მსოფლიო

მოიერიშე დრონი საბრძოლო მუხტით ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს შეეჯახა – დაზიანება მნიშვნელოვანია (ვიდეო)

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, 13 თებერვლის ღამით მოიერიშე დრონი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის სარკოფაგს შეეჯახა. მის შიგნით მდებარე ელექტროსადგურის ნაშთები რადიაციის ძლიერ გამოსხივებას განაგრძობს.

ამავე წყაროს განცხადებით, აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლოკალიზებულია. რადიაციის დონე ჩერნობილში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურია და ნორმის ფარგლებში რჩება.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„რუსული მოიერიშე დრონი ფუგასის საბრძოლო მუხტით მე-4 ენერგობლოკის დამცავს მოხვდა. ეს ნაგებობა მსოფლიოს იცავს დანგრეული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსული დრონი 85 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ რადარებზე ვერ გამოჩნდებოდა.

ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, რუსული დრონით შეტევას და მის შედეგებს ასახავს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით.

1986 წლის 26 აპრილს, გამთენიისას უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა იყო.

დაზიანებული რეაქტორი სწრაფად დალუქეს ბეტონის სარკოფაგში, რათა რადიაციული გაჟონვა შეჩერებულიყო, თუმცა სამეცნიერო წრეებში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანი იყო ეს სარკოფაგი და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. უკვე არსებული სარკოფაგის სტაბილიზების შემდეგ, 2006 წელს ახლის აგება დაიწყეს, რომელსაც სახელად New Safe Confinement-ი ჰქვია. მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა და წარმოადგენს 257 მეტრის სიგანის, 162 მ სიგრძის და 108 მ სიმაღლის სტრუქტურას, რომელიც მე-4 რეაქტორს და მის სარკოფაგს სრულად ფარავს და ეფექტიანი იქნება, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

მუტანტი მგლები ჩერნობილიდან – კიბოს მიმართ საოცარი მდგრადობის მაგალითი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close