„დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი… კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში“ – სტიქიის ზონიდან კარგი ამბებიც მოდის

დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველო სტიქიის ზონად აქცია. 20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. გუშინდელმა ინტენსიურმა თოვამ კიდევ უფრო გაართულა ვითარება აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონები.
600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, თოვლის ბურანები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალების შესაბამისი ტექნიკა, კერძოდ, მუხლუხებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა. დასავლეთ საქართველოში მოხალისეთა ჯგუფებიც გაემგზავრნენ.
მეხანძრე-მაშველებმა ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები.
გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. როგორც გაირკვა, ჩოხატაურში სამაშველო სამსახურის დახმარებით დროულად მოხერხდა მშობიარე ქალის კლინიკაში გადაყვანა. ახალგაზრდა ქალმა კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა – დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე.
სტიქიასთან ბრძოლა აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ სოფელ ქაქუთისკენ 5-კილომეტრი გზა 9 თვის ფეხმძიმის გამოსაყვანად გაიწმინდა.
თოვლში მოყოლილი პატარა თაია და ბებია-ბაბუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათიდან უვნებლად გამოიყვანეს. ოჯახის წევრი მაკო ჩხარტიშვილი წერს, რომ მაშველებმა ფეხით გაკვალეს ურთულესი ორკილომეტრიანი მონაკვეთი.
ბათუმის ქუჩებიც 6-დღიანმა ინტენსიურმა თოვამ, სტიქიის ზონად აქცია. ბათუმელები ამბობენ, რომ ასეთი თოვლი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ უნახავთ. თოვლმა, ბათუმში წყალმომარაგების ცენტრალური მილი დააზიანა და 10 000-მდე ადგილობრივი სასმელი წლის გარეშე დარჩა. მილის შეკეთების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ ღამით ბათუმში თოვას ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმიც დაემატა.
აჭარის მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. უწყვეტად მუშაობს ათეულობით მძიმე ტექნიკა და ასეულობით მაშველი.
მაშველები, სამხედროები, მოხალისეები – ყველანი თავდაუზოგავად შრომობენ, მაგრამ კარ-მიდამოების ასეთი პატრონების გარეშე სტიქიასთან გამკლავება გაუჭირდებოდათ. იმედად გიტოვებთ ამ გურული ბაბუს ნამღერს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები