დღის თემამსოფლიოპოლიტიკა

ტრამპი პუტინს ეთანხმება: „უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება… ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია“

„ეს 1938 წელს მიუნხენში ჰიტლერთან მოლაპარაკებაზე უარესია, ჩემბერლენიც არ დაცემულა ასე დაბლა“ - კარლ ბილდტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ ესაუბრა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს და მასთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში გაამხილა, რომ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და თან არაერთხელ.

ტრამპის შემდეგ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ევროპამ უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებაში“. მისი თქმით, როგორც თავდაცვის მინისტრის, მისი სამუშაო მდგომარეობს, მათ შორის, იმაშიც, რომ რეალისტური იყოს. მისი თქმით, ელოდება „პატიოსან დისკუსიას“ ალიანსში ამერიკის პარტნიორებთან ერთად.

დონალდ ტრამპს ჰეგსეტმა უწოდა „საუკეთესო მომლაპარაკებელი პლანეტაზე“, ხოლო ვაშინგტონის პრიორიტეტად მშვიდობის დამყარება გამოაცხადა.

პენტაგონის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა – ხომ არ არის მისი რიტორიკა უკრაინის და ბრძოლის ველზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების „ღალატი“?

„ეს არის თქვენი სიტყვები და არა ჩემი, – უპასუხა ჰეგსეტმა. – ეს ნამდვილად არ არის ღალატი. არავის არ უჩვენებია უფრო მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს“. მისი თქმით, მშვიდობის დამყარებისთვის ორივე მხარეს მოუწევს იმის აღიარება, „რის აღიარებაც არ უნდათ“.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ჟურნალისტებს დღეს ბრიუსელში ესაუბრა. რუტემ აღიარა, რომ გუშინ „ბევრი რამ მოხდა“. რაც შეეხება პანტაგონის შეფის, პიტ ჰეგსეტის გუშინდელ განცხადებებს, რომ უკრაინის მიერ დაკარგული მიწების დაბრუნება არარეალურია, რუტემ ამაზე კომენტარი არ გააკეთა და ყურადღება გაამახვილა პენტაგონის შეფის სიტყვებზე „გრძელვადიანი მშვიდობის“ დამყარების აუცილებლობის შესახებ.

„პუტინს მოუწევს შეიგნოს, რომ უკრაინის ერთი პატარა ნაწილის წართმევასაც კი ვეღარ შეძლებს“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. სხვა ოფიციალური პირების მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ ნატოს სურს, უკრაინა კიევისთვის ხელსაყრელ პოზიციაში ჩააყენოს, თუმცა არ დააკონკრეტა, რა შეიძლება იყოს ეს პოზიცია, ჰეგსეტისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებად, მან უპასუხა, რომ „[ტრამპის] მოწოდება, როგორც ჩანს, წარმატებული იყო“.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა, ის, რაც ხდება, უკრაინის „ღალატის“ დასაწყისს ხომ არ ჰგავს. რუტე არ დაეთანხმა ამ შეფასებას და აღნიშნა, რომ გუშინ ტრამპი ესაუბრა არა მხოლოდ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

BBC-ს კორესპონდენტის კითხვაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის რიტორიკა ზიანს ხომ არ აყენებს ალიანსს, მარკ რუტემ უპასუხა: „ჰეგსეტის გამოსვლა და ახალი ამბები ვაშინგტონიდან აშკარად მნიშვნელოვანი განცხადებები იყო, მაგრამ ალიანსმა ასე უნდა იმუშაოს. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი და დებატები უნდა გვქონდეს“.

რა კომენტარს აკეთებენ ევროპის თავდაცვის მინისტრები ტრამპის და პუტინის საუბრის შესახებ

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დღეს უკრაინის მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ გუშინდელი ახალი ამბების ფონზე.

BBC-ს კორესპონდენტის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ (John Healey) უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების წინა დღეს გამართულ საუბართან დაკავშირებით. ჰილიმ თქვა, რომ მან მხოლოდ ცნობები ნახა ამის შესახებ.

„ჩვენ გვინდა ვიხილოთ ხანგრძლივი მშვიდობა, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. – უკრაინის ბედზე შეუძლებელია რაიმე მოლაპარაკება უკრაინის გარეშე“. მან დასძინა, რომ ნატოს ამოცანად რჩება, უკრაინა საუკეთესო პოზიციაში ჩააყენოს შესაძლო მოლაპარაკებების წინ.

გუშინ ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი არის ნატოში, თუმცა ამას დრო დასჭირდება:

„მე ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდი, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი არის ნატოში. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო დასჭირდება. ახლა ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის, და მაგიდასთან მსხდომი მინისტრების მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაზე ძლიერი პოზიცია“, – განაცხადა ჰილიმ.

ესტონეთისა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა – ჰანო პევკურმა და დოვილ შაკალიენემ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპა უნდა მონაწილეობდეს უკრაინის ბედზე მოლაპარაკებებში, რადგან ეს საერთო უსაფრთხოების საკითხია. BBC-ს კორესპონდენტის კითხვაზე, იცოდა თუ არა წინასწარ ტრამპის პუტინთან მოახლოებული ზარის შესახებ, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა უპასუხა: „ვფიქრობ, ტრამპი რეკავს მაშინ, როცა მოესურვება“.

ტრამპის განცხადებებს პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ ევროპელი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან

ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი უკვე ოთხშაბათ საღამოს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს პუტინთან უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ და ტრამპისა და მისი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის არგუმენტებს, რომ უკრაინის მიერ დაკარგული მიწების დაბრუნება არარეალურია. ზოგი პოლიტიკოსის აზრით, შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართოს უკრაინისა და ევროპის გარეშე, ზოგი კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ასეთი სიტყვიერი დათმობები როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის ინტერესების ღალატს ნიშნავს.

იმ დროს, როდესაც ტრამპი ვაშინგტონში პუტინთან თავის სატელეფონო საუბარზე აკეთებდა განცხადებას, ევროპის წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მსჯელობდნენ. დასკვნით განცხადებაში მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნები მზად არიან გაუზარდონ დახმარება უკრაინას და მხარი დაუჭირონ მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ უკრაინას დახმარება. ჩვენ ვაცხადებთ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე. ჩვენი საერთო მიზანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, – ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აგრეთვე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რომ აპირებენ, ეს საკითხი ამერიკელ მოკავშირეებთან განიხილონ.

„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება. ჩვენი პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების უზრუნველყოფა. ევროპამ ცენტრალური როლი უნდა ითამაშოს ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, – ასე შეაჯამა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა პარიზის შეხვედრის შედეგები.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ტრამპის განცხადებების კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, სეპარატული მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია.

„მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ანუ უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად. ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ამ გზაზე“, – უთხრა ბერბოკმა Politico-ს.

ამავე აზრისაა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

„ჩვენ ყველას გვინდა მხოლოდ მშვიდობა. სამართლიანი მსოფლიო. უკრაინამ, ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ერთად“, – დაწერა ტუსკმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ კარლ ბილდტმა ტრამპისა და ჰეგსეტის განცხადებები შეადარა ევროპელი ლიდერების ქმედებებს ჰიტლერთან მოლაპარაკებების დროს მიუნხენში, 1938 წელს – და  არა ტრამპის სასარგებლოდ.

„ეს არის ნამდვილად ინოვაციური მიდგომა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით – ძალიან დიდი დათმობების გაკეთება ჯერ კიდევ მის დაწყებამდე. 1938 წელს ჩემბერლენიც კი არ დაცემულა ასე დაბლა. და ის მიუნხენი ცუდად დასრულდა“, – წერს კარლ ბილდტი X პლატფორმაზე.

ტრამპის შიდა პოლიტიკურმა ოპონენტმა, დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი დაადანაშაულა როგორც უკრაინის, ისე აშშ-ის ინტერესების ღალატში.

„მოდით, საგნებს თავიანთი სახელები დავარქვათ: ეს არის უკრაინის ინტერესების და ჩვენი ინტერესების დათმობა მოლაპარაკებების დაწყებამდეც კი. ტრამპი, რა თქმა უნდა, გარიგებების დიდი სპეციალისტია – გარიგებებისა კრემლის სასარგებლოდ“, – დაწერა შიფმა სოციალურ ქსელში.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ Poitico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მოლაპარაკებები რომ წარმატებით დასრულდეს, რუსეთი ომით უნდა იყოს დასუსტებული.

„იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმება მივიღოთ, რუსეთი უნდა დასუსტდეს ბრძოლის ველზე. რუსული პოლიტიკა, ეკონომიკა, რელიგია, მედია, კერძო სექტორი – ეს ყველაფერი ახლა ომზეა ორიენტირებული. ამიტომ რუსეთი უნდა აიძულოს მშვიდობისკენ“, – განაცხადა ბრაჟემ.

„მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის რუსული სამხედრო ძალის შემცირება. უკრაინის სამხედრო სიძლიერეში ინვესტიცია – მშვიდობაში ინვესტიციაა. რუსეთის დასუსტება – მშვიდობაში ინვესტიციაა. და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია სანქციები და მათი წარმატებით გამოყენება“, – განაცხადა ლატვიელმა მინისტრმა.

ტრამპის თანაპარტიელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ, ამავე დროს, აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართ და გაზარდოს უკრაინას სამხედრო დახმარება.

„პრეზიდენტი ტრამპი არის გამოცდილი მომლაპარაკებელი, რომელიც გარიგების ხელოვნებას ფლობს, – დაწერა უილსონმა ყოფილ ტვიტერზე. – ჩვენ უნდა მივცეთ მას მაქსიმალური ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სანქციების მომზადებით და უკრაინის სწრაფად შეიარაღების უფლებამოსილების მინიჭებით“.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს დაკავებული ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა. როგორც ცნობილია, 6 აგვისტოდან უკრაინამ დაიწყო კურსკის ოლქში შეტევა და რუსეთის ფედერაციის დასახლებული პუნქტები დაიკავა, რის შემდეგაც კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით დაკავებული რაიონების ნაწილი რუსეთმა უკან დაიბრუნა, თუმცა ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ისევ უკავიათ ქალაქი სუჯა და 500 კვ. კმ მის გარშემო. რუსეთმა ზელენსკის ამ წინადადებას კატეგორიული უარით უპასუხა. „რუსეთი არასდროს განიხილავს თავისი ტერიტორიების დათმობას“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ კურსკში უკრაინის სამხედრო ნაწილებს გაანადგურებენ და სრულად გააძევებენ.

დღეს უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა პოკროვსკის მიმართულებით (დონეცკის ოლქი, უკრაინა). ამ კონტრშეტევით უკრაინის სარდლობის მიზანი, როგორც ჩანს, არის არა უბრალოდ მტრის წინსვლის შეჩერება პოკროვსკთან, არამედ იდეალურ შემთხვევაში, შეჭრილი „სოლის“ „მოკვეთა“ რუსეთისგან, რომელიც რუსულმა არმიამ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე შექმნა.

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები 2014 წლიდან დღემდე:

დროებით ოკუპირებული ტერიტორიები (უკრ.: Тимчастово окуені треторіи) არის უკრაინის მიერ დადგენილი სამართლებრივი სტატუსი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის შედეგად (2014 –დღემდე), რომელიც დაიწყო ევრომაიდნის შემდეგ:

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი (2014 წელს ანექსიის შემდეგ მათ მართავს რუსეთი, როგორც ფედერალურ სუბიექტებს – ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი);
დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულია 2014 წლიდან (2022 წელს ანექსიის შემდეგ მათ მართავს რუსეთი, როგორც ფედერალურ სუბიექტებს – ДНР და ЛНР);
ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულია 2022 წლიდან (2022 წელს ანექსიის შემდეგ, მათ მართავს რუსეთი, როგორც ფედერალურ სუბიექტებს – ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები);
ხარკოვის ოლქი, ნაწილობრივ ოკუპირებული 2022 წლიდან.
ეს ტერიტორიები დროებით არის ოკუპირებული უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის შესაბამისად. რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტებს და ამ ტერიტორიებს „გათავისუფლებულს“ უწოდებს.

წყარო: ISW, 2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით.

მარტო 2024 წელს რუსეთმა უკრაინის 2800 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, რაც დაახლოებით სამი კიევის ტოლია.

2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიის 11%, ომის დაწყებამდე ოკუპირებული ტერიტორიების გარდა (ყირიმი და ქალაქი სევასტოპოლი, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები).

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 2025 წლის 5 თებერვლის  მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაიღუპა დაახლოებით 45 100 უკრაინელი სამხედრო, დაახლოებით 390 ათასამდე კი დაიჭრა. მისივე თქმით, ათასამდე უკრაინელი სამხედრო უგზო-უკვლოდაა დაკარგული და უცნობია, რამდენია მათგან რუსების ტყვეობაში. ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის მხარემ უკრაინასთან ომში დაკარგა 350 ათასამდე სამხედრო, კიდევ 600-700 ათასი დაიჭრა, ხოლო 50-იდან 70 ათასამდე რუსი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამასთან, პროექტ UALosses-ის ცნობით, რომელიც ცოცხალი ძალის დანაკარგებზე აგროვებს ინფორმაციებს ღია წყაროებიდან, რუსეთის შეჭრის გამო დღემდე 63 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

სხვა ვერსია აქვს დონალდ ტრამპს, რომელმაც 21 იანვარს „პოლიტიკოსთან“ განაცხადა, რომ დაახლოებით მილიონი რუსი და 700 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის 5 საათზე კიევის დროით (7:00 სთ თბილისის დროით) ზუსტად 3 წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close