ხელოვნური ინტელექტი დემენციის ადრეული ნიშნების აღმოჩენას თვალის ბადურას ფოტოებით შეძლებს

შოტლანდიელი მკვლევრები ქმნიან ინოვაციურ AI ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას მისცემს თვალის ექიმებს, თვალის რუტინული გამოკვლევების დროს დემენციის ადრეული ნიშნები აღმოაჩინონ. პროექტმა NeurEYE, რომელსაც ედინბურგის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს გლაზგო კალედონიის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობით, უკვე შეაგროვა თვალის თითქმის მილიონი ფოტო შოტლანდიელი ოპტიკოსებისგან – ეს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა მსოფლიოში, წერს „ბიბისი“.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თვალის ბადურას ფოტოებს შეუძლიათ წარმოდგენა შექმნან ტვინის ჯანმრთელობის შესახებ. შემუშავებული ალგორითმი აფასებს თვალის უმცირესი სისხლძარღვების მდგომარეობას, რომლებშიც ცვლილებები შესაძლოა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე მიუთითებდეს ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე.
„თვალს იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე გვგონია. ბადურა ჩვენი ტვინის ჯანმრთელობის ბიოლოგიური ბარომეტრია და ჩვენ შეგვიძლია მისი შესწავლა მარტივი, იაფი აღჭურვილობის გამოყენებით, რომელზეც ნებისმიერ თვალის ექიმს მიუწვდება ხელი“, – განმარტავს ბალჯინ დილონი, ედინბურგის უნივერსიტეტის კლინიკური ოფთალმოლოგიის პროფესორი და პროექტ NeurEEYE -ის თანახელმძღვანელი.
Dementia UK-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში დემენცია 65 წელს გადაცილებულ ყოველ მე-14 ადამიანს უვითარდება, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი ეს დაავადება ყოველ მეექვსე პაციენტს აღენიშნება.
დევიდ სტილი, 65 წლის პენსიონერი, რომლის დედაც ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება, BBC Scotland News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ ტექნოლოგიას შეეძლო მისი ოჯახი 10-წლიანი ბრძოლისა და განცდებისგან ეხსნა. დევიდის თქმით, დედამისის მხედველობა რეგულარულად უარესდებოდა, თავდაპირველად მას ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც შენიღბა ნამდვილი პრობლემა – ცერებრული სიბრმავე, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დემენციის სამკურნალო პრეპარატები ჯერჯერობით არ არსებობს, ადრეული დიაგნოზი საშუალებას იძლევა, უფრო ადრე დაიწყოს მკურნალობა და პაციენტებს და მათ ახლობლებს მეტ დროს აძლევს მომავლისთვის მოსამზადებლად.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: რჩევები დემენციის მქონე ადამიანების მომვლელთათვის
შემოქმედებითი პროცესი ალცჰაიმერის დაავადებას ამუხრუჭებს
ალცჰაიმერის სკანდალი – რატომ არ არსებობს ალცჰაიმერის წამალი
ექვსი ფაქტორი, რომლებიც ალცჰაიმერის რისკებს ზრდის: ნახეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
კომენტარები