პოლიტიკასაქართველო

მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს – რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, რომელიც 2.5 თვეა, მოსამართლედ არის დანიშნული.

ამაღლობელის ადვოკატებმა დღეს მოითხოვეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმებულიყო – ამაღლობელი გაეთავისუფლებინათ.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ კვლავ ძალაშია „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, „მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს“ და ამიტომ უნდა დარჩეს ის პატიმრობაში.

ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ამ მტკიცებების დასასაბუთებლად.

თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

რა ხდებოდა განხილვისას

სასამართლო სხდომა, შესვენების ჩათვლით, 7 საათი გაგრძელდა.

სასამართლომ არ დაუშვა დაცვის მხარის შუამდგომლობები ამაღლობელის დაკავებისას გადაღებული ვიდეოების დაშვებასთან შესახებ, პროკურატურის შუამდგომლობები კი დასაშვებად ცნო.

„მოიტანეს საქმე, სადაც 7 პოლიციელის გარდა არცერთი ჩვენება არ არის და ისიც კი არ უნდათ, დაასაბუთონ, აღკვეთის ღონისძიება რატომ უნდა იქნას გამოყენებული“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.

მან პროკურორებს მოუწოდა, კონკრეტულად დაასაბუთონ, რატომ მიაჩნიათ, რომ „მიმავლის საფრთხე“ არსებობს, თუმცა უშედეგოდ.

ერთ ეპიზოდში მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა ადვოკატ მაია მწარიაშვილს და თქვა, რომ ის „აგრესიულ ტონს“ იყენებდა, რაზეც მწარიაშვილმა თქვა, რომ უფლება აქვს, თავად შეარჩიოს ტონი.

დარბაზიდან ამაღლობელის კოლეგამ, ზვიად ქორიძემ მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა: „მოუსმინეთ ადვოკატს“!

ამის გამო ზვიად ქორიძეს შენიშვნა გამოუცხადა.

„თავდასხმას გეგმავდა“

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.

როგორც ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის სიტყვიდან გაირკვა, 15 თებერვალს გურიის პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა.

მისი პატაკის თანახმად, – თქვა ქათამაძემ, – ამაღლობელი მობილურით „კომუნიცირებდა“ პოლიციისათვის „დაუდგენელ პირებთან“, ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ინახება ამაღლობელის მობილურში და ამიტომ მოითხოვა ტელეფონზე წვდომა პროკურატურამ.

თუმცა ადვოკატების განცხადებით, ამ დაშვებას რეალობაში საფუძველი არ გააჩნია, ვერ საბუთდება და, სინამდვილეში, შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა სურდეს მისი სამსახურებრივი სენსიტიური და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14:00 საათის ნაცვლად ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო – პროტესტის ფონზე.

სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები. სასამართლოს ესწრებოდა ასევე საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.

მზია ამაღლობელმა სხდომაზე მოსამართლის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. „ტექნიკური ხარვეზების“ გამო, დარბაზში მისი სიტყვები სუსტად ისმოდა.

„ბათუმელები“ ავრცელებს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის მიერ მათთვის გადაცემულ წერილს, სადაც დაპატიმრებული მედიამენეჯერი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს:

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“, – წერს მზია ამაღლობელი.

„საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – წერს ის.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close