„მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, – ზურაბ ჟვანიამ ეს სიტყვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წლის 27 იანვარს თქვა.
26 წლის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს ასამბლეაზე მუშაობას წყვეტს.
გადაწყვეტილების შესახებ სტრასბურგიდან ევროსაბჭოს ასამბლეაზე მყოფმა საქართველოს დელეგაციის წევრებმა – თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდეს და საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს.
„არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსაფუძვლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. თქვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წლუკიანმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ის დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დაუწესა, „უსამართლო და საფუძველმოკლებულია“.
29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები – მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა – ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკეს და საპროტესტო აქციებისას დაკავებულების, მათ შორის, ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.
„მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ, შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია… დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს წევრმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ.
ასევე, ასამბლეის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების“ დელეგაციას უფლებამოსილება შეეზღუდა. თუმცა დიალოგის შენარჩუნების მიზნით, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება სრულად არ შეუჩერა და 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის ხელახალი განხილვა ჩანიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ჯერი ახლა საქართველოზეა.
„ევროპის საბჭო ყოველთვის იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია ევროპაში და მას აქვს ერთი მთავარი ამოცანა – მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც ადგანან მეტი დემოკრატიის, მეტი ადამიანის უფლებების, მეტი კანონის უზენაესობის გზას, მაგრამ საქართველო სხვა გზას ადგას, ის მიდის არასწორი მიმართულებით – ეს არის დღევანდელი გზავნილი. ის მიდის ნაკლები დემოკრატიული სტანდარტებისკენ, ნაკლები ადამიანის უფლებებისკენ, ნაკლები კანონის უზენაესობისკენ და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უპატივცემულობისკენ, ნაკლები ევროპისკენ. ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთებულნი ვართ, ისე როგორც ბევრ სხვა ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ და ჩვენ უკვე ვმოქმედებთ. ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აპრილში“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა ფრანკ შვაბემ.
„ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო და სტრასბურგში გამართულ დებატებზე ასამბლეას მოუწოდებდა, რეზოლუცია არ მიეღო. სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა უფლებამოსილების ცნობისათვის დაწესებულ დათქმებს „პრობლემატური“ უწოდა..
„ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, – განაცხადა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც და მას „აბსოლუტურად აბსურდული“ უწოდა. მისი განცხადებით, თუ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ შეიცვლება, მაშინ საქართველოს წარმომადგენლობაც დაუბრუნდება მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოსთვის „რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია“.
თორნიკე კოპლატაძე
P. S. ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი, რადგან „ოცნება“ რუსული გზით მიდის და ივანიშვილის გეგმაა, საქართველო საბოლოდ მოსწყვიტოს ევროპულ ვექტორს.
საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი.
„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით… ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა.
ევროსაბჭო (ევროპის საბჭო) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად 46 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო 1999 წელს ამ ორგანიზაციის რიგით 41-ე წევრი გახდა.
საპარლამენტო ასამბლეის დატოვების მიუხედავად საქართველო ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
ევროსაბჭოს არსებობის ისტორიაში ორგანიზაცია მისმა ორმა წევრმა დატოვა:
საბერძნეთმა ე. წ. „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმის დამყარების შემდეგ 1969 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ. ხუთი წლის შემდეგ საბერძნეთი დაუბრუნდა წევრობას და ხელახლა მოახდინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება 1974 წლის 28 ნოემბერს.
2022 წლის 25 თებერვალს ევროპის საბჭომ შეაჩერა რუსეთის წარმომადგენლობის უფლება ორგანიზაციაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. 2022 წლის 15 მარტს რუსეთმა დაიწყო ევროსაბჭოდან გასვლის პროცესი, ხოლო მეორე დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ ორგანიზაციიდან. 2023 წლის 28 თებერვალს რუსეთის დუმამ მიიღო ფედერალური კანონი „რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ“.
ნანა ძნელაძე
კომენტარები