ვიდეომსოფლიოტექნოლოგიებიჩვენი ფავორიტი

სამყაროს გაგების პარადიგმა იცვლება?! – ბნელი ენერგიის კვლევამ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეჭვქვეშ დააყენა

„ეს დრამატული მომენტია... არსებობს შანსი, რომ ჩვენ ნამდვილად უდიდესი აღმოჩენის ზღვარზე ვართ“

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბნელი ენერგია – იდუმალი ძალა, რომელიც სამყაროს გაფართოებას იწვევს, ისეთ ცვლილებებს განიცდის, რომ ეჭვქვეშ აყენებს დროისა და სივრცის ჩვენს ამჟამინდელ გაგებას.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ  ბოლო დროის უდიდესი ასტრონომიული აღმოჩენის ზღვარზე არიან. წინასწარი დასკვნები მეტყველებს იმაზე, რომ აღმოჩენამ შესაძლოა მოითხოვოს ფუნდამენტური გადახედვა სამყაროს მოწყობის შესახებ არსებული თეორიებისა, რომლებიც ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზეა დაფუძნებული.

ამ შედეგების დასამტკიცებლად საჭიროა მეტი მონაცემი, თუმცა უკვე ახლა პროფესორი ოფერ ლაჰავი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ამბობს, რომ ჩვენ, შესაძლოა, სამყაროს ჩვენეული გაგების პარადიგმის ცვლილების მოწმენი ვხდებით.

„ეს დრამატული მომენტია“, – განუცხადა მან BBC-ს.

ბნელი ენერგიის აღმოჩენა 1998 წელს, თავისთავად, შოკისმომგვრელი იყო. ადრე ითვლებოდა, რომ სამყაროს გაფართოება დიდი აფეთქების ანუ მისი დაბადების შემდეგ გრძელდება, მაგრამ გრავიტაციის გავლენით უნდა შენელდეს. თუმცა ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გაფართოების პროცესი, პირიქით, ჩქარდება. მეცნიერებმა არ იცოდნენ, რა ძალა იწვევს ამას, ამიტომ დაარქვეს ამ ძალას ბნელი ენერგია – სახელი, რომელიც მათ უცოდინარობას გამოხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არარის ზუსტად ცმობილი, რას წარმოადგენს ბნელი ენერგია (ეს მეცნიერებისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანაა), ასტრონომებს შეუძლიათ მისი გაზომვა და ამ ენერგიის შესაძლო ცვლილების შესწავლა იმაზე დაკვირვებით, სამყაროს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში როგორ შორდებოდნენ გალაქტიკები ერთმანეთს სულ უფრო და უფრო მზარდი სიჩქარით.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შექმნილი ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთია ბნელი ენერგიის შემსწავლელი სპექტროსკოპიული მოწყობილობა (DESI) კიტ-პიკის ეროვნულ ობსერვატორიაში, რომელიც ქალაქ ტუსონის (არიზონა) მახლობლად მდებარეობს. იგი 5000 ოპტიკურბოჭკოვანი სენსორისგან შედგება, თითოეული მათგანი წარმოადგენს რობოტიზებულ ტელესკოპს, რომელიც სწრაფად ახდენს გალაქტიკების სკანირებას.

გასულ წელს DESI-ს მკვლევრებმა აღმოაჩინეს მონაცემები, რომლებიც მოწმობს, რომ ბნელი ენერგიის გავლენა დროთა განმავლობაში იცვლებოდა.

სიჩქარე, რომლითაც სამყარო ფართოვდება, კვლავ იზრდება, მაგრამ რაღაც მომენტში ამ აჩქარებამ შენელება დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში (თუ შენელება გაგრძელდება) ის უარყოფითი გახდება, შემდეგ კი გაფართოება შეიძლება საპირისპირო მიმართულებით წავიდეს და ეგრეთ წოდებული Big Crunch-ით (დიდი შეკუმშვა) დასრულდეს – პროცესით, რომელიც დიდი აფეთქების (Big Bang) საპირისპიროა.

როგორც Guardian-ი აღნიშნავს, აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ბნელი ენერგია იყო მუდმივი სიდიდე, რაც უფრო სავარაუდოს ხდიდა განკითხვის დღის სხვა სცენარს: დიდ გამყინვარებას, ანუ სამყაროს სითბურ სიკვდილს მზარდი ენთროპიის შედეგად.

ბევრი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ იყო გაუმართაობა მონაცემთა შეგროვებაში. მაგრამ ერთი წლის შემდეგ „გაუმართაობა“ მხოლოდ გაძლიერდა.

„ამჟამად მტკიცებულებები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე“, – ამბობს პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორი სეშადრი ნადათური.

„ჩვენ ჩავატარეთ ბევრი დამატებითი ტესტირება და ეს აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ შედეგები არ არის განპირობებული უცნობი ფაქტორებით, რომლებიც გავლენას ახდენენ მონაცემებზე“, – დასძინა მან.

ახალ მონაცემებს ჯერ არ მიუღწევია იმ ზღვრამდე, რომელიც აღმოჩენის ოფიციალური აღიარებისთვის არის საჭირო, მაგრამ უკვე მიიპყრო მრავალი ასტრონომის ყურადღება, მათ შორის, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორ კეტრინ ჰეიმანსისაც, რომელსაც შოტლანდიის სამეფო ასტრონომის ტიტული აქვს.

„ბნელი ენერგია იმაზე უცნაური აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, – განუცხადა მან BBC-ს. – 2024 წელს მონაცემები ძალიან ახალი იყო და არავინ იყო მათში დარწმუნებული, თუმცა ახლა, როცა მეტი მონაცემი გაჩნდა და სამეცნიერო საზოგადოებამ გულმოდგინედ შეისწავლა ისინი, მართალია ჯერ კიდევ არის ალბათობა, რომ მონაცემებში ეს შეუსაბამობა გაქრება, თუმცა კვლავაც არსებობს შანსი, რომ ჩვენ ნამდვილად უდიდესი აღმოჩენის ზღვარზე ვართ“.

რა იწვევს ამ ცვლილებებს?

„არავინ იცის! – ამბობს პროფესორი ლაჰავი. – თუ კვლევის ახალი შედეგი სწორია, მაშინ ჩვენ უნდა ვიპოვოთ მექანიზმი, რომელიც ამ ცვლილებებს იწვევს. და ეს შეიძლება ნიშნავდეს სრულიად ახალი თეორიის შექმნას, რაც სიტუაციას აბსოლუტურად ამაღელვებელს ხდის“.

DESI მონაცემების შეგროვებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს. დაგეგმილია დაახლოებით 50 მილიონი გალაქტიკისა და სხვა კაშკაშა ობიექტების გაზომვა. ამან საბოლოოდ უნდა დაადასტუროს ან უარყოს მეცნიერთა დაკვირვებები.

„ჩვენი ამოცანაა, მივცეთ სამყაროს საშუალება, მოგვიყვეს, როგორ არის მოწყობილი და შესაძლოა ის გვეუბნება, რომ ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს ანდრეი ცუცეუ, კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარი.

DESI-სთან თანამშრომლობს 900-ზე მეტი მკვლევარი მსოფლიოს 70-ზე მეტი ინსტიტუტიდან. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბნელი ენერგიის შესახებ ბევრს გაიგებენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისიის მეშვეობით: ტელესკოპი „ევკლიდე“ (Euclid) შეძლებს უფრო შორს გაიხედოს და კიდევ უფრო დეტალური მონაცემები მიაწოდოს სწავლულებს. „ევკლიდე“  2023 წელს გაუშვეს, 18 მარტს კი ESA-მ მისი მეშვეობით მიღებული ახალი გამოსახულებები გამოაქვეყნა.

წყარო: bbc.com

შემოკლებული ვერსია

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close