ამერიკის კონგრესი USAID-ის გადასარჩენად კანონპროექტს ამზადებს – „როიტერი“
შეძლებენ თუ არა „დემოკრატები“ საჭირო 218 ხმის მოგროვებას კანონპროექტის გასატანად?

აშშ-ის კონგრესში დემოკრატ დეპუტატთა ჯგუფი ემზადება კანონპროექტის წარდგენისთვის, რომლის მიზანსაც USAID-ის გაუქმების თავიდან აცილება წარმოადგენს. კანონპროექტის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აეკრძალება სახელმწიფო სახსრების გამოყენება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ლიკვიდაციისთვის. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება კანონპროექტის ავტორის, სარა ჯეიკობსის კომენტარებზე დაყრდნობით.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს, ლიკვიდაცია მხოლოდ კონგრესის აქტით არის შესაძლებელი. დემოკრატები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები სააგენტოს გაუქმებასთან დაკავშირებით უკანონოა. დოკუმენტში მითითებულია, რომ ნებისმიერი რეფორმა კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
სარა ჯეიკობსის განმარტებით, კანონპროექტი აკრძალავს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ პირთა ხელფასების გადასახდელად, რომლებიც USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს, გაუქმებაზე მუშაობენ (მათ შორის არიან ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის თანამშრომლები), აგრეთვე, სხვა მიზნებით, მათ შორის, ლენტების გადასაკრავად UCAID-ის აბრებზე.
დოკუმენტის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი შესაძლოა სირთულეებს წააწყდეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, თუ ის კანონი გახდება, სახელმწიფო მდივანი ვალდებული იქნება, დაადასტუროს მისი შესრულება კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში და ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ამის შემდეგ.
„USAID-ის გაუქმება უკვე უკანონოა. ის, რასაც ილონ მასკი აკეთებს, უკანონოა. ისინი თუ დახარჯავენ, თუნდაც ერთ აშშ დოლარს მის გასაუქმებლად, ეს იქნება უკანონობის დამატებითი დონე“, – განაცხადა ჯეიკობსმა.
როგორც ჯეიკობსი ამბობს, დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის ავტორები შეძლებენ მისი მიღებისთვის საჭირო 218 ხმის მოპოვებას.
მისივე თქმით, კონგრესში „არიან საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელები, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია USAID-ის ბედი“.
კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელებს უპირატესობა აქვთ (სენატის 100 წევრიდან 53 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, 45- დემოკრატიულის, 2 სენატორი უპარტიოა, თუმცა ისინი დემოკრატებთან არიან კოალიციაში. წარმომადგენელთა პალატაში 218 „რესპუბლიკელია“, 215 – „დემოკრატი“; 2 მანდატი ვაკანტურია).
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შეაჩერა საერთაშორისო დახმარების დაფინანსება USAID-ის მეშვეობით – ტრამპს, მისივე სიტყვებით, სააგენტოს გაუქმება სურს. სააგენტოს თანამშრომლები მთელ მსოფლიოში ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
7 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში „კორუფციამ გაუგონარ დონეს მიაღწია“, ამიტომ უნდა გაუქმდეს.
იმავე დღეს, 7 თებერვალს ტრამპის მიერ პირველი პრეზიდენტობისას დანიშნულმა ვაშინგტონის საოლქო მოსამართლე კარლ ნიკოლსმა შეაჩერა სააგენტოს გაუქმების გეგმის ზოგიერთი ასპექტი და USAID-ის დაახლოებით 2700 თანამშრომელს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ შვებულებაში გაუშვა, დროებით ნება დართო, თავიანთ სამუშაოს დაბრუნებოდნენ. აგრეთვე, მოსამართლემ აუკრძალა ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ის ამერიკის საზღვრებს გარეთ მყოფი ჰუმანიტარულ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები