„ეს უბრალოდ სიზმარს ჰგავს“ – სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მან მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი – 34 ქულა მოიპოვა.
„სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ-იორკ ნიქსი“ 120:105 დაამარცხა. მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი და 27 წამი დაყო. ამ დროის მანძილზე ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 14-დან 13 ტყორცნა (93-პროცენტიანი სიზუსტე) და ერთი საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის ანგარიშზე 7-დან 7 ზუსტი სამქულიანია.
დარბაზი ფეხზე დაუდგა სანდრო მამუკელაშვილს „მამუს“ შეძახილებით და თანაგუნდელებმაც ემოციურად მოულოცეს ქართველ რეკორდსმენს კარიერის საუკეთესო მატჩი.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ახლა თავს როგორ ვგრძნობ, ეს უბრალოდ სიზმარს ჰგავს. მამაჩემი და ჩემი ძმა ესწრებოდნენ თამაშს, ასე რომ, ეს განსაკუთრებული საღამო იყო ჩემთვის. მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მეხმარებიან იმაში, რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდე“, – აღნიშნა სანდრომ მატჩის შემდგომ ინტერვიუში.
აქამდე NBA-ს ისტორიაში 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა (33) ამერიკელ უკანახაზელს, ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა მოპოვებული, რომელიც ამჟამად „ბოსტონ სელტიქსის“ რიგებში თამაშობს.
აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ NBA-ს შეხვედრებში 34 ქულა არცერთ ქართველ კალათბურთელს არ დაუგროვებია. მანამდეც ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი მამუკელაშვილს ჰქონდა – 2022 წლის 10 აპრილს „კლივლენდ კავალიერსთან“ შეხვედრაში მის ანგარიშზე 28 ქულა იყო. მაშინ იგი „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა და ზაზა ფაჩულიას შედეგი (27 ქულა) გააუმჯობესა.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ქართველი კალათბურთელი ნიუ-იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
ქართველი კალათბურთელი ნიუ-იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
კომენტარები