ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ „ლივერპული“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში „ლივერპულს“ დაუპირისპირდა გასვლით მატჩში, პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.
პირველ შეხვედრაში პარიზელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 0:1, შესაბამისად, საპასუხო შეხვედრის წინ მეტოქეს უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა პარიზული კლუბი, როგორც გამოჩნდა, ინგლისში მოსაგებად ჩავიდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. „ლივერპულმა“ შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ანგარიში „პარი სენ-ჟერმენმა“ გახსნა – სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა მე-12 წუთზე უსმან დემბელემ დააგვირგვინა და „პსჟ“ დაწინაურდა 1:0, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში გათანაბრდა 1:1.
ორ წუთში კვარაცხელიამ ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან 100-პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. 32-ე წუთზე კი ხვიჩას, პრაქტიკულად, საგოლე გადაცემით დემბელემ ვერ ისარგებლა.
სამ წუთში კვარაცხელიას თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ „ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და თავისი გუნდი გადაარჩინა.
მეორე ტაიმში „ლივერპული“ დიდ უპირატესობას ფლობდა, ფრანგები იშვიათად უტევდნენ. ქართველმა თავდამსხმელმა თავი იმით გამოიჩინა, რომ ერთხელ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, მატჩის მიწურულს კი კარშიც დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
საბოლოოდ მეორე ტაიმი „მშრალი“ აღმოჩნდა და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა „პსჟ“-ს სასარგებლოდ.
გოლი არც 15-წუთიან ორ დამატებით ტაიმში გასულა. 101-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.
საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა – ფრანგმა ფეხბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ. პენალტების სერიის გმირი ჯიჯი დონარუმა გახდა, რომელმაც მეტოქის დარტყმული ბურთის მიმართულება 2-ჯერ ზედიზედ გამოიცნო და თან მოგერიებაც შეძლო.
მეოთხედფინალში „პსჟ“-ს მეტოქე ხვალ გაირკვევეა, ბელგიურ „ბრიუგესა“ და ინგლისურ „ასტონ ვილას“ შორის მატჩის შემდეგ. მეოთხედფინალური შეხვედრები 8-9 და 15-16 აპრილს გაიმართება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები