მიგრაციაქართველები უცხოეთში

2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15 060-მდე მოქალაქემ ითხოვა, მხოლოდ 4% დაკმაყოფილდა

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს (EUAA) მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განაცხადების რაოდენობა ევროკავშირში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში 2024 წელს 11%-ით შემცირდა, თუმცა ზედიზედ მეორე წელია, ერთ მილიონს აღემატება. მთლიანობაში 2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1 014 420-მა ადამიანმა მოითხოვა, 2023 წელს კი თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 1 143 437-ს შეადგენდა.

სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების განაცხადები აღიარების კოეფიციენტი 2024 წელს დაახლოებით 4% იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების 15 059 განაცხადი შევიდა. 2023 წელს მათი რაოდენობა 25 209-ს შეადგენდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების განმეორებითი განაცხადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 17%-ს შეადგენს. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა განმეორებითი განაცხადით, ძირითადად, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში გააკეთეს.

ყველაზე მეტ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იყო შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: სირია (90%), მალი (84%), ერითრეა (81%), უკრაინა (80%), ავღანეთი (63%) და სომალი (60%). სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეთა განაცხადებს აქვს დაკმაყოფილების ყველაზე დიდი შანსი. თუმცა „ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ განაცხადების აღიარების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ავღანელებს, რომლებმაც საბერძნეთში შეიტანეს განაცხადი, 98%-იანი აღიარების მაჩვენებელი ჰქონდათ, ხოლო მათ, ვინც ბელგიას მიმართა, აღიარების გაცილებით დაბალი, 39%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ. განაცხადების აღიარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აქვს თურქეთის, ნიგერიის, პაკისტანის, კოლუმბიის, ტუნისის, მაროკოს, ბანგლადეშისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილ განაცხადებს თავშესაფრის მიღების თაობაზე.

ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის საზღვარი არალეგალურად 239 000 პირმა გადაკვეთა, რაც შარშანდელთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ 2024 წელს შეტანილი 1 014 420 თავშესაფრის განაცხადის უმეტესობა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ევროკავშირში ლეგალური გზებით ჩავიდნენ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close