ფეხბურთის ლეგენდამ ლიონელ მესიმ ჭადრაკის ლეგენდას ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს თავისი ავტოგრაფით არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა – ინფორმაციას ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის youtube-ის არხი ავრცელებს.
„ლეო მესიმ საქართველოს ლეგენდარულ მოჭადრაკეს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის და საპასუხოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური გაუგზავნა საკუთარი ავტოგრაფით.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური უსახსოვრა – პირველად 2021 წელს, 80 წლის იუბილეზე „ბარსელონას“ მაისური აჩუქა. ამ მაისურის მიღება ნონა გაფრინდაშვილისთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი ლეო მესის დიდი ქომაგია.
ლეგენდარულ მოჭადრაკეს საჩუქარი არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტროსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ძალისხმევით გადაეცა.
მათივე დახმარებით, არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა გვარამ ხანდამიშვილმა მესის ნონა გაფრინდაშვილის მიერ გაგზავნილი საიუველირო ჭადრაკი (მოოქრული ფიგურებით) გადასცა, რომელიც 2021 წელს „ზარაფხანაში“ დამზადდა და „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვება მიულოცა. ეს ქმედება კიდევ ერთხელ ასახავს ლეგენდარული სპორტსმენების ურთიერთპატივისცემას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ვიდეოშია ლეო მესის მიმართვაც: „ქალბატონო ნონა, გამარჯობა. პირველ რიგში, მსურდა, მადლობა გადამეხადა. როგორც იქნა, ამდენი ხნისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მივიღე თქვენი საჩუქარი, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა. გიგზავნით არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურს ჩემი ავტოგრაფით, – ამბობს ლეგენდარული ფეხბურთელი.
ამ მომენტისთვის ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია და შესაძლოა, 2026 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. როგორც ინტერნეტგამოცემა Gol Digital-ი იტყობინება, მესი აპირებს კატალონიურ გუნდთან შეერთებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.
კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელი MLS-ის კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა დაკავშირებული. მესიმ შეიძლება მოკლეხნიანი კონტრაქტი გააფორმოს „ბარსელონასთან“ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2026 წელს 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
ამავე თემაზე: ლეგენდის საჩუქარი ლეგენდას – ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა.
ლეგენდის საჩუქარი ლეგენდას – ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა
კომენტარები