სიკო დოლიძის „დარიკოს“ გადაღებისას თამარ ციციშვილი სიკვდილს გადაურჩა
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/Tamar-tsitsishvili-da-Sergo-Zakariadze-dariko.jpg)
„დარიკო“ ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კინორეჟისორისა და სცენარისტის, სიმონ (სიკო) დოლიძის (1903 -1983) მესამე ფილმია, რომელიც ეკრანებზე 1936 წელს გამოვიდა. ფილმი წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ცოცხლობს.
„დარიკოს“ გადაღებების შესახებ საინტერესო მოგონებებს „გადავაწყდი“ კინომასალების კრებულში „კინო“ (1982 წ.) და გადავწყვიტე, ცნობილი კინორეჟისორი სწორედ მისივე ჩანაწერით გავიხსენო – 8 თებერვალი სიკო დოლიძის დაბადების დღეა.
***
ფილმს ეგნატე ნინოშვილის ორი მოთხრობა დაედო საფუძვლად – „სიმონა“ და „მოსე მწერალი“. რეჟისორმა გადაწყვიტა, „გაუბედურებული, დაჩაგრული გურული გლეხი ქალის ნაცვლად ეკრანზე ეჩვენებინა მებრძოლი ქართველი ქალის სახე, რომლის მაგალითები უხვად იყო ქართველი ერის წარსულში“.
ფილმისთვის, უპირველესად, მთავარი როლის შემსრულებელი, ლამაზი ქალი უნდა მოეძებნათ. „სხვა როლებზე თითქმის შერჩეული მყავდა მსახიობები: სიმონა – სერგო ზაქარიაძე, ბაბალე, სიმონას დედა – ნუცა ჩხეიძე, გიგოია, სიმონას ძმა – ნიკოლოზ ანჯაფარიძე, დავით დროიძე – შალვა ღამბაშიძე, მოსე მწერალი – სანდრო ჟორჟოლიანი, ტიტიკო – არკადი ხინთიბიძე. ასეთი ძლიერი სამსახიობო ანსამბლისთვის დარიკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა“, – წერს სიკო დოლიძე და იქვე აღნიშნავს, რომ ნატო ვაჩნაძეს ამ დროს რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იღებდა ფილმში „ნარინჯის ველი“. შესაფერი კანდიდატურა კი ვერც ქართული თეატრის მსახიობთა შორის იპოვეს, თუმცა ცდა არ დაუკლიათ და ერთ დღესაც ჯგუფის ასისტენტმა მასთან თამარ ციციშვილი მიიყვანა.
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/tamar-tsitsishvili.jpg)
„თამარი კინოში ახალბედა იყო. მას მეტად აშინებდა ის უჩვეულო გარემო, რომელშიც ერთბაშად მოექცა. ჯერ მტკიცე უარზე იდგა, ბოლოს, როგორც იქნა, დათანხმდა. სინჯები გადავიღეთ ჯერ ფოტოზე, შემდეგ კი კინოფირზე. ეკრანზე თამარი ძალიან კარგი და ეფექტური აღმოჩნდა. გურული ჩაქურა, თავზე წაკრული ყაბალახი, შეიარაღება ძალზე შვენოდა. შინაგანი მსახიობური მონაცემები რეპეტიციებს უნდა გამოერკვია. ჩვენც გავბედეთ და თამარი როლზე ავიყვანეთ. შეიძლება ითქვას, რომ არჩევანში არ მოვტყუვდით.
როგორც აღვნიშნე, სხვა მსახიობების შერჩევას დიდი დრო არ დასჭირვებია და მალე ფილმის გადაღება დავიწყეთ. საქმე თავიდან ისე წარიმართა, რომ ალექსანდრე დიღმელოვის ნაცვლად ოპერატორად შალვა აფაქიძე დამინიშნა სტუდიის დირექციამ, რომელიც როგორც ოპერატორი თავისი პროფესიული ოსტატობით გამოირჩეოდა. მართლაც, შალვა აფაქიძემ „დარიკო“ მაღალ ოპერატორულ დონეზე გადაიღო.
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/Sandro-Jorjoliani-Dariko.jpg)
შალვა აფაქიძე თავისებური ხასიათის კაცი იყო, წარმოების მიერ ცოტა გათამამებული – შეეძლო დანიშნული გადაღების დროს არ გამოცხადებულიყო. მაგონდება ერთი შემთხვევა, რომელიც თავის დროზე ძვირად დაუჯდა გადამღებ ჯგუფს. ტაშისკარის ხეობაში სოფელ ლიხში ვიღებდით ეგზეკუციის, მაზრის უფროსის სოფლის კანცელარიაში შეიარაღებული ამალით მისვლის სცენებს. გადაღებისათვის ადგილობრივი მოსახლეობიდან ორასამდე კაცი იყო გამოძახებული.
თბილისიდან დილის მატარებელი ექვს საათზე მოდიოდა. მატარებელს ოპერატორი უნდა ჩამოჰყოლოდა, მაგრამ იმ დღეს იგი არ ჩამოვიდა.
გადაღება ჩაიშალა, ჯგუფი დავითხოვე, თამარ ციციშვილმა მთხოვა, ნება დამერთო მისთვის, რომ ტაშისკარში ლიხიდან ცხენით დაბრუნებულიყო. ჯგუფში გამოცდილი ცხენოსნები იყვნენ და მათ მივანდე თამარის მეურვეობა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო. თამარის ცხენი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ სოფლის ერთ-ერთ მოსახვევში უეცრად თავშალგაშლილი ახალგაზრდა ქალი ქუჩაში გამოვარდა. თამარის ცხენი დაფრთხა, ადგილს მოსწყდა და მსუბუქად მჯდარი მხედარი ძირს დასცა. თამარს ფეხი უზანგში შერჩა და ცხენმა მიწაზე დავარდნილი ერთხანს ასე ათრია. როგორც იქნა, თამარმა უზანგიდან ფეხი გაითავისუფლა და დაჟეჟილ-დაბეგვილი მიწაზე უგრძნობლად დაეცა.
ჯგუფის ერთი ნაწილი უკვე ტაშისკარში ვიყავით, სცენარზე სამუშაოდ ჯგუფსა და მსახიობებს თავს ვუყრიდი, თამარს ველოდით. ამ დროს გახელებული თამარის ცხენი მოიჭრა და, თითქოს დანაშაულს მიხვდაო, მოედნის შუაგულში ერთბაშად გაშეშდა, მივხვდით რა უბედურებაც დაგვატყდა თავს. ბორჯომიდან სასწრაფოდ პროფესორი სიმონ ყიფშიძე ჩამოვიყვანეთ. თამარს სახე არაბუნებრივად ჰქონდა შეშუპებული სისხლის ჩაქცევებისგან. პროფესორმა გულდასმით გასინჯა თამარი და თქვა, ბეწვზე არის გადარჩენილიო. მერე განზე გამიხმო და მითხრა, სამი-ოთხი თვით გადაღების გადადება მოგიწევსო. ეს შემთხვევა იმიტომ მოვიგონე, რომ აღვნიშნო, როგორი ზიანი მიაყენა ჯგუფს ოპერატორის გადაღებაზე გამოუცხადებლობამ.
ფილმი „დარიკო“ 1935 წლის დეკემბრის ნაცვლად ერთი წლის დაგვიანებით, 1936 წლის დეკემბერში გამოვიდა. სურათის ნახევარზე მეტი უკვე გადაღებული გვქონდა და მსახიობის შეცვლაზე ფიქრი გამორიცხული იყო. როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში ვრცელი რეცენზიები დაიბეჭდა… რეცენზენტები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ახალგაზრდა შემსრულებლების, თამარ ციციშვილისა და სერგო ზაქარიაძის ოსტატობას“.
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/dariko-2.jpg)
***
სიკო დოლიძე 22 მხატვრული ფილმის ავტორია. ქალიშვილთან, რეჟისორ ქეთი დოლიძესთან ერთად გადაიღო ორი ფილმი: „კაცია -ადამიანი?!“ (1979) და „კუკარაჩა“ (1983).
ცნობილი რეჟისორი ანიმაციაზეც მუშაობდა, არის პოპულარული მულტფილმების – „ჩხიკვთა ქორწილი“, „სათაგური“, „ბულბულის იუბილე“ და სხვ. – სცენარების ავტორი.
სიკო დოლიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები