როზმარინი შეიცავს ნაერთს, რომელიც ძლიერ ეფექტიანი აღმოჩნდა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ

ალცჰაიმერის დაავადების ახალ სამკურნალო საშუალებასთან შეიძლება არც ისე ბევრი გვაშორებდეს და ამის მიზეზი საკმაოდ გავრცელებულ მცენარეში აღმოჩენილი ნაერთია.
კარნოზინის მჟავა როზმარინსა და სალბში გვხვდება; ცნობილია თავის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. თუმცა, სუფთა სახით ის არასტაბილურია.
კალიფორნიაში ჩატარებულ ახალი კვლევის მიმდინარეობისას ხელოვნურად შექმნეს ამ ნაერთის სტაბილური წარმოებული, რომელმაც იმედისმომცემი შედეგები აჩვენა სამოდელო თაგვებზე.
თაგვებს, რომლებსაც სტაბილური წარმოებული მისცეს, გაუძლიერდათ მეხსიერება, ჰქონდათ უფრო მეტი ნეირონული სინაფსი, შემცირებული ანთება და მეტად გამოიდევნა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტოქსიკური ცილები.
ეს კი მოიცავს ალცჰაიმერის დაავადების მრავალ ნიშანს, რომლებიც კლავენ სინაფსების დიდ რაოდენობას, არღვევენ ნეირონული კომუნიკაციის მთავარ გზებს, მეხსიერების დაკარგვა კი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ეფექტია.
„ჩავატარეთ მრავალი სხვადასხვა ტესტი მეხსიერებაზე და წამალმა ყველა მათგანში გაუმჯობესება აჩვენა. ის არა მხოლოდ ამცირებს დასუსტებას, არამედ, პრაქტიკულად, ნორმალურ დონემდე გააუმჯობესა“, – ამბობს სკრიპსის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერი სტიუარტ ლიპტონი.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც მკვლევრები წააწყდნენ, იყო კარნოზინის მჟავას სტაბილურ ფორმაში გადაყვანა, რომელიც ტვინში იმდენ ხანს გაძლებდა, რომ ეფექტი ჰქონოდა. ფართო ტესტირების შემდეგ მათ შესაფერის დი-აცეტილირებულ ფორმას (diAcCA) მიაგნეს.
ნაწლავები diAcCA-ს კარნოზინის მჟავად იქამდე გარდაქმნის, ვიდრე ის სისხლის მიმოქცევის სისტემაში შევა. დაადგინეს ისიც, რომ სისხლში ის 20 პროცენტით უკეთესად შეიწოვება, ვიდრე სუფთა კარნოზინის მჟავა. გარდაქმნის შემდეგ კარნოზინის მჟავამ თავის ტვინში სამკურნალო დონეს ერთ საათში მიაღწია.
ალცჰაიმერის გარკვეული ფორმის მქონე თაგვებს diAcCA-ს ან პლაცებოს სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ აძლევდნენ. მკვლევრები აკვირდებოდნენ ეფექტებს თავის ტვინის ქსოვილზე და იმასაც, როგორ ასრულებდნენ თაგვები მათი მეხსიერებისა და სწავლის უნარის შეფასებისთვის შექმნილ სავარჯიშოებს.
ნაერთ diAcCA-ს თაგვებზე რაიმე ტოქსიკური ეფექტი არ აღმოაჩნდა; მათ ტვინში შემცირდა იმ ცილების დაგროვება, რომლებიც ალცჰაიმერით გამოწვეული დაზიანების ნიშნად მიიჩნევა.
„diAcCA-ს ნაერთით ანთებასა და ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლით რეალურად გავზარდეთ ტვინში სინაფსების რაოდენობა. ასევე, მოვაშორეთ არასწორად დაკეცილი ან დაგროვებული ცილები, მაგალითად, ფოსფორილირებული ტაუ და ამილოიდ ბეტა, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევად მიიჩნევა და დაავადების პროცესში ბიომარკერების როლს ასრულებს“, – ამბობს ლიპტონი.
ეს ყველაფერი ძლიერ იმედისმომცემია, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა. კლინიკური ცდებია საჭირო, რათა დადასტურდეს, რომ diAcCA-ს ადამიანის თავის ტვინზეც იგივე ეფექტი აქვს. კარნოზინის მჟავას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე, რაც წინა კვლევებშიც დადასტურდა, ლიპტონს და მის კოლეგებს იმედი აქვთ, რომ მკურნალობის იგივე მეთოდი შეიძლება ანთებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებებისთვისაც გამოდგეს – თუნდაც მე-2 ტიპის დიაბეტის ან პარკინსონის დაავადების.
diAcCA-ს გარდა, არსებობს ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა პოტენციური საშუალებებიც. ვინაიდან ეს ნაერთი კარნოზინის მჟავას მოდიფიცირებული ფორმაა, რომელიც უკვე ცნობილია, რომ მოხმარებისთვის უსაფრთხოა, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი პრეპარატები დაჩქარებული ტემპით შეიქმნება.
კვლევა ჟურნალ Antioxidants-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scripps.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
მიხეილ ჭაბუკაშვილი
1 tv.ge
ამავე თემაზე: ალცჰაიმერის დაავადების პრევენცია თუ გსურთ, თქვენს რაციონში ამ ორი პროდუქტის წილი გაზარდეთ
კომენტარები