
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს კვლავ ისაუბრეს ტელეფონით, მეორედ მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განხორციელება დაიწყო. პირველად ტრამპი პუტინს ტელეფონით 12 თებერვალს ესაუბრა (შეგახსენებთ, რომ ტრამპის ინაუგურაცია თეთრ სახლში 20 იანვარს გაიმართა).
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით „განაგრძეს აზრთა დეტალური და გულწრფელი გაცვლა უკრაინასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე“ და „დაადასტურეს თავიანთი მისწრაფება, გააგრძელონ ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად“.
პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსული მხარე მზად არის, ერთობლივად შეიმუშაონ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გზები და, ასევე, მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის იდეას რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30-დღიანი შეჩერების თაობაზე. პუტინმა თქვა, რომ უკვე გასცა ბრძანება სამხედროებისთვის უკრაინულ ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „ТАСС“-ი იუწყება.
„ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში, რუსულმა მხარემ წამოსწია არაერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ეხება საბრძოლო კონტაქტის მთელ ხაზზე შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფას, უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შეჩერებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, „საუბრისას პუტინმა დაადასტურა თავისი პრინციპული მხარდაჭერა უკრაინის კონფლიქტის მყარი მშვიდობიანი რეგულირებისადმი. რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა „კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების“ უპირობო აუცილებლობას“.
პუტინმა ასევე უთხრა ტრამპს, რომ 19 მარტს გაცვლიან პატიმრებს ფორმულით 175 /175-ზე. აგრეთვე, „ჰუმანიტარული მოსაზრებით“, უკრაინულ მხარეს გადასცემენ მძიმედ დაჭრილ 23 უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებსაც ამჟამად რუსეთის საავადმყოფოებში მკურნალობენ.
რაც შეეხება კურსკის ოლქში „ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების დანდობას“, პუტინი ტრამპს „შეჰპირდა“, რომ თუ ისინი ტყვედ ჩაბარდებიან, სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეულად მოპყრობის გარანტიას აძლევს. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს „ძალიან სთხოვა“, კურსკის ოლქში ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცები დაინდოს. ზელენსკი კი ირწმუნება, რომ პუტინი ალყაში მოქცეულ უკრაინელ სამხედროებთან დაკავშირებით „იტყუება“.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის საკითხის დარეგულირებისთვის და ამ მიზნით შექმნიან რუს და ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფებს.
როგორ შეაფასა სატელეფონო საუბარი თეთრმა სახლმა?
თეთრი სახლის განცხადება გაცილებით მოკლე აღმოჩნდა კრემლის განცხადებასთან შედარებით. საუბრის მიმდინარეობისას აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დენ სკავინომ თქვა, რომ ის „კარგად“ მიდის, თუმცა ამის მიუხედავად თეთრი სახლის შემაჯამებელ განცხადებაში უკრაინაში მიმდინარე ომს სულ 2 აბზაცი დაეთმო.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ცეცხლის შეწყვეტით ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, აგრეთვე, ტექნიკური მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და მუდმივ მშვიდობაზე. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ტრამპმა და პუტინმა, აგრეთვე, განიხილეს „სტრატეგიული შეიარაღებების გავრცელების შეწყვეტის აუცილებლობა“, ახლო აღმოსავლეთი, როგორც „პოტენციური თანამშრომლობის რეგიონი მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად“ და ირანი, რომელიც „არ უნდა აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომ ისრაელი გაანადგუროს“.
ტრამპის და პუტინის საუბარი, სულ ცოტა, 1,5 საათს გაგრძელდა. მასთან დაკავშირებით უკრაინის მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია, განიხილა თუ არა ეს საკითხი ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პუტინთან სატელეფონო ზარამდე. თუ კიევი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ეს უკრაინის მოსახლეობისთვის დიდი შვება იქნება – ისინი ხომ 2 წელია, მუდმივად დენის და წყლის მიწოდების შეწყვეტის რეჟიმში ცხოვრობენ.
რაც შეეხება ტყვეების გაცვლას ფორმულით 175/175-ზე, ტყვეების გაცვლა აქამდეც ხდებოდა.
მთავარი მოლოდინი ამ საუბრიდან იყო ტრამპის ინიციატივა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ ფრონტის მთელ ხაზზე. გასულ კვირაში პუტინმა განაცხადა, რომ ამ წინადადებას დაეთანხმება რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, მათ შორის, პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინას სრულად შეუწყდეს დასავლეთიდან სამხედრო დახმარება (სადაზვერვო მონაცემების მიწოდების ჩათვლით), აგრეთვე, შეჩერდეს მობილიზაცია უკრაინის არმიაში. თეთრი სახლის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკა ამ ინიციატივებს არ განიხილავს.
ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ პუტინს არ სურს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდეს. ზელენსკი მოუწოდებს აშშ-ს და სხვა ქვეყნებს, მოახდინონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე.
ცნობისათვის: 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ კიევი მხარს უჭერს 30-დღიანი ზავის იდეას, თუ მოსკოვი ამაზე დათანხმდება. ამის შემდეგ აშშ-მა უკრაინას აღუდგინა ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ შეწყვეტილი სამხედრო დახმარება და განაახლა სადაზვერვო მონაცემების გაზიარება. ტრამპმა 11 მარტს განაცხადა, რომ თუ მოსკოვი უარს იტყვის 30-დღიან ზავზე, შესაძლოა რუსეთის მიმართ „დამანგრეველი სანქციები“ შემოიღონ.
როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ აშკარაა: მხოლოდ ტრამპის დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე დაამთავროს ომი უკრაინაში, საკმარისი არ არის და ამ პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია.
მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა
კომენტარები