თეთნულდმა ყველაზე თავზეხელაღებულები შეკრიბა – მესტია სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტის მსოფლიო ტურს მასპინძლობს (ვიდეო)

23 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით სვანეთის კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური, Freeride World Tour მიმდინარეობს, რომელიც ცნობილია, როგორც სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტი. ზამთრის სპორტის ეს განსაკუთრებული სახეობა რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს.
ფრირაიდი უშიშრებმა, რისკიანებმა, შრომისმოყვარე „თოვლის კაცებმა“ დაამკვიდრეს, რომლებსაც გაფრენა სურთ. მესტიელი Makho Paro Gigani ერთი მათგანია.
საქართველო, უკვე მეორედ, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად.
კურორტ თეთნულდზე 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის“ მფლობელი, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლებმა შარშან საქართველოში ჩატარებული შეჯიბრება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასეს. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მოინიშნა.
კომენტარები