საქართველოში „კვერცხუჯრედების ფერმაში“ 100-მდე ტაილანდელი ქალია დატყვევებული – ტაილანდური მედია
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/Thai-women.jpg)
ტაილანდური მედია საქართველოში მოქმედ ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაზე წერს. გამოცემა The Nation-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური სინდიკატის მიერ ორგანიზებული „კვერცხუჯრედების ფერმიდან“ დაიხსნეს. მსხვერპლები, რომლებიც ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიტყუეს საქართველოში, ყოველთვიურად იძულებით იყვნენ ჩართულები „კვერცხუჯრედების“ მოპოვების პროცედურებში. უმრავლესობისათვის ფული არასდროს გადაუხდიათ. შემზარავი სქემა ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Women გამოავლინა.
როგორ აღმოჩნდნენ ტაილანდელი ქალები საქართველოში
გამოცემის თანახმად, ქალები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს ე. წ. სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ. კრიმინალები ქალებს 400 000-დან 600 000-მდე ტაილანდურ ბატს დაჰპირდნენ (12-17 000 ამერიკული დოლარი), სანაცვლოდ კი ისინი უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩნდნენ, სადაც მათ აიძულებდნენ, ყოველთვიურად გაევლოთ კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურები. სუროგაციის შესახებ არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. მათი კვერცხუჯრედები, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებში ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებისთვის გადაგზავნეს.
ქალები ყოველთვიურად გადიოდნენ ჰორმონალურ პროცედურებს კვერცხუჯრედების სტიმულირებისათვის და იძულებულნი იყვნენ, ინვაზიური სამედიცინო პროცედურები გაევლოთ, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. მათ, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილებოდა, ციხით ემუქრებოდნენ, თავის დასახსნელად კი სოლიდური თანხის გადახდას სთხოვდნენ. ტაილანდის ხელისუფლებას ინფორმაცია ერთ-ერთმა მსხვერპლმა, პირობითი სახელით ნა, მიაწოდა. მისმა ოჯახმა თავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი გადაიხადა – დაახლოებით 2100 დოლარი.
ნას თქმით, ის საქართველოში 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერ ქალთან ერთად სომხეთის გავლით, მატარებლით შემოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატარეს, სადაც ლიდერმა მათ პასპორტები ჩამოართვა. მეორე დილას ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ დასახლებაში გადაიყვანეს.
ნა პირველ სახლში მოათავსეს, სადაც უკვე იმყოფებოდა 60-მდე ტაილანდელი ქალი. მათ უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
მომდევნო დღეს იgi მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც 10 სხვა ქალი იყო. ნა იხსენებს, რომ ჯამში ოთხივე სახლში 100-მდე ქალი ცხოვრობდა. ტერიტორიაზე ხშირად მოძრაობდნენ ჩინელი მამაკაცები.
2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი სურაფან თაიპრასერტი ინტერპოლთან კოორდინაციით ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნება სამმა ქალმა შეძლო. გადარჩენილების თქმით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ რჩება არალეგალური ქსელის ტყვეობაში.
Pavena Foundation-ი შეშფოთებას გამოთქვამს დანარჩენი ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა დანაშაულებრივი ქსელის დასაშლელად და ტრეფიკინგის მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ამ ქალებმა წარმოუდგენელი ტრავმა გადაიტანეს, – აცხადებს პავენა ჰონგსაკული, ფონდის პრეზიდენტი, – მოვუწოდებთ ტაილანდისა და საქართველოს მთავრობებს, დაუყოვნებლივ გადაარჩინონ დარჩენილი მსხვერპლები და დასაჯონ დამნაშავეები!“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
forbes.ge
p. s. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა.
„გამოიკითხა უცხო ქვეყნის 70-მდე მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს, გარდა სამი ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
გამოკითხული სამი ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.
პოლიციამ ასევე გამოკითხა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე, რომლებმაც ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც ინფორმაცია მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბანგკოკის ინტერპოლმა მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები