მსოფლიოპოლიტიკა

პენტაგონმა უარყო ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მა უკრაინას 500 მილიარდის დახმარება გაუწია – თანხა გაცილებით ნაკლებია

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება იმ რიცხვებს, რომლებიც ტრამპმა დაასახელა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.

OAR-ის (Operation Atlantic Resolve) სპეციალურმა გენერალურმა ინსპექტორმა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გაღებული ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯების საერთო ზედამხედველობას ახორციელებს, თავის ანგარიშში აჩვენა, რომ კონგრესმა უკრაინისთვის $182,8 მილიარდი დაამტკიცა, საიდანაც:

  • ასიგნებულია და ვალდებულებებისთვის ხელმისაწვდომი რჩება, თუმცა ჯერ არ არის გამოყოფილი $39,6 მლრდ;
  • დარეზერვებულია, მაგრამ ჯერ არ არის ათვისებული $57 მლრდ;
  • ათვისებულია $83,4 მლრდ;
  • თანხის გამოყოფის ვადა გავიდა $2,7 მლრდ-ისთვის.

ამრიგად, 2022 წლის 24 თებერვლიდან (როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო), 2024 წლის 31 დეკემბრამდე აშშ-მა უკრაინას გაუწია $83,4 მილიარდის დახმარება, საიდანაც $34,2 მლრდ ანუ 41% იყო ჰუმანიტარული და სოციალური გრანტები USAID-ის ხაზით.

პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 65,9 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა.

ამასთან, დაფინანსება, რომელიც ამერიკამ უკრაინას გამოუყო, მოიცავს ნატოს ხაზით მოკავშირე ქვეყნების დახმარებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამიტომ ყველა ფინანსური დანახარჯი როდი ეკუთვნის უკრაინას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხაზით 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის დეკემბრამდე $40,7 მლრდ დაიხარჯა, საიდანაც $7,04 მლრდ დაიხარჯა სამხედრო მარაგების ანაზღაურებაზე უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის, ამ ქვეყნებს ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვა აღჭურვილობა საწყობებიდან და შემნახველი ბაზებიდან მიეწოდებოდათ.

ეს მომგებიანი პროექტია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის – მოძველებული ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის უტილიზაცია და სანაცვლოდ ახლის წარმოება. უკრაინის დახმარებამ არა მარტო საშუალება მისცა პენტაგონს, ელვის სისწრაფით გაეზარდა აშშ-ის შესაძლებლობები იარაღის წარმოების კუთხით, არამედ, ასევე, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საშუალება მისცა.

აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი ჯონ გ. ფერარი აღნიშნავს, რომ შტატები არა მარტო უკრაინას უგზავნიდა შეიარაღების სისტემებს, რომლებიც ხშირად ათწლეულების წინანდელი იყო, არამედ პარალელურად მათ ნაცვლად შეიარაღებაში ჩნდებოდა უფრო თანამედროვე იარაღი.

„უკრაინისთვის განკუთვნილი 183 მილიარდამდე დოლარის მთლიანი დახმარებიდან დაახლოებით 58 მილიარდი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებში დაიხარჯა.

ეს თანხები პირდაპირ იყო მიმართული ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისკენ ან კიევისთვის გადაცემული ძველი იარაღის ახალი ამერიკული წარმოების იარაღით ჩანაცვლებით, ან ინდუსტრიაში პირდაპირი ინვესტიციებით.

„ამერიკის ხმამ“ თეთრ სახლს მიმართა კომენტარისთვის ტრამპის განცხადების „მათემატიკურ შეუსაბამობებთან“ დაკავშირებით, ადმინისტრაციამ კი ტრამპის ციტირებით გასცა პასუხი:

„საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა აშშ, დაეხარჯა 350 მლრდ დოლარი ომისთვის, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, რომლის დარეგულირებას იგი ვერასდროს შეძლებს აშშ-ისა და ტრამპის გარეშე“, – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში“.

წინაისტორია: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო 500 მილიარდი დოლარის დახმარება და რომ აშშ-ს სურს მიწის წიაღის იშვიათი ლითონები, ნავთობი და „რაც  შეგვიძლია მივიღოთ“, რათა „დავიბრუნოთ მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას გაუწია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინფორმაცია შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული თითქოსდა 500 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ თანხების მინერალებით ან სხვა რესურსებით დაბრუნების მოთხოვნას „არასერიოზული საუბარი“ უწოდა.

შედარებისთვის: კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა უკრაინას €113,13 მლრდ-ის დახმარება გაუწიეს, მათ შორის, €50,05 მლრდ ანუ 44% – სამხედრო დახმარების სახით. დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ –  €24,15  მლრდ, საიდანაც სამხედრო საჭიროებებზე დაიხარჯა €13,59 მლრდ ანუ 56%. იაპონიამ, ტაივანმა, თურქეთმა და სამხრეთ კორეამ – €10,5 მლრდ, სამხედრო საჭიროებებისთვის – €0,14 მლრდ ანუ 1,3%. მთლიანობაში აშშ-ის მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიეს  €147,78 მლრდ-ის ($155,17 მლრდ) დახმარება, აქედან €63,78 მლრდ ($66,97 მლრდ) – სამხედრო დახმარების სახით.

2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის დეკემბრამდე აშშ-ისა და მოკავშირეების დახმარებამ უკრაინისთვის $238,57 მლრდ შეადგინა, მათ შორის, სამხედრო დახმარებისთვის დაიხარჯა $84,67 მლრდ. დახმარების სრულ მოცულობაში აშშ-ის წილი დაახლოებით 35%-ია, ხოლო სამხედრო ხარჯებში წილი – 21%. აშშ უკრაინას საკმაოდ მოკრძალებულ დახმარებას უწევდა და ძალიანაც არ ამძიმებდა თავის ბიუჯეტს.

ცნობისათვის: რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ღირებულებას ამ დროისთვის 524 მილიარდი დოლარით აფასებენ, რაც სამჯერ აღემატება უკრაინის პროგნოზირებულ მშპ-ს 2024 წელს. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის კვლევაში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close