ჯო უილსონი მოითხოვს „ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევლის და პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას, „სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლის და პროკურორის“ დასანქცირებას და მათ სიას აქვეყნებს
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/joe-wilson.jpg)
ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი სანქციებით უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჯო უილსონი წერს:
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ამ სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი უნდა დაისაჯოს სანქციებით! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა“.
ამ მოწოდებასთან ერთად ჯო უილსონმა დაკავებულების, მოსამართლეებისა და პროკურორების სიაც გამოაქვეყნა:
All hostages and political prisoners of the Ivanishvili regime must be freed! All judges and prosecutors involved in this brutal repression must be sanctioned! Free and fair elections are the only way forward. pic.twitter.com/hjeXvGkmZt
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 8, 2025
შეგახსენებთ, რომ 52 დაკავებულს შორის, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან (მან ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა) და მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 მარტს არის დანიშნული. მას, ბრალდების შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა, შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. ამ დროისთვის ჟურნალისტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, რადგან რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გაუარესდა და კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, ამჟამად ის თავს უკეთესად გრძნობს და უკან, საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, შიმშილობს არა რაიმე შეღავათებისთვის, არამედ პროტესტის მიზნით.
„მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, – განაცხადა მზიას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი 7 თებერვალს „ვივამედში“ მოინახულა.
6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე.
მზია ამაღლობელისგან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები „სინანულს“ და ბოდიშის მოხდას ითხოვენ, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ არ მოუხდის ბოდიშს მას, ვინც სახეში შეაფურთხა.
მზია ამაღლობელის თქმით, რომელიც პირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით პლაკატის გაკვრისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის უფლებას. დგებუაძე და 10-მდე გამოკითხული პოლიციელი არ ადასტურებენ ამ ბრალდებას, თუმცა სხვა შემთხვევაში, თუ წინაპირობები არ არსებობდა, სრულიად გაუგებარია, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისას,12 იანვარს რატომ გაარტყა სახეში ხელი ჟურნალისტმა პოლიციის უფროსს. ამის საფუძველზე მზია უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მოსამართლემ უარი თქვა 120 000 ლარის გირაოზე და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველის შუამდგომლობა, გაეთავისუფლებინათ ჟურნალისტი წინასწარი პატიმრობიდან, სასამართლომ არ გაითვალისწინა.
არ წყდება საპროტესტო აქციები მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც პროტესტის მონაწილეები რეჟიმის ტყვეებად და სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ.
„ქართულმა ოცნებამ“ კი საპასუხოდ პროტესტის გამოხატვისა და მანიფესტაციების ჩატარების საწინააღმდეგოდ კანონმდებლობა დაჩქარებული წესით გაამკაცრა, გაზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მათ შორის, პოლიტიკოსთა და მაღალი თანამდებობის პირთა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს შეეხო, ესენია:
- შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- სისხლის სამართლის კოდექსი.
ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაშიც შევიდა. ამ ცვლილებებს ოპოზიცია, ევროპელი პარტნიორები და უფლებადამცველი ორგანიზაციები დაშინების მცდელობად აფასებენ და ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების კუთხით მკვეთრად უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
ნანა ძნელაძე
კომენტარები