დღის თემავიდეოისტორიამსოფლიო

60 წლის წინათ ადამიანი პირველად გავიდა ღია კოსმოსში (ვიდეო)

ამ დაუჯერებელი მისიის მთავარი გმირი იყო საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი

60 წლის წინათ, 1965 წლის 18 მარტს ადამიანი პირველად გავიდა ღია კოსმოსში და ეს საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი იყო. ლეონოვმა ამ მისიის დროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარა – ღია კოსმოსში მას გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვა და მომენტალურად, დამოუკიდებლად მიღებულმა რისკიანმა გადაწყვეტილებამ იხსნა.

ამ ღირსშესანიშნავი მოვლენიდან დღემდე ღია კოსმოსში 12  ქვეყნის წარმომადგენელი 267 მამაკაცისა და ქალის 900-ზე მეტი გასვლა დაფიქსირდა.

1965 წლის 18-19 მარტს კოსმოსური რაკეტა „ვოსხოდ 2“-ის მისია იყო კაფსულიდან კოსმონავტის ღია კოსმოსში გასვლის და მისი უსაფრთხო გადაადგილების შემოწმება, რომელიც ფალით (სპეციალური თოკი) იყო ხომალდთან დაკავშირებული. თუმცა ოპერაცია, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა მთელ მსოფლიოში, სხვაგვარად წარიმართა.

როგორც კი ლეონოვი კაფსულიდან გამოვიდა, მისი სკაფანდრი გაიბერა, რამაც არსებითად შეაფერხა კოსმონავტის მოძრაობები და სახიფათო ბრუნები გამოიწვია, იმდენად სახიფათო, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა. როდესაც ლეონოვი ხომალდზე დაბრუნებას შეეცადა, აღმოჩნდა, რომ გაბერილი სკაფანდრი ხელს უშლიდა, რადგან ხომალდის შესასვლელი კამერა 1 მეტრის სიგანის იყო და 68 სმ სიგანის სკაფანდრით მასში გასვლა გაუჭირდა. ლეონოვი კოსმოსურ ხომალდზე პირველივე მცდელობის შედეგად ვერ დაბრუნდა, კამერიდან უკან გავიდა ღია კოსმოსში და შემდეგ უკვე კამერაში თავით შესვლა სცადა. კოსმონავტმა აუღელვებლად, დედამიწასთან კავშირზე გაუსვლელად, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება – გახსნა სკაფანდრის სარქვლები, რათა ის დაჩუტულიყო და უფრო მეტი მოქნილობა შეეძინა. ძალიან სახიფათო არჩევანი იყო, რის გამოც მან ბევრი სითხე დაკარგა და გულის შეტევის რისკის წინაშე დადგა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ მისცა საშუალება ლეონოვს, ღია კოსმოსში ყოფნის 12 წუთის და 9 წამის შემდეგ კოსმოსურ ხომალდზე დაბრუნებულიყო, სადაც მას მეგობარი – პაველ ბელიაევი ელოდებოდა. მისი თქმით, მძიმე სკაფანდრში 20 წუთის მუშაობის შემდეგ ძალიან დასუსტდა. შემდგომში კოსმონავტი ანგარიშში წერდა, რომ მისი მაჯისცემა 190-მდე ავიდა.

თუმცა პრობლემები აქ არ დამთავრებულა – ლეონოვს და ბელიაევს უკან დაბრუნებისას სახიფათო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ელოდათ. ხომალდ „ვოსხოდ 2-ის“ დედამიწაზე დაბრუნება კოსმონავტებს ხელის მართვით მოუხდათ და დაჯდომისთვის განსაზღვრული ადგილიდან კიდევ 400 კმ იფრინეს. კოსმოსური ხომალდი ტაიგაში დაეშვა, სადაც ორ კოსმონავტს 2 დღე მოუწია ლოდინი დათვებისა და მგლების გარემოცვაში, მინუს 5 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ მიაგნებდნენ და გადაარჩენდნენ.

ლეონოვმა ხედს კოსმოსიდან „გრანდიოზული სურათი“ უწოდა. მისი თქმით, კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდ 2-ს“ საზეიმო შესახედაობა ჰქონდა უკიდეგანო სივრცის ფონზე. ხომალდი თანაბრად იყო განათებული, მიუხედავად თავდაპირველი ვარაუდისა, რომ მასზე ჩრდილები და ნახევარჩრდილები იქნებოდა.

ლეონოვმა მოგვიანებით დეტალურად აღწერა, როგორ გამოიყურებოდა შავი ზღვა და კავკასიის მთები კოსმოსიდან. „ვცადე გემის შემჩნევა [ზღვაში], მაგრამ ვერ დავინახე…“ – იხსენებდა იგი.

კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი მხატვარიც იყო – სწორედ მისი ნახატი „შავი ზღვის თავზე“ ერთვის ამ სტატიას.

იმ დღიდან დღემდე ღია კოსმოსში განხორციელებული 900-ზე მეტი გასვლიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 1984 წელს პირველი ქალის – სვეტლანა სავიცკაიას გასვლა, 1988 წელს კი პირველი ევროპელი ასტრონავტის, ჟან-ლუ კრეტიენის გასვლა. შემდეგ იყო იტალიელი ლუკა პარმიტანო 2013 და 2019 წლებში, აგრეთვე, პირველი ევროპელი ქალი სამანტა კრისტოფორეტი 2022 წელს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close