია, ხოლო მაღაზიებს არ აქვთ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის უფლება საღამოს 21:30-დან დილის 8 საათამდე.

ამ წესების დარღვევა იწვევს ჯარიმას 750 ევროდან 1500 ევრომდე დესტრუქციული ქცევისთვის, ან 3000 ევრომდე ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის.

მაიორკაზე ტურისტებისთვის ავტომობილის მართვა აკრძალულია

მანქანების დაქირავებაც გართულდება, რადგან ტურისტებს მოუწევთ, ისეთივე ინფორმაცია მიაწოდონ გაქირავების კომპანიებს, როგორც სასტუმროებს. ზოგიერთი კომპანია საშუალებას აძლევს ტურისტებს, საჭირო ფორმები ჩასვლამდე შეავსონ პროცესის დასაჩქარებლად, მაგრამ მანქანის გამოყვანისას აუცილებლად თან იქონიეთ მოქმედი პირადობის მოწმობა.

მაიორკაზე მდებარე ქალაქმა სოლიერმა გადაწყვიტა, ტურისტებს აუკრძალოს მანქანით მოძრაობა ქალაქის ცენტრში, სადაც ახალი დაბალი ემისიის ზონა შექმნა. ეს წესი ვრცელდება 12 ისტორიულ ქუჩაზე და დაახლოებით 70 ჰექტარ მუნიციპალურ ტერიტორიაზე და ნიშნავს, რომ იქ მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მანქანებისთვის.

ვიზიტორებს, რომლებიც დაურეგისტრირებელ ანუ დაქირავებულ მანქანებს მართავენ, მოეთხოვებათ ავტომობილი გააჩერონ ახლად შექმნილ პარკინგის ადგილებში ისტორიული ქალაქის ცენტრის გარეუბანში.

აკრძალულია პლაჟზე ფანჩატურები და კარვები

ტოროქსი, პოპულარული კურორტი კოსტა-დელ-სოლის სანაპიროზე, კრძალავს კარვების, ფანჩატურებისა და სხვა მსგავსი საჩრდილობელი სტრუქტურების დამონტაჟებას სანაპიროზე. წესი, რომელიც ადგილობრივმა საკრებულომ 24 თებერვალს დაამტკიცა, მიზნად ისახავს ქალაქში უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

მრჩევლები განმარტავენ, რომ ასეთი სტრუქტურები ადგილს იკავებს, ქმნის ხმაურს და თვალთახედვის არეს უკეტავს მაშველებს, რომლებიც მოცურავეების დაცვას ცდილობენ. მათ, ასევე, შეუძლიათ ხელი შეუშალონ სამაშველო სამსახურებს სანაპიროზე დროულად მისვლაში.

Torrox-ი პირველად 2014 წელს მოხვდა გამოცემების ჰედლაინებში – ის მალაგაში პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელმაც დააჯარიმა სანაპიროზე ტურისტები, რომლებიც ცდილობდნენ ადგილების დაბევებას შეზლონგების, ქოლგების ან პირადი ნივთების უყურადღებოდ დატოვების გზით.

ესპანეთში მოწევისთვის შეიძლება დაჯარიმდეთ

ბოლო წლებში ესპანეთი აქტიურად ებრძვის მოწევას. მიუხედავად იმისა, რომ მოწევა 2011 წლიდან აკრძალულია დახურულ სივრცეში, რიგ ადგილებში ღია ცის ქვეშ, აგრეთვე, არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ტურისტებმა უნდა იცოდნენ.

ბარსელონა გახდა პირველი დიდი ქალაქი ესპანეთში, რომელმაც აკრძალა მოწევა თავის პლაჟებზე, მას შემდეგ კი აკრძალვა კიდევ 100-ზე მეტმა პლაჟმა შემოიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბალეარის კუნძულებზე 28 პლაჟი ახლა მოწევისგან თავისუფალი ზონაა. იბიცაზე ეს არის Playa de Santa Eulalia del Rio და Playa de Talamanca; მაიორკაზე – სან-ხუანი, სანტა-პონსა, კალა-ესტანცია და სხვა; მენორკაზე მოწევა აკრძალულია Binisafuller-სა და Platja Gran-ზე.

ესპანეთის სხვა რეგიონებში მოწევისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა 53 პლაჟი ანდალუსიაში, 61 პლაჟი კანარის კუნძულებზე და 18 პლაჟი კოსტა-დელ-სოლზე. კოსტა-ბლანკაზე მოწევა ყოველ მეოთხე პლაჟზე აკრძალულია.

ტრადიციული მოწევის გარდა, წესების ცვლილების თანახმად, რამდენიმე ადგილას ვეიპინგიც აიკრძალა. ასეთი ზომები მოქმედებს ათ პლაჟზე ბარსელონაში და 28-ზე – ბალეარის კუნძულებზე.

ზღვაში მოშარდვა შეიძლება უფრო მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე, უბრალოდ, შერცხვენა

ესპანეთს სურს, ხელი შეუშალოს ზღვაში მოშარდვას.

ორი წლის წინ ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქმა ვიგომ დააწესა ჯარიმები „პლაჟზე ან ზღვაში ფიზიოლოგიური ევაკუაციისთვის“. მის კვალდაკვალ მალაგამ ასევე აკრძალა წყალში შარდვა 25 მუნიციპალურ პლაჟზე და ჯარიმის გაზრდას 300-დან 750 ევრომდე აპირებს.

მალაგის რეგულაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ თუ მას მიიღებენ, შესაძლოა, ასევე, აიკრძალოს სხვა დესტრუქციული აქტივობები, როგორიცაა: ბურთებით თამაში, ძაღლების წყალში შეშვება და ქოლგებით ტერიტორიების დარეზერვება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ტურისტული კანონების დარღვევა

ესპანეთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დამაბნეველი ჩანდეს, გადასახადებით დაბეგვრის წესების უმეტესობა უნდა დაიცვას მან, ვინც საცხოვრებელს გაძლევთ. ტურისტული გადასახადები ბინის მფლობელმა უნდა გადაახდევინოს სტუმარს და შემდეგ დეკლარირება მოახდინოს ადგილობრივ მთავრობასთან. ამ პირობის ნებისმიერი შეუსრულებლობა პრობლემას შეუქმნის ქონების მფლობელს და არა ტურისტს.

დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ნებისმიერი მოგზაურობის ბუნებრივი ნაწილია. ხელთ გქონდეთ ისინი სასაზღვრო კონტროლის გავლისას იმ შემთხვევისთვის, თუ  წარდგენას მოგთხოვენ და თვალი ადევნეთ სიახლეებს ETIAS-ის (მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა) ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ცუდ ქცევას, ჩვეულებრივ, საკმარისია იყოთ თავაზიანი და ყურადღებიანი ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმები. თუმცა იმისათვის, რომ ახალი ადგილობრივი შეზღუდვების არცოდნის გამო პრობლემები არ შეგექმნათ, სასტუმროში ან ტურისტულ სააგენტოში დააზუსტეთ, რა სავალდებულო წესები მოქმედებს თქვენს დანიშნულების ადგილზე.

ნინო ხოშტარია

წყარო: euronews.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close