მზია ამაღლობელმა 38-ე დღეს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, – მზია ამაღლობელის წერილი, რომელშიც ამის შესახებაა ნათქვამი, „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმეა. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს – თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. მათაც ვთხოვ, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა ეს გადაწყვეტილება შიმშილობიდან 38-ე დღეს მიიღო. მზია ამაღლობელი ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდება ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციისთვის, რაც ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებას უკავშირდება და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს,
„მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თქვენ მოისმინეთ მზია ამაღლობელის წერილი და მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი და ასევე გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. ეს ძალიან გვახარებს, რადგან მთელი ეს დღეები ვცდილობდით, მიგვეღწია ამ შეთანხმებისთვის. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ, ყოველდღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რაც ძალიან მისაღები და სასიხარულოა.
ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის, რაც უკავშირდება თუნდაც ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციას. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს. შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით დავიწყებთ ამას. კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი დაიწყებს ამ „რეფიდინგის“ პროცესს პროტოკოლის შესაბამისად.
განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე, არის შემუშავებული სპეციალური მენიუ, დამტკიცებულია „რეფიდინგ“ პროტოკოლი. კვირის გამავლობაში ჩვენ ვნახავთ, დავაკვირდებით მის მდგომარეობას, წინასწარ პროგნოზებს ნუ გადავაკეთებთ. ყოველდღიურად მოხდება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. საფრთხე ყოველთვის არსებობს, ამიტომ გითხარით „რეფიდინგ სინდრომის“ არსებობის შესახებ. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ უარი თქვა 120 000-იანი გირაოს საფუძველზე ჟურნალისტის გათავისუფლებაზე. საქმეზე მომდევნო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართება. პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის შესაბამისად, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არც სახალხო დამცველის მიმართვა მზია ამაღლობელის გირაოთი გათავისუფლების შესახებ, ხოლო ჟურნალისტის ადვოკატების მიერ მომზადებული საჩივარი სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიიღო.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა დგებუაძეს მარცხენა ხელით სილა გააწნა ლოყაში (ეს კადრები რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა), როდესაც ადმინისტრაციული წესით რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული მზია ამაღლობელი სასამართლოს შენობას ტოვებდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სახეში შეაფურთხა; იწევდა ფიზიკური შეურაცხყოფისთვისაც, რის საშუალებაც თანამშრომლებმა არ მისცეს; აგრეთვე, დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის უფლებას. ირაკლი დგებუაძე და გამოკითხული სხვა პოლიციელები ამ ფაქტს უარყოფენ, თუმცა როგორც დაცვის მხარე ამბობს, ეს პოლიციელები დგებუაძის თანამშრომლები არიან და მათი ჩვენება სანდო ვერ იქნება.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის მეორედ, უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებას „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით, რასაც ირაკლი კობახიძემ „ძალიან მძიმე დანაშაული“ უწოდა, დამოუკიდებელი იურისტების თქმით, ვერცერთი ნიშნით სილის გაწვნა თავდასხმად და სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფას ქმედებად ვერ შეფასდება, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდაა დაპატიმრებული და უნდა გათავისუფლდეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით პირველი დაკავებაც უკანონო იყო, რადგან ჟურნალისტი მხოლოდ და მხოლოდ პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს და საქმეში შემდეგ გამოჩენილი ბრალდება, თითქოს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, გაქარწყლდა მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელშიც ჩანს, რომ ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს არავის და არც დაკავებისას უწევს წინააღმდეგობას პოლიციელებს.
ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს კოლეგების და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც მოითხოვენ როგორც მზია ამაღლობელის, ისე 2024 წლის აპრილის და ნოემბერ-თებერვლის აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული სხვა ადამიანების, „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლებასაც. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის სულ 63 ადამიანია დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის არიან მსახიობები, ექიმები და სხვა პროფესიის ადამიანები, ძირითადად, ახალგაზრდები, 18-20 წლისებიც კი.
რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან სასტიკი ძალადობის ფაქტებს, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ არცერთი მოძალადე ე. წ. სამართალდამცველი გამოვლენილი არ არის და არც არავინ დასჯილა.
ნანა ძნელაძე
p. s. მედიის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
განცხადება ორგანიზაცია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI); „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF); ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ); სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD); სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედია ორგანიზაცია (SEEMO).
კომენტარები