გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულშია (ვიდეო)
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ კარის დარაჯი რჩეულებში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
2024 წელი გიორგი მამარდაშვილის კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესოა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარემ ნამდვილი ფურორი მოახდინა და საკლუბო დონეზეც მოწოდების სიმაღლეზე იყო.
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში გიორგი მამარდაშვილი ფეხბურთელებს შორის მე-80 ადგილს იკავებს (ამავე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია 49-ე ადგილზეა).
The Guardian-ი ქართველ მეკარეზე წერს, რომ გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წელს ყველა გამოცდა ჩააბარა, „ვალენსიასთან“ ერთადაც ბევრი საქმე აქვს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეკარეა ესპანეთში:
„ეს იყო ძალიან დატვირთული წელი გოლკიპერისთვის. ევრო-2024-ის საქართველოს თამაშებზე იგი ყოველ ჯერზე გამოცდას აბარებდა და თავდაუზოგავად მუშაობდა, აგრეთვე, ლა ლიგისთვის მებრძოლ „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონზე. თამაში სუსტი დაცვის ხაზების უკან ნიშნავს, რომ მამარდაშვილის ტალანტები ყველასთვის აშკარა ხდება. იგი ხშირად იყო ყველაზე შთამბეჭდავი მეკარე ესპანეთში, „მშრალად“ ინახავდა კარს, როდესაც საქართველო კვალიფიცირდებოდა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში, შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში მან 20 საგოლე დარტყმა მოიგერია, მათგან 11 – ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. საქართველომ სენსაცია მოახდინა და მერვედფინალში გავიდა პორტუგალიასთან მოგების შემდეგ და „ლივერპულმა“ შესაბამისი თანხა – 30 მილიონი ევრო გადაიხადა მასში, რათა გამოესყიდა. ახლა ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ იჯარით იმყოფება და ჩვენს რეიტინგში იგი ზუსტად „ლივერპულის“ ამჟამინდელი მეკარის, ალისონის (79-ე პოზიცია – რედ.) შემდეგაა, რომელსაც იგი, როგორც მოსალოდნელია, მომავალი სეზონიდან ჩაანაცვლებს კარებში „ენფილდზე“, – წერის The Guardian-ი.
გამოცემის რეიტინგში მამარდაშვილმა ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც არიან: ანდრეი ლუნინი, კოდი გაკპო, ედუარდო კამავინგა, მაიკ მენიო და სხვები.
The Guardian-ის 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 49-ე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ „მამარდას“ მოგერიებული საგოლე დარტყმები.
ამავე თემაზე: მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეკარე გახდა – გასაჯაროვდა 35-მილიონიანი კონტრაქტის პირობები
კომენტარები