NASA შეშის ბუხრის ნაცვლად ახალ წელს კოსმოსურ ბუხართან შეკრებას გვთავაზობს (ვიდეო)
თუ საშობაო დღესასწაულს ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლის ტკაცატკუცით შექმნილ სიმყუდროვეს უკავშირებთ, მაგრამ სახლში ბუხარი არ გაქვთ, შეგიძლიათ სადღესასწაულო ატმოსფერო YouTube-ის ვიდეოთი შეიქმნათ. საახალწლოდ NASA ხუმრობის ხასიათზე დადგა და შემოგვთავაზა ვირტუალური ბუხარი კოსმოსური რაკეტის ძრავების ხმაურით.
ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) შექმნა 8-საათიანი 4K ვიდეო, რომელიც ბუხრის კლასიკას კოსმოსურ სადღესასწაულო შედევრად გარდაქმნის. შეშით დანთებული ცეცხლის ნაცვლად, აქ SLS რაკეტის ოთხი RS-25 ძრავა გუგუნებს. ვიდეოს აღწერილობაში NASA ირწმუნება: „ეს სიმყუდროვე და დამამშვიდებელი ხმა ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს! თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს შთაბეჭდილება მხოლოდ ვირტუალური იყოს“.
NASA-მ სარაკეტო ბუხარი მხოლოდ გასართობად არ „დაანთო“. ის გვახსენებს SLS რაკეტის ეპიკურ მისიას Artemis I-ზე 2022 წელს, როდესაც კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა ადამიანების გარეშე, სრულად ავტომატიზებული მართვით იმოგზაურა მთვარეზე და შეუფერხებლად დაბრუნდა დედამიწაზე .
მაშ ასე, გაეხვიეთ პლედში და ყავის ჭიქით ხელში მიეფიცხეთ ვირტუალურ ბუხარს სარაკეტო ძრავების ხმაურით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები