ოზურგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები შველას ითხოვენ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილია ათობით სოფელი, ზოგან თოვლის საფარმა 2,2 მეტრს გადააჭარბა

ოზურგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ადგილობრივი მცხოვრები შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
იგი მეზობელს სახურავის გადმოთოვლაში ეხმარებოდა, ამ დროს სახლი ჩამოინგრა და მამაკაცი ბეტონის ფილის ქვეშ მოყვა.
ოზურგეთში 4 დღეა, თოვს, რის გამოც ოზურგეთის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას დიდთოვლობის და საშიში მდგომარეობის გამო მოსახლეობის გამოყვანა გახდა საჭირო. მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც 75 წლამდე მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მას ვერ უკავშირდებიან. მისივე თქმით, ხვალ დილით ტექნიკა გზის გასაწმენდად წავა სამაშველო ჯგუფთან ერთად და მამაკაცის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები, რომ გურიის სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს, თოვლის საფარი 1,2-1,5 მეტრს აღწევს. მოსახლეობა შველას ითხოვს, რამდენიმე დღეა, არ აქვთ წყალი, გაზი და ელექტროენერგია, ზოგი ამბობს, რომ საკვების მარაგიც უთავდებათ. 112-ში უამრავი ზარი შედის, თუმცა მოსახლეობა ჩივის, რომ მათთან არავინ მიდის. ზოგი სახლი თოვლის დიდი საფრის გამო ჩამოინგრა და ადამიანები მეზობლებთან და ახლობლებთან ათევენ ღამეს, ზოგს ჩამონგრევის საშიშროება ემუქრება. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების თქმით, გზები იწმინდება, თუმცა მალე ისევ იფარება თოვლით, რადგან ინტენსიურად თოვს.
View this post on Instagram
დიდთოვლობაა ბათუმში და მთლიანად აჭარაში, სადაც ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები და სკოლები დროებით დაიკეტა. ბათუმში საზოგადოებრივმა ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა. აჭარის მაღალმთიანი სოფლები გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
დიდთოვლობის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 თებერვლის შუადღისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, გრძელდება ინტენსიური თოვა და ადგილობრივი ხელისუფლებები თავიანთი რესურსებით ვერ ახერხებენ პრობლემებთან გამკლავებას, გზები გაუწმენდავია, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ათობით სოფელი, მაღალმთიან სოფლებში თოვლის სიმაღლემ 2 მეტს გადააჭარბა. თოვლის მასის სიმძიმეს ვერ უძლებს სახლები და ინგრევა. ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 40-მდე სახლი ჩამოინგრა, მათ შორისაა სოფელ ჩონჩხათში მაცხოვრებელი მითაიშვილების სახლი, რომელიც დღეს გამთენიის 3-იდან 4-ის ნახევრამდე პერიოდში ჩამოინგრა და ცოლ-ქმარი იძულებული გახდა, მიკროავტობუსისთვის შეეფარებინა თავი. მათი თქმით, 112-ში დარეკეს, სადაც უპასუხეს, რომ მოვალთ, როდესაც თოვლის საფარი შემცირდებაო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
გურიის დახმარებას ჩვეულებრივი მოქალაქეები ცდილობენ, რისთვისაც შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“.
ძლიერმა თოვამ დღეს პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც. წალენჯიხა-ჯვრის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ზოგიერთი მათგანი დაზიანდა.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე ბურდულის თქმით, შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა სანაგებო რეჟიმში მუშაობს, გზებს წმენდს, იყრება ტექნიკური მარილი. მისივე თქმით, ამ დროისთვის გზები არცერთი მიმართულებით არ არის ჩაკეტილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 25 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თოვლის ბურანები. ყველა შესაბამისი დანაყოფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის შესაბამისი ტექნიკა, კერძოდ, მუხლუხოებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის ტრანსპორტირება ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს ტერიტორიაზე დიდთოვლობა, ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ზოგან ძლიერი ქარი არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია. სინოპტიკოსთა ცნობით, თოვა, ზოგან ძლიერი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გამოიდარებს, 28 თებერვალს და 1-2 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს (აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუსამდე) და მარტის პირველ რიცხვებშიც ყინვებია მოსალოდნელი, შემდეგ კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით აიწევს.
ნანა ძნელაძე
განახლებადი ინფორმაცია
კომენტარები