ჯადოსნური სიტყვა „არა“ – როგორ დავიცვათ თავი „წუწუნა“ ადამიანებისგან

ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მანიპულატორებს – ე. წ. „წუწუნა“ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ჩვენს ცხოვრებას „დაეუფლონ“. გარკვეულწილად ეს თაღლითური „კასტაა“, რომელიც ყოველთვის ცდილობს მიიღოს ის, რაც სურს, დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები სხვების ხარჯზე.
„წუწუნა“ ადამიანები წყევლიან საკუთარ ცხოვრებას, თავს მსხვერპლად წარმოადგენენ, ყველაფერზე და ყველაზე ჩივიან. არც თუ იშვიათად ამ მანიპულაციის მსხვერპლი ჩვენ თავად ვხდებით, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გადავწყვიტოთ ამ ადამიანის პრობლემები, ყოველ შემთხვევაში, ვუსმინოთ მაინც მათ წუწუნს და გაუთავებელ მოთქმას.
ის კი ამ წუწუნს, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, იყენებს მანიპულაციის საშუალებად, რომლის მიზანია ჩვენში დანაშაულის, სიბრალულის გრძნობა გამოიწვიოს და, ამავდროულად, თვითონ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მის თავს ხდება.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე ქრონიკული ნეგატიური განწყობის მქონე ადამიანთან ურთიერთობას და ვიცოდეთ, როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს, რომ არ გავებათ ამ მახეში.
რა უნდა გავაკეთოთ?
1. დაიცავით დისტანცია
ნებისმიერ დროს, როდესაც ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, თავი აარიდეთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ისინი თქვენით მანიპულირებას აუცილებლად დაიწყებენ. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ მათ, მით უკეთ გააცნობიერებთ, რომ გამუდმებით სხვების ნეგატიური აზრების მოსმენისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.
2. აგრძნობინეთ „წუწუნას“, რომ მისი პრობლემა – მისი პრობლემაა
თუ მაინც მოგიწიათ მისი მოსმენა, ურჩიეთ, რომ პრობლემა თავისი ძალებით გადაჭრას.
3. არ აჩვენოთ სისუსტე
არ აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ, მისი პრობლემები გადაწყვიტოთ. ნუ შეეცდებით მოწუწუნის იმ პრობლემის საკუთარ თავზე აღებას, რომლის გადაწყვეტასაც თავად მანიპულატორი არანაირად არ ცდილობს.
4. დაადგინეთ საზღვარი
გახსოვდეთ, რომ „წუწუნა“ ადამიანებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა „არა“-ს თქმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრის და საკუთარი არჩევანის უფლება და უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები და ინტერესები.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ თანაუგრძნოთ, არ დაეხმაროთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. როდესაც ეს ყველაფერი უკიდეგანო წუწუნში გადადის, ხედავთ, რომ მიუხედავად თქვენი მცდელობისა, ეს ადამიანი არანაირ ძალ-ღონეს არ მიმართავს, რომ ვითარება გამოასწოროს, ჯობს, გაეცალოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი პრობლემები ჰყოფნის!
მანანა ბანძელაძე
წუწუნა ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. რატომ? – ქართველი „ექიმი ჰაუსი“ განმარტავს (ვიდეო)
კომენტარები